Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კურთხეული პერფექციონიზმი

27 ოქტომბერი, 2017 19:18

თანამედროვე ქორეოგრაფიის მზერა შემაშინებლად თავისუფალია და სწორედ ეს ქმნის პრობლემას მათთვის, ვინც კლასიკურ ბალეტსა და თანამედროვე ცეკვას (Contemporary dance) ერთმანეთთან ვერ აკავშირებს. ქორეოგრაფი საშა ვალცი, რომელიც პინა ბაუშის სიკვდილის შემდეგ ალბათ მღელვარე სხეულების ყველაზე დიდ ექსპერიმენტატორია, ქმნის სწორედ კლასიკური და თანამედროვე ცეკვის მოულოდნელ და საოცარ ერთიანობას.

თავისი შემოქმედების ყველა ეტაპზე (ტრილოგია „სხეული“, „დიდო და ენეა“, Impromptus, insideout და ა.შ.) ის ახერხებს, უჩვეულო და მოულოდნელ ჰარმონიას მიაღწიოს მოცეკვავეებსა და სცენურ სივრცეს შორის. იქნება ეს გიგანტური წყლით სავსე აკვარიუმი, რომლებშიც მოცეკვავეებს გამოამწყვდევს („დიდო და ენეა“), თუ სცენური კედლების სიცივისა და შიშველი სხეულების საოცარი რითმა ტრილოგიაში „სხეული“.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე საშა ვალცი უკვე მეორედ მონაწილეობს. 2015 წელს მაყურებელმა პირველად იხილა საქართველოში  სოციალური ქორეოგრაფიული ნიშნებით გამორჩეული სპექტაკლი „რვას უკლია ოცი წუთი“.  წელს კი ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოდგენილი ელვარე და მღელვარე ქორეოგრაფიით აღბეჭდილი Continu, რომელიც ერთგვარ თავსატეხად იქცა: სად იწყება ცეკვა და როგორ უკავშირდება ის თანამედროვე ხელოვნებას? შეგვიძლია მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებაში გაზავებული მადლობა ვუთხრათ ფესტივალის ორგანიზატორებსა და გოეთეს ინსტიტუტს, რომელიც ორი წლის განმავლობაში ამზადებდა საშა ვალცის ქორეოგრაფიული კომპანიის ჩამოყვანას საქართველოში.

შავი სცენური კვადრატი, რომელშიც გამომწყვდეულნი არიან მოცეკვავეები, გიგზავნით სწორედ თანამედროვე ხელოვნების დამაბნეველ, მაგრამ სოციალურად ზუსტ და მნიშვნელოვან იმპულსებს. მათ კიდევ უფრო ამძაფრებს თანამედროვე კომპოზიტორების - იანის ქსენაკისის, ედგარ ვარეზეს (პირველი ნაწილი) და კლოდ ვივიეს (მეორე ნაწილი) მუსიკა. პლუს ფინალში, მინიდესერტად აჟღერებული მოცარტის კვინტეტის ფრაგმენტი.

მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, რომ Continue-ში საშა ვალცი ქმნის ასე ვთქვათ, წმინდა ქორეოგრაფიას, რომელიც სრულიად თავისუფალია ცეკვის თეატრისათვის დამახასიათებელი სიუჟეტური სვლებისა და ხშირად ამაოდ დამაშვრალი ირონიისგან. ფაქტობრივად, Continu ეს არის ცეკვა-სიმფონიით  მოპირკეთებული გიგანტური პანო, რომელშიც გრაფიკული დახვეწილობა, თეთრ-შავ-ტყვიისფერი კოსტიუმები, სხეულთა სკულპტურულობა  და მათი ასინქრონული გეომეტრია ერთმანეთის პროპორციულია.

ცოცხალი პერკუსია პირველ ნაწილში (ქსენაკისის მუსიკა) ერთგვარი ბირთვია, რომელიც თითქოს უბიძგებს მოცეკვავე ქალებს სცენურ სივრცეში ნაწილაკებად განიტყორცნონ და შემდეგ ისევ შეერთდნენ. ხოლო უცნაური, ვულკანისებრი ხმები, რომელსაც დასარტყამი ინსტრუმენტი გამოსცემს ედგარ ვარეზეს მომცროდ აპოკალიფსურ სიმფონიაში, აიძულებს მოცეკვავეებს განუწყვეტლივ იმოძრაონ გიგანტური კედლების გასწვრივ. მათი განშორება თუ შეჯგუფება, შეერთება თუ შეჯახებები, გავეშება თუ შიში, გაქცევა თუ უკუქცევა კოსმიურ მასშტაბს სწორედ წარუშლელი და მდიდარი ქორეოგრაფიული ფანტაზიის საშუალებით აღწევს. ნაბიჯები, რითაც საშა ვალცი წინ მიიწევს, არის კლასიკური ქორეოგრაფიის გაფართოება-გამდიდრების, ანუ ლეთარგიული პრინცებისა და მძინარე მზეთუნახავების გამოღვიძების მცდელობა. და ამ გზას კურთხეული პერფექციონიზმისკენ მიმავალი შეგვიძლია ვუწოდოთ.

მოულოდნელი და მდუმარე ნაწილები უფრო ქორეოგრაფიულ ადაჟიოს ჰგავს, ერთგვარ კონტრაპუნქტს, რომლის მიღმა მოდარაჯე თვალი ქორეოგრაფ ტრიშა ბრაუნის სიმარჯვეს დაინახავს. ცოცხლდება პინას სულიც, რომლის „კურთხეული გაზაფხულის“ დრამატულ-დანაწევრებული ქორო არაერხელ გაგახსენდებათ. თუმცა ვინ იცის, იქნებ ეს ყველაფერი  უნებლიე კავშირებია წარსულთან და არა ინსპირაციით ნაკარნახევი ვალდებულება.

შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, არის თუ არა საშა ვალცი მარი ვიგმანის თუ პინა ბაუშის ქორეოგრაფიული ტრადიციის გამგრძელებელი; ან ვიმსჯელოთ, რას შექმნიდა ის უკეთესსა და უფრო გამაოგნებელს, საყვარელ ნიუ-იორკში რომ დარჩენილიყო. თუმცა ერთი რამ ფაქტია - ის თანამედროვე ევროპული ქორეოგრაფიის ერთ-ერთი ლიდერად რჩება. მიუხედავად იმისა, ჩაიდენს თუ არა რაიმე გამაოგნებელს მათს ეკი, აამუშავებს თუ არა „მძიმე არტილერიას“ ჯონ ნოიმაიერი, ან გაეხსნება თუ არა „მესამე სუნთქვა“ ანჟელენ პრელჟოკაჟს.

ფოტოები: ბექა ჯავახიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^