საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისში დემირელის სკოლის დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ნატა ასათიანის განცხადებით, სამინისტრო ყველა პირობას შექმნის, რომ მასწავლებლებისა და მოსწავლეების სხვა სკოლებში გადანაწილება „მაქსიმალურად უმტკივნეულოდ წარიმართოს“.
„დემირელის კოლეჯს ჰქონდა დარღვევები, თუმცა ამავდროულად ჰყავდა ძალიან კარგი მოსწავლეები და კომპეტენტური მასწავლებლები და ჩვენ ყველა პირობას შევქმნით რომ მათი სხვა სკოლებში გადანაწილების პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, რამდენიმე კერძო სკოლასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მათ უკვე გამოთქვეს მზობა რომ მიიღონ დემირელის კოლეჯიდან მოსწავლეები და მასწავლებლები. გადაწყვეტილების შესახებ უმოკლეს ვადაში გეცნობებათ“,- განაცხადა მან.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დემირელის სკოლამ რეავტორიზაცია ვერ გაიარა და დახურეს. გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ გუშინ მიიღო.
როგორც ცენტრში „ლიბერალს“ განუცხადეს, ავტორიზაციისთვის საჭირო სამივე სტანდარტი დარღვეული იყო, მათ შორის, გამოვლინდა უკანონო ქმედებები.
დემირელის სკოლამ რეავტორიზაცია ვერ გაიარა და დახურეს
როგორც ავტორიზაციის საბჭოს-ერთ-ერთმა წევრმა, რევაზ აფხაზავამ „ლიბერალს“ უთხრა, ავტორიზაციის ექსპერტების მიერ წარმოდგენილი დასკვნა მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავდა, თუმცა მისი თქმით, სკოლის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს არგუმენტირებულად განემარტათ ამგვარი დარღვევების მიზეზები.