კომპანია RMG თეთრიწყაროს რაიონში ახალ პოლიმეტალურ საბადოზე გეგმავს სამუშაოების დაწყებას.
მათი ინფორმაციით, თეთრიწყაროს პროექტის დამუშავება 2012 წელს დაიწყეს. ამ დროისათვის 9 500 000 ლარის გეოლოგიურ საძიებო სამუშაოებია შესრულებული. ხოლო საბადოს ოპერირებისათვის კომპანია დამატებით 30 000 000 ლარის ინვესტიციას გეგმავს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში დამატებით კომპანია RMG დაასაქმებს დაახლოებით 500 ადამიანს, ძირითადად, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთ.
ამ პროექტზე კომპანიას დამტკიცებული აქვს ათვისების 5-წლიანი გეგმა, რომლის თანახმადაც, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შევა 5 160 323 ლარი, ხოლო რეგულირების საფასურის სახით - 2 622 680. მათი თქმით, აღნიშნული გათვლა ამ დროისთვის მინიმალურია, რადგან საბადოს განვითარებასთან და დამატებითი შესწავლის შემდგომ მოსაკრებლებისა და რეგულირების ოდენობა შესაძლებელია გაიზარდოს.
„ჯერ კიდევ 2016 წელს, შპს „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით, თეთრიწყაროს რაიონში „ბნელიხევის“ საბადოს ჩრდილო-აღმოსავლეთ უბანზე აწარმოა დეტალური საძიებო სამუშაოები, მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ამ საბადოზე დამტკიცდა მარაგები. 2017 წლის პირველ ნახევარში 65 ჰა ფართობზე არქეოლოგიური კვლევაც განხორციელდა. არქოლოგიური კვლევა დამატებით ჩატარდა სამრეწველო მოედანთან დამაკავშირებელ (მისასვლელ) 4 900-მეტრიან გზის მონაკვეთზე. კომპანიის ინფორმაციით, არსებობს შესაბამისი უწყების დადებითი დასკვნა, რომ ასეულობით საცდელ-საძიებო თხრილებიდან არც ერთში არ დასტურდება არქეოლოგიური ობიექტის ან კულტურული ფენის არსებობა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც RMG-ის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ აღნიშნა, კომპანია პერიოდულად პროექტის მიმდინარეობის შესახებ გეგმავს ფართო სპექტრის საინფორმაციო კამპანიას.
კომპანიის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს გარემოსდაცვით და სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილსაც, რაც 500-მდე ადამიანის დასაქმებასა და რაიონში ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (ფიტარეთის მონასტერსა და ხულუტის ციხეზე) პატრონაჟს.
„ახლა უკვე გვაქვს ყველა შესაბამისი ნებართვა და პროექტის ფარგლებში ვიწყებთ სატყეო სამუშაოებს... კომპანია პერიოდულად პროექტის მიმდინარეობის შესახებ გეგმავს ფართო სპექტრის საინფორმაციო კამპანიას.მათ შორის არის ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების თემაც. ამ საკითხზე უკვე დავიწყეთ მუშაობა. გავაფორმეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, მუნიციპალიტეტსა და ეპარქიებთან მემორანდუმი უშუალოდ ფიტარეთის მონასტერთან მისასვლელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ამ დროისათვის ეს სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია”, - განაცხადა ჯონი შუბითიძემ.
აგვისტოში, „საყდრისის კომიტეტმა“ ფიტარეთისა სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტრიტორიის ფოტოები გაავრცელა, სადაც მათი თქმით, ასახულია, თუ როგორ აზიანებს სამონასტრო კომპლექსს RMG Gold-ის ტექნიკა.
RMG Gold-ის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მონასტრის მომსახურე პირებმა კომპანიას ტექნიკური დახმარების თხოვნით მიმართეს და RMG-მ მათ მხოლოდ ტექნიკა ათხოვა.
კულტურული მემკვიდრეობიოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში კი აცხადებდნენ, რომ აღნიშნული სამუშაოები შეთანხმებული არ იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. მათი თქმით, ეს სამუშაოები ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით ხორციელდებოდა.
ძეგლთა დაცვა: ფიტარეთში სასულიერო პირებმა სამუშაოები ჩვენთან შეუთანმხებლად დაიწყეს