მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) ადვოკატის, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტის, გიორგი მახარაძის განცხადებით, ბახალას საქმეც დიდად არ განსხვავდება სხვა ე.წ. ჩადების საქმეებისგან. მისი თქმით, საქმეში არ არსებობს ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები, გარდა პოლიციელებისა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა.
„საქმეში არ არსებობს სხვა ნეიტრალური, ობიექტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გიორგი გიორგანაშვილის კავშირს მისგან „ამოღებულ“ ნივთიერებასთან. ვგულისხმობ ან ბიოლოგიურ, დაქტილოსკოპიურ, ან გენეტიკური კვლევის შედეგს, ამგვარი რამ საქმეში არ არსებობს, საქმე დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებაზე, თითქოსდა მისგან ამოიღეს განსაკუთრებულით დიდი ოდენობის ბუპრენორფინი", - აცხადებს მახარაძე.
ადვოკატის თქმით, გიორგანაშვილს ემუქრება 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა. ის დაკავების მომენტიდან არ აღიარებდა დანაშაულს, არაერთი შეთავაზების მიუხედავად, საპროცესო გარიგების გაფორმებაზე, ის მასზე უარს აცხადებს.
ადვოკატის თქმით, ხვალ ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. მას ამჟამად პატიმრობა აქვს შეფარდებული და ადვოკატები მოითხოვენ, პატიმრობა შეიცვალოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.
ადვოკატი ამბობს, რომ მას სთხოვდნენ თანამშრომლობას, სხვა საქმეასთან დაკავშირებით, ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით. „თანამშრომლობა გულისხმობდა ფაქტის დადასტურებას, რაც მან არ იცოდა. ამას ვერ იზამდა და ამის გამო დაისაჯა“.
დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბახალას გარესამყაროსთან კავშირის შეზღუდვაზეც გააამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, დაკავებიდან სანამ წინასასამართლო სხდომა გაიმართება, სანამ საქმე სასამართლოს გადაეცემა, მოქმედებდა პროკურორის შეზღუდვა, გარესამყაროსთან კომუნიკაციის თაობაზე, რომლის ვადა ავტომატურად იწურება, როგორც კი საქმე სასამართლოს გადაეცემა.
„წინასასამართლო სხდომის შემდეგ გირგი გიორგანაშვილს უკანონოდ აქვს შეზღუდული გარესამყაროსთან კომუნიკაცია, ამასთან დაკავშირებით მისმა მეორე ადვოკატმა, ნინო გელაშვილმა მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას, საიდანაც მივიღეთ პასუხის, რომ მას აქვს პროკურორის შეზღუდვა, რომელიც უკვე არაკანონიერია, იმიტომ რომ მის იურისდიქციაში აღარ არის გიორგი გიორგანაშვილი. და მიგვითითა, რომ შეგვეძლო ეს პასუხი გაგვესაჩივრებინა სასამართლოში. რასაც თავისთავად ცხადია, ძალიან დიდი დროს სჭირდება, თუმცა ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია რატომ არ ასრულებს სასჯელაღსრულების დაწესებულება კანონის მოთხოვნას და რატომ არ უზრუნველყოფს გიორგი გიორგანაშვილის კავშირს გარესამყაროსთან - სატელეფონო ზარის, ასევე, წერილისა და ხანმოკლე პაემნის უფლებას“, - ამბობს გიორგი მახარაძე.
ბახალას საქმეზე არსებითი განხილვა ხვალ, 14 ივლისს გაიმართება. დღეს კი მოქალაქეები დედაენის ბაღში მის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან.