Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შუახევის ჰესის გვირაბის ჩამონგრევის მიზეზებს სწავლობენ, მოსახლეობა დახმარებას მოითხოვს

04 სექტემბერი, 2017 15:57

„შუახევი ჰესის“ წყლის გადამცემი გვირაბის მცირე მონაკვეთია ჩამოშლილი, - ამის შესახებ „ლიბერალს“ ინვესტორ კომპანია „აჭარისწყალ ჯორჯიაში“ განუცხადეს.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამჟამად გვირაბიდან  წყლის გამოტუმბვა მიმდინარეობს, გვირაბის დასაშრობად, რის შემდეგაც მოხერხდება მისი დათვალიერება. მათი თქმით, ამჟამად წყალი უკან, წყალსაცავში იქაჩება და მოსახლეობა სწორედ ამ გამოჟონილ წყალს ხედავს.

კომპანიის განმარტებით, შემთხვევა „სხალთა-დიდაჭარის“ გადამცემი გვირაბის მონაკვეთზე მოხდა.

შეკითხვაზე, თუ რა რამ გამოიწვია გვირაბის თუნდაც მცირე მონაკვეთის ჩამოშლა, კომპანიაში აცხადებენ, რომ კონსულტანტებსა და ექსპერტებთან ერთად იკვლევენ დაზიანების მიზეზს.

მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით „ლიბერალი“ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, ავთანდილ დიასამიძეს ესაუბრა. მისი თქმით, გვირაბის ჩამონგრევის შემდეგ გეოლოგებმა საცხოვრებელი სახლები დაათვალიერეს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მოსახლის სახლში წყალმა, მართლაც, გამოჟონა და გეოლოგების დასკვნით, ეს ოჯახი მართლაც ექვემდებარება გასახლებას.

„თუმცა საუბარია კომპენსაციაზე, რაზეც შეთანხმება არ არის მიღწეული. იქ არიან სხვა ოჯახებიც, მაგრამ გეოლოგმა ერთ ოჯახზე დაწერა დასკვნა, რომ იქ იმ ოჯახის ცხოვრება არ შეიძლება...  მოსახლე არ სთანხმდება შეთავაზებულ თანხას. 25 ათასია დაწესებული და არ სთანხმდებიან. ასე რომ, საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის“, - ამბობს გამგებლის მოადგილე.

„შუახევი ჰესის“ გვირაბის ნაწილის ჩამონგრევასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, წყლით არის გაჯერებული სოფელ გორხანაულში მთის ის ფერდობი, რომლის ზედა ნაწილში „შუახევი ჰესისთვის“ წყლისგამტარი გვირაბი გადის. მათი თქმით, აღნიშნული გვირაბი 2 თვეა, სატესტო რეჟიმში მუშაობს და პერიოდულად წყლით ივსება.

ჰესის მშენებლობისა და მისი სხვადასსხვა სადერივაციო გვირაბის გამო, უკმაყოფილებას შუახევის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებიც გამოთქვამენ. მათი თქმით, გვირაბების  გასაყვანად ბურღვა-აფეთქებითმა სამუშაოებმა სახლები დაუბზარათ.

„ხალხი მოითხოვს უსაფრთხოებას. გარდა იმისა, რომ გვირაბიდან პრობლემები გვექმნება, აფეთქების შედეგად ტერიტორიებია დაბზარული. საფრთხე რეალურია. კომპანიასთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, რომ ხალხი გაიყვანონ უსაფრთხო ადგილას. ან იმის გარანტია მოგვცენ, რომ ამგვარი აფეთქებების შედეგად არაფერი მოგვივა. [თუ საფრთხე არ გვემუქრება] მაშინ წყალი არ უნდა დამშრალიყო, ქვათაცვენა და მეწყრული პროცესები არ უნდა გახშირებულიყო“, - აცხადებს აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას სოფელ მახალაკიძეების მკვიდრი.

„25-ჯერ გვქონდა გზა გადაკეტილი და მაინც აქამდე მივედით. პროტესტიც იქნება და ბავშვებს სკოლაში არ გავუშვებთ. ჩვენ ხელისუფლებას არ ვემსახურებით და არ არის ჩვენი ხელისუფლება. რა გავაკეთოთ, სხვა გზას ვერ ვხედავთ“, - ამბობს აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას სოფელ ყინჩაურის მკვირდი (სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში, მდინარე სხალთის ნაპირზე).

შუახევის ჰესის მშენებლობასა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩივილზე „ლიბერალმა“ მასალა შარშან, ოქტომბერში მოამზადა. სოფელ მახალაკიძეების მცხოვრებლები აღნიშნავდნენ, რომ გვირაბის გასაყვანად ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების  შედეგად სახლები დაებზარათ. მთიდან ჩამოცვენილმა ლოდებმა კი სხვადასხვა ნაგებობა დაუზიანა. მოსახლეობა მოითხოვდა კლდეში დარჩენილი ლოდების გამაგრებას. მათი თქმით, ყოველი აფეთქების შემდეგ პოტენციური საფრთხე ჩნდება, რომ ლოდების დარჩენილი ნაწილი ჩამოიშალოს, სახლები დააზიანოს და ადამიანები მოიყოლოს.

მახალაკიძეების მცხოვრებნი მოითხოვენ გარემოს სიღრმისეულ შესწავლას და თუ სოფელში ცხოვრება სახიფათო აღმოჩნდება, ადეკვატური ანაზღაურებით უზრუნველყონ და არა მხოლოდ 25 ათასი ლარით, რითაც, მათი თქმით, ვერსად ვერანაირი სახლის შეძენას ვერ შეძლებ.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ არ ეთანხმება სოფლის მოსახლეობის ბრალდებას, რომ წყლის დაშრობა და სახლებზე ბზარები სამშენებლო საქმიანობის შედეგია.

მათი თქმით,  ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აფეთქებების მუხტის სიმძლავრე მკაცრად კონტროლდებოდა და ყოველთვის დაშვებულ ზღვარზე დაბალი იყო.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ სახლები ისტორიულად დამეწყრილ ტერიტორიაზე დგას, რაც იწვევს სახლების დეფორმაციასა და ბზარების გაჩენას. მათი თქმით, ამ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს კომპანიის საქმიანობასთან.

► შუახევის ჰესი და სოფელი მეწყერსაშიშ ზონაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^