The Guardian-ის ინფორმაციით, შვედეთის აკადემია ნობელის პრემიის ლაურეატს ლიტერატურის დარგში ხვალ, 5 ოქტომბერს, გამოავლენს
მსოფლიოს მასშტაბით ლიტერატურათმცოდნეებისა და ნობელიანტების მიერ წარდგენილი 350-მდე კანდიდატიდან, გამარჯვებულმა აკადემიის წევრების ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს. ალფრედ ნობელის პრემიის გამარჯვებულს 9 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 2 738 870 ლარი) გადაეცემა. 1901 წლიდან ჯილდო მიიღო 113 მწერალმა, რომელთაგან 14 ქალი იყო. 28 ნაწარმოები ინგლისურ ენაზე იყო დაწერილი, 77 პროზაული ტექსტი იყო.
წელს ტოტალიზატორების Ladbrokes-ის კოეფიციენტების მიხედვით გამარჯვებას, ნგუგი ვა თჰიონგო, ჰარუკი მურაკამისა და მარგარეტ ეტვუდს უწინასწარმეტყველებენ.
„უნიბეთი“ მომხმარებელს პრეტენდენტთა დიდ არჩევანს სთავაზობს - ჯორჯ მარტინით დაწყებული, დონალდ ტრამპით დასრულებული, თუმცა კოეფიციენტების მიხედვით ყველაზე მეტად ჰარუკი მურაკამის, ნგუგი ვა თჰიონგო, ამოს ოზის ან მარგარეტ ეტვუდის გამარჯვებას ვარაუდობენ.
ჰარუკი მურაკამი გასული წლის სიებშიც ლიდერობდა, თუმცა „ამერიკული სიმღერის ტრადიციაში ახალი პოეტური გამოხატვის შექმნისთვის“ პრიზი გადაეცა ბობ დილანს, რომელმაც პრემია თვეების დაგვიანებით მიიღო. მურაკამისთან ერთად ხშირად განიხილებოდა ნგუგი ვა თჰიონგო გამარჯვებაც, ის წელსაც სიის სათავეშია - ნობელის პრემია შავკანიანმა მწერალმა (ტონი მორისონი) ბოლოს 1993 წელს მიიღო.
პრეტენდეტთა მოკლე სიის გაცნობა დაჯილდოებიდან 50 წლის შემდეგ არის შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ წლევანდელ კანდიდატთა ვინაობას 2067 წელს შევიტყობთ.