Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

► შუახევის ჰესი და სოფელი მეწყერსაშიშ ზონაში

21 ოქტომბერი 2016

შუახევი, სოფელი მახალაკიძეები. შუახევის ჰესის პროექტის ფარგლებში სოფელში მდ. ჩირუხისწყალზე გვირაბი გაჰყავთ.

სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ პროექტით გათვალისწინებულ გვირაბს მიმართულება შეუცვალეს და ახლა ის მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების გასწვრივ, მეწყერსაშიში ქედის შიგნით გადის.

მათი თქმით, რაც გვირაბის გაყვანის სამუშაოები დაიწყო, სოფელში სასმელი წყალი დაშრა. მოსახლეობა ამბობს, რომ  იმ შემთხვევაში, თუ სოფელში წყალი დაშრებოდა, მემორანდუმით კომპანია პასუხისმგებლობას იღებდა, რომ 6 თვის განმავლობაში წყალს გაიყვანდნენ. თუმცა, მათი თქმით, ახლა ადგილობრივი ხელისუფლება და კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემა პროექტს არ უკავშირდება.  

მოსახლეობა ამბობს, რომ გვირაბის გასაყვანად ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების  შედეგად სახლები დაებზარათ. მთიდან ჩამოცვენილმა ლოდებმა კი სხვადასხვა ნაგებობა დაუზიანა. მოსახლეობა დღემდე ითხოვს კლდეში დარჩენილი ლოდების გამაგრებას. მათი თქმით, ყოველი აფეთქების შემდეგ პოტენციური საფრთხე ჩნდება, რომ ლოდების დარჩენილი ნაწილი ჩამოიშალოს, სახლები დააზიანოს და ადამიანი მოიყოლოს.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ერთ-ერთი ლოდი ტროსებით ხეს მიამაგრა.

მახალაკიძეების მცხოვრებნი ითხოვენ, მოხდეს გარემოს სიღრმისეული შესწავლა და თუ სოფელში ცხოვრება სახიფათოა, ისინი ადეკვატური ანაზღაურებით უზრუნველყონ და არა მხოლოდ 25 ათასი ლარით, რითაც მათი თქმით, ვერანაირი სახლის შეძენას ვერსად შეძლებ.

მემორანდუმით გათვალისწინებული პირობები:

აჭარის მთავრობას, ინვესტორ კომპანია - „აჭარისწყალ ჯორჯიასა“ და სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობას შორის გაფორმებულ მემორანდუმში წერია, რომ :

„სოფელ მახალაკიძეებში წყლის რესურსის არსებითი შემცირების ან გაქრობის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია სადერივაციო გვირაბის მშენებლობით, კომპანიამ უნდა მოახდინოს გვირაბის მშენებლობის გამოსწორება და წყლის დანაკარგის შერბილება. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულის გამოსწორება შეუძლებელი ან წარუმატებელია, კომპანია უზრუნველყოფს - ალტერნატიული წყლის მოყვანას, რათა ჩაანაცვლოს წყლის დანაკარგი. დროებითი წყლის მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება იმ დრომდე, სანამ მუდმივი წყლის მიწოდება არ იქნება აღდგენილი. თუ ასეთი აღდგენა შეუძლებელია, კომპანია, როგორც უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, განასახლებს დაზარალებულ ოჯახებს წყლის დაკარგვის ფაქტის დაფიქსირებიდან 6 თვის ვადაში და ასეთი განსახლება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციების სტანდარტებს“.

ნაგებობების დაზიანების შემთხვევაში:

„კომპანიამ უნდა გამოასწოროს ნაგებობების მიმართ მიყენებული ზიანი მათი შეკეთებით ან რეკონსტრუქციის გზით... ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგა მიწის ნაკვეთს და პირდაპირ გამოწვეულია გვირაბის გაყვანის სამუშაოებით, უნდა იქნას გამოსწორებული სამშენებლო სამუშაოებით ან დაწესდეს კომპენსაცია, თუ გვირაბის სამუშაოები  ნაყოფიერების შემცირებას გამოიწვევს. თუ ზემოთ აღნიშნულის გამოსწორება შეუძლებელი ან წარუმატებელია, კომპანია, როგორც უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, განასახლებს დაზარალებულ ოჯახებს და ასეთი განსახლება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო კორპორაციების სტანდარტებს“.

„ლიბერალმა“ მოიპოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის მაშინდელი უფროსის ტარიელ ტუსკიას მოხსენებითი ბარათი, რომელიც „აჭარისწყალ ჯორჯიას“ მიერ წარდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს ეხებოდა.

ტარიელ ტუსკია მდ. ჩირუხისწყალზე სადერივაციო გვირაბთან დაკავშირებით წერდა, რომ გზშ-ის მიხედვით არანაირი კვლევა არ ჩატარებულა.

ტარიელ ტუსკია იმასაც წერდა, რომ 1989 წლის აპრილში დაგეგმილი მშენებლობის მიმდებარედ  განვითარდა მეწყრული პროცესი, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, დაიღუპა 24 ადამიანი. დამბის და წყალსაცავის მშენებლობა კიდევ უფრო გააუარესებს იქ არსებულ გეოლოგიურ გარემოს და გლობალური მასშტაბის კატაკლიზმების გამომწვევად იქცევა.

ტუსკიას მოხსენებითი ბარათის მიხედვით, უბნები, სადაც კაშხლებისა და გვირაბების მშენებლობა იყო დაგეგმილი, წარმოადგენს მეწყრული პროცესების ზონას, რაც შემდგომში გეოლოგიური პროცესების გააქტიურებას გამოიწვევს, რაც საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მცხოვრებლებს და ბუნებრივ გარემოს; შეიცვლება აჭარისთვის დამახასიათებელი კლიმატი, მდინარეების ჩირუხისწყალის, სხალთის და აჭარისწყლის თავმოყრა გვირაბების საშულებით დაარღვევს სამივე ხეობის ჰიდროგეოლოგიურ პირობებს, უფრო მეტიც, შესაძლებელია მთლიანად გაქრეს როგორც მტკნარი, ასევე ბალნეოლოგიური თვისებების მქონე უნიკალური წყაროები.

ტარიელ ტუსკიას მოხსენებითი ბარათი ჰესის გზშ-ზე 2013 წლით თარიღდება. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული მოხსენებითი ბარათის დაწერის შემდეგ ტარიელ ტუსკიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

შუახევის ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ საკუთარი მოსაზრებები ასევე წარმოდგენილი აქვს არასამათავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“. მათი თქმით, გზშ-ის ანგარიშში რიგი საკითხები ბოლომდე სათანადოდ შესწავლილი არაა.

„კომპანიას არ აქვს დასრულებული მთელი რიგი სამუშაოები, როგორებიცაა: გზებისა და ხიდების მშენებლობა, გეოლოგიური რისკების შეფასება, მშენებლობის შემთხვევაში ტყის ჭრის საკითხები, ბუნებიდან „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების საკითხები, ბოტანიკური კვლევები, ძუძუმწოვრებთან დაკავშირებული კვლევები და შემარბილებელი ღონისძიებები, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროგრამა“, - აცხადებდა ორგანიზაცია.

„მწვანე ალტერნატივა“ ამბობდა, გზშ-ის ანგარიშიდან არ ჩანს, მოგვარებულია თუ არა პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები (იძულებითი გადასახლება, ქონების სრულფასოვანი კომპენსაცია, კერძო თევზმეურნეობების მფლობელთა ინტერესების დაცვა). გაუგებარია, იღებს თუ არა ინვესტორი კომპანია პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ზეგავლენის არეალში განვითარდება უარყოფითი გეოლოგიური პროცესები.

რას ამბობენ კომპანიაში?

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ არ ეთანხმება სოფლის მოსახლეობის ბრალდებას, რომ წყლის დაშრობა და სახლებზე ბზარები სამშენებლო საქმიანობის შედეგია.  

„2014 წლიდან კომპანია აწარმოებს წყაროს წყლების მონიტორინგს, მათ შორის არის სოფელი მახალაკიძეები. მონიტორინგის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ წყაროების დებეტი სეზონურად ცვალებადია (შემოდგომასა და გაზაფხულზე). ნალექიან ამინდებში ფიქსირდება წყლის დებეტის აღდგენა. შესაბამისად, კომპანიის საქმიანობასა და წყლის დებეტის შემცირებას შორის კავშირი არ დგინდება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის თხოვნით, კომპანიამ დროებითი ალტერნატიული წყლით უზრუნველყო რამდენიმე ოჯახი და დაიწყო წყლის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდება“, - გვიპასუხეს კომპანიაში.

რაც შეეხება სახლებზე ბზარებს, მათი თქმით,  ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აფეთქებების მუხტის სიმძლავრე მკაცრად კონტროლდებოდა და ყოველთვის დაშვებულ ზღვარზე დაბალი იყო.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ სახლები ისტორიულად მეწყერის ტერიტორიაზე დგას, რაც იწვევს სახლების დეფორმაციასა და ბზარების გაჩენას. მათი თქმით, ამ პროცესს არანაირი კავშირში არ აქვს კომპანიის საქმიანობასთან.

რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, კომპანიაში ამბობენ, რომ კვლევები მოიცავს, როგორც მთლიანად რეგიონის გეოლოგიას, ასევე დეტალურად სამშენებლო არეალს.

კომპანიაში ამბობენ იმასაც, რომ მშენებლობის დაწყებამდე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით შემუშავდა პროექტის დიზაინი იმგვარად, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული მოსახლეობაზე ზემოქმედება.

კომპანიაში უარყოფენ იმასაც, რომ სარედივაციო გვირაბს მიმართულება შეუცვალეს.  მათი თქმით, ჩირუხისწყალი-სხალთის გვირაბი არ გადის მახალაკიძეების სოფლის ქვემოთ, გვირაბი იწყება სოფლის სიახლოვეს და სხვა ტრაექტორიით გრძელდება. 

შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ აჭარაში ჰესების კასკადის პროექტს ახორციელებს. სქემა მოიცავს კაშხლებსა და დამბებს, წყალსაცავებს, მიმყვან გვირაბებს, ელექტროსადგურს და მისასვლელ გზებს. კასკადის ორი საფეხური არის შუახევი ჰესი (დადგმული სიმძლავრით 185 მვტ) და კორომხეთი ჰესი (დადგმული სიმძლავრით 150 მვტ), რომელთა წლიური საშუალო ელექტროგამომუშავება 930 გვტ. (465 გვტ. თითოეული სქემისთვის) იქნება. გამომუშავებული ელექტროენერგია, ძირითადად, თურქეთის ბაზარზე გაიყიდება და ზამთარში (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) ქართულ ენერგეტიკულ სისტემას მოამარაგებს.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზვიად დიასამიძე ამბობს, რომ სოფელ მახალაკიძეებში მეწყრული და ქვათაცვენის პროცესები სიახლე არაა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში და ასევე 2011-2012 წლებში ამ ტერიტორიიდან მოსახლეობა გაიყვანეს.

შეკითხვაზე - თუ სოფელი მახალაკიძეები მეწყერსაშიშ ზონაშია, იქმნება თუ არა დამატებითი საფრთხე სოფელთან ახლოს გვირაბის მშენებლობით? - გამგებლის მოადგილე ისევ პასუხობს, რომ აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში მეწყერსაშიში იყო.

როგორც გამგებლის მოადგილე ამბობს, ამ ეტაპისთვის, ქვათაცვენისა და მეწყერსაშიშ ზოლში 36 ოჯახი იმყოფება.

„ამ 36 ოჯახს მუნიციპალიტეტმა წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა. ვთხოვეთ, რომ თითოეული მათგანი დარეგისტირებულიყო აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამაში“, რომელიც ანაზღაურების სახით 25 000 ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. პირველ  რიგში, ბენეფიციარს უნდა მიენიჭოს სარეიტინგო ქულა. ამ პროგრამით სარგებლობის განმსაზღვრელი იქნება ის ფაქტორი, თუ რამდენად რისკის ქვეშ იქნება ეს ოჯახი“, - ამბობს  გამგებლის მოადგილე.

ზვიად დიასამიძის ინფორმაციით, ამ პროგრამით მახალაკიძეებიდან ერთმა ოჯახმა უკვე ისარგებლა, ხოლო მთლიანად შუახევის მუნიციპალიტეტიდან კი - 56 ადამიანმა.

რაც შეეხება კითხვას - რამდენად ადეკვატური ანაზღაურებაა 25 ათასი? - გამგებლის მოადგილე პასუხობს, რომ „25 ათასი შესაძლოა ვიღაცისთვის საკმარისი არ იყოს, მაგრამ თუ 56 ოჯახმა შეძლო რომ საცხოვრებელი მოეძენა, ე.ი. არსებობს საშუალება, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ინტერვიუ დიეტერ იანეჩეკთან

დიეტერ იანეჩეკი გერმანული მწვანეთა პარტიის და  2013 წლიდან,  გერმანიის  ბუნდესტაგის წევრია. თბილისს მწვან ...
04 ნოემბერი
04 ნოემბერი

ტექნოგენური თაობის დასასრული - აქცია რუს ...

 3 ნომებერს რუსთავის მთავარ მოედანზე, მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რიგითი რუსთაველ ...
29 ოქტომბერი
29 ოქტომბერი

გირჩის ლიდერების და "შმაქსის" აქტივისტე ...

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობი ...

მეტი

^