
„შეაჩერე ექსტრადიცია, დაიცავი ადამიანი და ქვეყნის ღირსება!“ - ამ ლოზუნგით დღეს, თბილისში 20:00 საათზე, პარლამენტის წინ თურქეთისათვის მუსტაფა ემრე ჩაბუქის გადაცემის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.
„დღევანდელი ჩემი აქ ყოფნა მიმაჩნია აუცილებლად იმიტომ რომ მუსტაფა ჩაბუქი არის ისეთივე დამნაშავე, როგორიც ვარ მე და როგორიც ხართ თქვენ და თუ ჩვენ არ ვსხედვართ ციხეში, შესაბამისად, არც ის უნდა იჯდეს ციხეში.
ჩვენ ყველამ დავინახეთ, რაც ხდება ჩვენს სამეზობლოში, ათასობით ადამიანი არის ციხეში, ძალიან მოკლე რეკორდულ დროში მოახერხა ამ ადამიანმა რომ თავისი მოქალაქეების დიდი ნაწილი გამოემწყვდია ციხეში, ამიტომაც ეს ძალიან მიძლიერებს ეჭვს, რომ ჩაბუქი არის სრულიად უდანაშაულო, უბრალოდ არის კონკრეტული ტოტალიტარულად მოაზროვნე პოლიტიკოსის აკვიატების მსხვერპლი.
არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ გადასცეს უდანაშაულო ადამინი იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომლის ხელშიც ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება“, - ამბობს აქციის მონაწილე, პოეტი პაატა შამუგია
7 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები სამინისტროს გადაწყვეტილებას, არ მიანიჭოს მას ლტოლვილის სტატუსი, სასამართლოში გაასაჩივრებენ.
თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. სასამართლომ ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატებმა, დაკავებიდან რამდენიმე კვირაში ლტოლვილთა სამინისტროს ემრე ჩაბუქისთვისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.
საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა
„თურქეთის ციხეებში არასათანადოდ აღარ ეპყრობიან“ - სამინისტრო ჩაბუქისთვის სტატუსზე უარს ხსნის
ჩაბუქის ადვოკატები ლტოლვილის სტატუსის არმინიჭებაზე სამინისტროს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ