პარტიული სიით თბილისის საკრებულოს არჩეული დეპუტატებიდან ამჟამინდელი მონაცემებით, 4 ქალია. მათ შორის, „ქართული ოცნებიდან" 3 ქალი (მარიკა დარჩია, თინათინ ნიბლოშვილი და ანა ლაშხი) პროპორციული სიით არის არჩეული, ხოლო 6 (ნინო ლაცაბიძე, ქეთევან მამულაშვილი, რიმა ბერიძე, თამარ ტალიაშილი, ქეთევან ჯოხაძე) - მაჟორიტარული წესით.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრად ერთი ქალი - ლილე ლიპარტელიანი აირჩიეს. „ევროპულ საქართველოსა" და „პატრიოტთა ალიანსიდან" გამსვლელ სიაში არც ერთი ქალი არ აღმოჩნდა.
„ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარული დეპუტატების 25-კაციანი სიიდან 6 ქალია.
თბილისის საკრებულო სულ 50 წევრისგან შედგება. 25 პროპორციული პრინციპით აირჩევა. 25 კი -მაჟორიტარულით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა 25-ვე მაჟორიტარული ოლქში გაიმარჯვეს.
25 წევრის მანდატი კი პროპორციული პრინციპით ოთხ პარტიას შორის განაწილდება.
ცესკოს ამჟამინდელი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.96% მიიღო; „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 17.62%; „ევროპულმა საქართველომ“ - 9.19% და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ – 5.64%.
„ლიბერალი" ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილს ესაუბრა, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი ფორმულის მიხედვით, პარტიების მიერ პროპორციულ არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით გამოიანგარიშა, როგორ ნაწილდება პარტიებს შორის თბილისის საკრებულოს პროპორციული მანდატების რაოდენობა.
► „ქართული ოცნება“ პარტიული სიის პირველ 15 წევრს შეიყვანს;
►„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიული სიით შეიყვანს 5 დეპუტატს;
►„ევროპული საქართველო" - 3-ს;
►„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 2-ს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა 25-ვე მაჟორიტარული ოლქში გაიმარჯვეს.