„ბათუმში დაკავებული „თანასწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და მოძრაობის წევრი თორნიკე კუსიანი პოლიციის მხრიდან ჰომოფობიის ნიადაგზე ფიზიკურ ძალადობის და შეურაცხყოფის მსხვერპლნი არიან“,- ამ განცხადებას თეთრი ხმაურის მოძრაობა „ფეისბუქ“ გვერდზე აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტები და მხარდამჭერები იმყოფებიან ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან და პროცესის დაწყებას ელოდებიან.
„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ დაკავებულებს, საქართველოს პოლიციას კი მოვუწოდებთ შეწყვიტონ მოქალაქეების მიმართ თავგასული და სისტემური ძალადობრივი ქმედებები“.
„თანასწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და მოძრაობის წევრი თორნიკე კუსიანი დღეს, გამთენიისას ბათუმში დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით აქვთ წაყენებული.
„თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით, მათზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციის მიერ ჰომოფობიური ნიადაგზე. იურისტ ნინო ბოლქვაძის განმარტებით, მათ ამის შესახებ შსს-ს გენინსპექციას უკვე აცნობეს და მათგან სასწრაფო რეაგირება მოითხოვეს.