აუცილებლად დაისჯება ყველა პირი, ვინც შეგნებულად ან შეცდომით დაუშვა ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლეების „ქართული ოცნების" დროშებით გადაღებული ფოტოს შესახებ საუბრისას.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან ან გამიზნულ მოქმედებასთან. ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა გუშინწინ, როდესაც ეს ინფორმაცია მივიღეთ. ძალიან პრინციპული საკითხია და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი ან თუნდაც წესებიდან გადაცდომა. საინტერესო ის არის, რომ მიგვითითებს და რჩევებს გვაძლევს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც სკოლის პოლიტიზების პრაქტიკა შექმნა. მათ ამ თემაზე სალაპარაკო ნამდვილად არ აქვთ. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ სკოლები სრულიად თავისუფალია პოლიტიკური პროცესისგან და მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
ჯეჯელავას თქმით, განათლების სამინისტროს მიერ ამ საკითხზე მოკვლევა დაწყებულია და მისი შედეგები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.
მინისტრი შუახევის სკოლის მასწავლებლის და დირექციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს,- პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს გაფრთხილება, საყვედური და უკიდურეს შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლება.
მარიამ ჯაში: არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს უფლება, სკოლაში პოლიტიკა შეიტანოს
კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ ამბობს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება დაუშვებელია.
მუხლი 3. ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნები
სახელმწიფო უზრუნველყოფს: გ) საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან, ხოლო კერძო სკოლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური გაერთიანებებისაგან;
მუხლი 13. ნეიტრალურობა და არადისკრიმინაციულობა
1. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება.