„ქრონიკა +“-ის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე სასამართლომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალში უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაჩენი 20 სექტემბერს გამოაცხადა. გუშინ კი დაცვის მხარეს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ჩაბარდა. „ლიბერალი“ ვრცლად გთავაზობთ სასამართლოს ყველა იმ არგუმენტს, რის საფუძველზეც ხარშილაძე გამართლდა.
სასამართლოს სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია:
- „სასამართლო გაოცებას ვერ მალავს, რატომ არ მოხდა საგამოძიებო ჯგუფში მყოფი ყველა იმ პირის გამოკითხვა გამოძიების ეტაპზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაკავების ადგილზე და მათი თვალთახედვის არეში ვითარდებოდა პროცესები“.
- „რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სწორედ დაცვის მხარემ გამოავლინა საგამოძიებო ჯგუფში იმაზე მეტი პოლიციელის ჩათულობა, ვიდრე ეს საქმის მასალებით იკვეთებოდა. ბრალდების მხარემ დამაჯერებლად ვერ ახსნა, თუ რატომ მალავდა საგულდაგულოდ გამოძიება იმ პოლიციელებს, რომლებიც არცთუ მწირ ინფორმაციას ფლობდნენ ჩატარებულ ოპერატიულ ღონისძიებასთან დაკავშირებით".
- „სამართალდამცავები გაურკვეველი მიზეზით ჩხრეკენ არც ბრალდებულის ავტომანქანას, რომლითაც იგი გადაადგილდებოდა დაკავებამდე და არც მის საცხოვრებელ ბინას".
- „თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მაშინ, როდესაც საგამოძიებო ორგანოს ერთი კონკრეტული სამმართველოს მთელი განყოფილება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიდის ღონისძიების განსახორციელებლად, ისმის კითხვა, რატომ არ ახდენს აღნიშნული ღონისძიების ვიდო გადაღებას, ასევე არ ასწრებს საგამოძიებო მოქმედებაზე გარეშე პირს, რომელიც დაკავების ადგილზევე აპროტესტებს პოლიციელების „საეჭვო ქმედებებს“ და მკაფიოდ აფიქსირებს, რომ დაკავებულს ნარკოტიკი „ჩაუდეს“.
- „არ იქნა მოძიებული არანაირი ინფორმაცია შემთხვევის ადგილის მიმდებარე პერიმეტრზე შესაძლო ვიდეოკამერებისა და ჩანაწერების არსებობის თაობაზე, რათა ყოველგვარი ეჭვის გამომწვევი გარემოები გამორიცხულიყო და გაბათილებულიყო;
- „საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გამოძიებამ არ დანიშნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა წონაკებზე თითის ანაბეჭდების აღმოჩენის მიზნით, რაც ასევე გამოძიების არასრულყოფილებაზე მიანიშნებს“.
სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს შეგიძლიათ გაეცნოთ უფრო ვრცლად:
დავით ხარშილაძეს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით (0.1626 გრამი) ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შეძენა-შენახვა. ის პოლიციელებმა 2017 წლის 13 მარტს დააკავეს და ბრალდების მხარის მტკიცებით, პირადი ჩხრეკის შედეგად აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. დავით ხარშილაძე წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობდა და აღნიშნავდა, რომ მას პოლიციელებმა ნარკოტიკი ჩაუდეს. ის დაკავებას პირდაპირ უკავშირებს ჟურნალისტურ საქმიანობას. ხარშილაძის განმარტებით, იგი არის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება „ქრონიკა +-ის" დამფუძნებლის ელისო კილაძის შვილი, თავადაც ამ მედიასაშუალებაში მუშაობს.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი იყო შემდეგი სახის მტკიცებულებები: მოწმე პოლიციელების ჩვენებები (შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები), პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობით, სასამართლოზე დაიკითხნენ ამავე სამმართველოს თანამშრომლები - ზაზა ჯახველაძე, მიხეილ ჩივიაშვილი, არჩილ ოქრუაშვილი და ალექსი კობერიძე. მათი განმარტებით, ისინი მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში, თუმცაღა იცავდნენ პერიმეტრს და უშუალოდ დავით ხარჩილაძის ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათ არ დაუნახავთ დავით ხარშილაძისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი, მაგრამ მოგვიანებით კოლეგებისგან შეიტყვეს, რომ დავით ხარშილაძე დააკავეს სსკ-ის 260-ე მუხლით.
სასამართლოს აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებულის დაკავების თვითმხილველი მოწმე შორენა ლალიაშვილი. მოწმის ჩვენებით, იგი დაჟინებით მოითხოვდა დასწრებოდა საგამოძიებო მოქმედებებს, რისი უფლებაც პოლიცამ მას არ მისცა. მოწმის განმარტებით, დავით ხარშილაძის ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილეობდა 10-მდე პოლიციელი და ეს ყველაფერი ხდებოდა მოქალაქეების თვალთახედვის არეში.
„მოწმის ჩვენებით, იგი დაკავებულთან 4-5 მეტრის დაშორებით იდგა. პოლიციელებს არანაირი დოკუმენტი პირის დაკავებისა და ჩხრეკის შესახებ არ შეუდგენიათ, არც ერთი პოლიციელი პერიმეტრს არ იცავდა. ყველა მათგანი მონაწილეობდა დ. ხარშილაძის ჩხრეკასა და დაკავებაში. მოწმე შორენა ლალიაშვილმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვის პროცესში გამოიყენა ფოტოსურათი, რომელზედაც მკაფიოდ იყო აღბეჭდილი, რომ 10-მდე პოლიციელს დაკავებული დ. ხარშილაძე რკალში ჰყავდათ მომწყვდეული და აშკარად ჩანდა, აღნიშნული არ ემსახურებოდა პერიმეტრის დაცვის მიზანს. ფოტოსურათზე ასევე ნათლად ჩანს, რომ პოლიციელები ისე მჭიდროდ არიან განლაგებული დ. ხარშილაძესთან, რომ ობიექტურად თითოეული მათგანის თვალთახედვის არეში ხდებოდა პროცესები, ჩხრეკა-ამოღება, რასაც ე.წ. პერიმეტრზე განლაგებული პირები კატეგორიულად უარყოფენ, რაც, რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს მათი ჩვენების სანდოობაში“, - ნათქვამია სასამართლოს სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა, ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულის მიერ გაჟღერებული არგუმენტების გასაბათილებლად გამოძიების ეტაპზევე ჩაეტარებინათ გარკვეული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, მოეპოვებინათ დამატებითი მტკიცებულებები - ვიდეოჩანაწერები, დაეკითხათ ნეიტრალური მოწმეები, შემოიფარგლნენ მხოლოდ იმ სამი მოწმის დაკითხვით, რომლებსაც ხარშილაძე ამხელს ნარკოტიკების ჩადებაში. „რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სწორედ დაცვის მხარემ გამოავლინა საგამოძიებო ჯგუფში იმაზე მეტი პოლიციელის ჩათულობა, ვიდრე ეს საქმის მასალებით იკვეთებოდა. ბრალდების მხარემ დამაჯერებლად ვერ ახსნა, თუ რატომ მალავდა საგულდაგულოდ გამოძიება იმ პოლიციელებს, რომლებსაც არცთუ მწირ ინფორმაციას ფლობდნენ ჩატარებულ ოპერატიულ ღონისძიებასთან დაკავშირებით".
სასამართლო ასევე წერს, რომ ბრალდების მხარემ ასევე ვერ ახსნა, რითი იყო განპირობებული ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის (ედავებიან მხოლოდ შეძენა-შენახვას და არა გასაღებას) გამოვლენისთვის უპრეცედენტო რაოდენობის პოლიციელთა მობილიზება დაკავების ადგილზე. მოწმე ზაქარია ვასაძის ჩვენებით, დაკავების ადგილზე იმყოფებოდა მთლიანი განყოფილება. სასამართლო გაოცებას ვერ მალავს, რატომ არ გამოიკითხა საგამოძიებო ჯგუფში მყოფი ყველა ის პირი გამოძიების ეტაპზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაკავების ადგილზე და მათი თვალთახედვის არეში ვითარდებოდა პროცესები.
მოწმე პოლიციელების - ზაქარია ვასაძის, ზაზა ჯახველაძის ჩვენებებით, ისევე როგორც ბრალდებულისა და მოწმე შორენა ლალიაშვილის ჩვენებებით, სასამართლო ადგენს, რომ ხარშილაძის დაკავების ადგილზე იმყოფებოდნენ მოქალაქეები და მათი თვალთახედვის არეში ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა გამოძიებამ ეს ნეიტრალური პირები არ დაკითხა პოლიციელთა ჩვენებების გასამყარებლად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოების არაკომპეტენტურობაზე ან/და ბრალდებულის მიმართ პირადი დაინტერესების თაობაზე ეჭვს აჩენს ასევე გამოძიების ეტაპზე განხორციელებული ღონისძიებების არასრულყოფილი სახე, კერძოდ, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მაშინ, როდესაც საგამოძიებო ორგანოს ერთი კონკრეტული სამმართველოს მთელი განყოფილება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიდის ღონისძიების განსახორციელებლად, ისმის კითხვა, რატომ არ ახდენს აღნიშნული ღონისძიების ვიდეოგადაღებას, ასევე არ ასწრებს საგამოძიებო მოქმედებაზე გარეშე პირს, რომელიც დაკავების ადგილზევე აპროტესტებს პოლიციელების „საეჭვო ქმედებებს“ და მკაფიოდ აფიქსირებს, რომ დაკავებულს ნარკოტიკი „ჩაუდეს“.
სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არა დანაშაულზე წასწრების ფაქტი, რაც იმწუთიერია და ობიექტურად შესაძლოა, ვერ მოხერხდეს შესაბამისი ტექნიკით პოლიციელთა აღჭურვა, არამედ საგამოძიებო ღონისძიების დაგეგმვას საფუძვლად დაედო ოპერატიული ინფორმაცია, წინასწარ ინფორმაციის მიღება პოლიციელს ავალდებულებს მობილიზებას სრულყოფილი საგამოძიებო მოქმედებებისა და ნეიტრალური მტკიცებულებების შექმნის თვალსაზრისით.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა წერს, რომ გამოძიების ორგანოების შემდგომმა უმოქმედობამ სასამართლოს გაუჩინა ეჭვი მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სანდოობაზე. კერძოდ, გამოძიების ეტაპზე ამ საქმის ფარგლებში არ იქნა მოძიებული არანაირი ინფორმაცია შემთხვევის ადგილის მიმდებარე პერიმეტრზე შესაძლო ვიდეოკამერების და ჩანაწერების არსებობის თაობაზე, რათა მომხდარიყო ყოველგვარი ეჭვის გამომწვევი გარემოების გამორიცხვა და გაბათილება.
მოწმე შორენა ლალიაშვილი, რომელიც დავით ხარშილაძის დაკავების ადგილთან ახლოს ცხოვრობს, აცხადებს, რომ დაკავების ადგილის მიმდებარედ არაერთ ობიექტზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერა, რაც, როგორც ერთხელ სასამართლომ უკვე აღნიშნა, გამოძიებას არ მოუძიებია. „რომ არა გამოძიების უმოქმედობა ნეიტრალური მტკიცებულების შექმნის (ვიდეოზე აღბეჭდვა) ან/და მოძიების (დადგენა ვიდეოსათვალთვალო კამერების) თვალსაზრისით, შესაძოლა ეჭვის გამომწვევ გარემოებად არ ყოფილიყო მიჩნეული ის პროცესები, რაზედაც დაცვის მხარე აპელირებს პირის უდანაშულობის კონტექსტში. პოლიციელების ჩვენებების სარწმუნოების გადამოწმება ვერ მოხდა ვიდეოჩანაწერის არარსებობის გამო“, - წერს მოსამართლე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საგულისხმოა ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც. პატაკში მითითებული ინფორმაციის თანახმად, დავით ხარშილაძე არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი, თუმცა სამართალდამცავები გაურკვეველი მიზეზით არ ჩხრეკენ არც მის ავტომანქანას, რომლითაც იგი გადაადგილდებოდა დაკავებამდე და არც მის საცხოვრებელ ბინას. „გაუგებარია, რატომ გამორიცხეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომ ნარკოტიკული საშუალების „აქტიურ მომხმარებელ“ დავით ხარშილაძეს, რომელიც, მათი განმარტებით, დღის საათებში ქალაქის ცენტრალურ უბანში გადაადგილდებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებით, შესაძლოა, ბინაში ან ავტომანქანაშიც ჰქონოდა შენახული ნარკოტიკული ნივთიერება“.
მოსამართლე მიუთითებს, რომ სასამართლო დავით ხარშილაძის ბრალეულობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ განიხილავს ბიოლოგიურ დასკვნას, რომელშიც მოთავსებულია ნარკოტიკული საშუალება, არის დავით ხარშილაძის გენეტიკური პროფილი, თუმცა, ექსპერტის ჩვენებით, არ გამოირიცხა დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ დავით ხარშილაძის გენეტიკური პროფილი შესაძლოა, გადასულიყო წინაკებზე იმ დროს, როდესაც სამართალდამცავებმა იგი მოათავსეს მისი ქურთუკის ჯიბეში.
„ექსპერტ ქეთევან ქართველაშვილის ჩვენებით, იგი ვერ გამორიცხავს, შესაძლებლობას, დავით ხარშილაძის ქურთუკიდან მომხდარიყო გენეტიკური პროფილის გადასვლა საკვლევად წარდგენილ წონაკებზე. ექსპერტის განმარტებით, აღნიშნული ფაქტორი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ინტესივობით გამოიყენება პირის მიერ ქურთუკი და რამდენად არის მასზე გადასული მფლობელის გენეტიკური პროფილი. ამ ნაწილში კი ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნული ქურთუკი (დუტის ჟილეტი) მას მთელი ზამთრის განმავლობაში ეცვა. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ აბათილებს დაცვის ვერსიას გამოსაკვლევ ნივთმტკიცებაზე გენეტიკური პროფილის წარმოშობის შესახებ, ვერ გახდება პირის მსჯავრდებისთვის საკმარისი მტკიცებულება. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გამოძებამ არ დაინიშნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა წონაკებზე თითის ანაბეჭდების აღმოჩენის მიზნით, რაც ასევე გამოძიების არასრულყოფილებაზე მიანიშნებს“, - ნათქვამია სამოტივაციო ნაწილში.
აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ არ გასცა პასუხი შეკითხვას, თუ რატომ არ აწარმოეს პოლიციელებმა საგამოძიებო მოქმედებების ვიდეოგადაღება ტექნიკური საშუალებებით, თუნდაც პერსონალური მობილური ტელეფონით, ასევე რატომ არ მოიძიეს, ჩხრეკისა და დაკავების ადგილის მიმდებარედ არსებობდა თუ არა ვიდეო სათვალთვალო კამერები, რომლებზედაც შესაძლოა, აღბეჭდილიყო საგამოძიებო მოქმედებები. ასევე უფრო მეტი სანდოობისთვის რატომ არ დაასწრეს ჩხრეკა-დაკავებას ნეიტრალური პირები, რომლებიც აკვირდებოდნენ საგამოძიებო მოქმედებას.
„ბრალდების მხარემ არ განმარტა, თუ რატომ არ დაინიშნა ექსპერტიზა თითის კვლების აღმოჩენის მიზნით. ასევე, რატომ არ გაიჩხრიკა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა და ა.შ.
ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა დავით ხარშილაძის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი“, - აღნიშნავს მოსამართლე.
სასამართლო მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ დავით ხარშილაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ვინაიდან მათი გამოკვლევის შედეგად გაჩნდა გონივრული ეჭვი ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, რაც ვერ გაბათილდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. ამდენად, მოცემულ ვითარებაში გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტით შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ ბრალდებულმა ინკრიმინირებული ქმედება ჩაიდინა.
სასამართლო მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურედება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ევროსასამართლოს პრაქტიკა
აღსანიშნავია, რომ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა სამოტივაციო ნაწილში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 4 გადაწყვეტილებას ეყრდნობა.
კერძოდ, მოსამართლეს მოჰყავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული საქმე - „ვირაბიანი სომხეთის წინააღმდეგ“, სადაც ადამაინის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მხოლოდ ორი პოლიციელის განმარტება გარკვეული დასკვნების გასაკეთებლად და მიიჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნულით სახელმწიფოს თითქმის არაფერი გაუკეთებია სადავო ინფორმაციის გადასამოწმებლად.
ასევე, საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ არასარწმუნოდ მიიჩნია გამოძიება, რომელიც თავის დასკვნებს ამყარებდა მხოლოდ მოწმე პოლიციელთა ჩვენებებზე და განმარტა, რომ სასამართლოსთვის გაუგებარია, თუ რატომ არ დაკითხეს სხვა თვითმხილველი პირები, რათა ამ გზით გამყარებულიყო მოწმე პოლიციელთა ჩვენებების სარწმუნოობა.
მოსამართლე ხარჩილავა ასევე ეყრდნობა საქმეს - „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც ევროსასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა ჩვენებები, ასევე შესაძლოა, სუბიექტური ყოფილიყო და სავარაუდოდ მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა იყვნენ თუ არა პოლიციელები არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებლები.
მოსამართლე ასევე ეყრდნობა „ბარაბანშიკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეს, სადაც ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს პოლიციის ოფიცერთა ჩვენებების შეფასებისას უნდა გაეთვალიწინებინა ის გარემოება, რომ მათი ჩვენებები შესაძლოა ყოფილიყო თავდაცვითი ტაქტიკის მატარებელი და მიზნად ჰქონოდა განმცხადებლის ჩვენებების სარწმუნოობის შერყევა.
მოსამართლე ხათულა ხარჩილავა ხაზგასმით აღნიშნას, რომ გარდა უშუალოდ ჩხრეკის ჩამტარებელი და დამკავებელი პირებისა, სხვა დანარჩენი სამართლადამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ ღონისძიებაში, დაიკითხნენ სასამართლოში მხოლოდ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. აღნიშნული ფაქტორი აჩენს კითხვებს საგამოძიებო ორგანოს არაკომპეტენტურობის ან/და ბრალდებულის მიმართ გარკვეული დაინტერესების თაობაზე.