„ჩვენი პარტია გამოდის იდეით, ავაშენოთ სახელმწიფო, რომელიც აგებულია სოლიდარობაზე, თანასწორობასა და ადამიანის თავისუფლებაზე“ - „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პროპორციული სიის მე-5 ნომრად დღეს ლაშა ომარაშვილი წარადგინა. 2002 წლიდან 2008 წლამდე იგი ათონის მთაზე ბერად იყო აღკვეცილი და ორ მონასტერში საქმიანობდა.
„ლიბერალი“ ომარაშვილს ესაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა ბერ-მონაზვნური ცხოვრების დატოვება და როგორ აღმოჩნდა „რეპუბლიკური პარტიის“ რიგებში?
„2008 წლის ბოლო გადავწყვიტე, წამოვსულიყავი და საერთოდ თავი დამენებებინა მონაზვნური მოღვაწეობისთვის. ამას ჰქონდა გარკვეული მიზეზები - იმედგაცრუება საერთოდ ორთოდოქსული ქრისტიანობის მიმართ, ჩემი გაუცხოება რელიგიის მიმართ“ - ამბობს ომარაშვილი.
მისი თქმით, მას შემდეგ 5 წლის განმავლობაში უცხოეთში საქმიანობდა, საქართველოში კი 2013 წელს დაბრუნდა, სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ფილოსოფიის მიმართლებით გააგრძელა სწავლა.
2013 წელს „რესპუბლიკური პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გახდა, 2016 წელს კი - უშუალოდ პარტიის წევრი.
შეკითხვაზე - რატომ გადაწყვიტა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრობა და რატომ უნდა დაუჭიროს მას ამომრჩეველმა მხარი? ოამარაშვილი პასუხობს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ განსხვავებული ხედვით მოდის და ამბობს, რომ უნდა აშენდეს სეკულარული სახელმწიფო, რომელიც სოლიდარული იქნება ყველა ჯგუფის მიმართ.
„შეიძლება ითქვას, რომ საქართველო თანამედროვე სახელმწიფოდ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყალიბდება. საქართველოს ჰქონდა მძიმე გამოცდილება - ტოტალიტარული და პოსტტოტალიტარული. ამას ემატებოდა მისი კოლონიალური ისტორია 200 წლის განმავლობაში. ყველაფერმა ამან ერთობლიობაში შექმნა მდგომაროება, რომ საქართველოში არ არსებობს აღქმა პიროვნებისა, როგორც ცალკე ინდივიდისა. ბოლო 25 წლის განმავლობაში არ არის დაცული სახელმწიფოს მთავარი პრინციპი - დაიცვას თანასწორუფლებიანობა და თანაბარი წვდომა საერთო საზოგადო სიკეთეებისადმი. ფაქტობრივად, ეს არც არასდროს ყოფილა საქართველოში დაცული.
ჩვენი პარტია არის განსხვავებული. მან დაიწყო ამაზე საუბარი. თუ გვინდა ჩამოვაცილოთ ქართული საზოგადოება ამ პოსტტოტალიტარულ სამყაროს, პირველი ნაბიჯი არის ის, რომ დავიწყოთ სამოქალაქო სახელმწიფოს მშენებლობა. მკაფიო სეკულარული სახელმწიფოს მშენებლობა. მეორე, ეს არის ბრძოლა თანასწორობისთვის. მესამე - ბრძოლა, სოლიდარობისთვის, როცა სახელმწიფო სოლიდარულია ყველას მიმართ, როგორც ცალკეული ადამიანის, ასევე ცალკეული ჯგუფის მიმართ.
სახელმწიფო შედგება პიროვნებებისგან, ინდივიდებისგან. ეს არის უმთავრესი მიზეზი, რითაც ჩვენი პარტია გამოდის, იდეით, რომ შევძლოთ, ავაშენოთ თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, რომელიც სამ ძირითად პრინციპზეა აგებული - სოლიდარობაზე, თანასწორობასა და ადამიანის თავისუფლებაზე“ - ამბობს ომარაშვილი.
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის ხუთეული დაასახელა