განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს. სიახლე არის ისიც, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი. მიხეილ ჩხენკელი მინისტრის პოსტზე მუშაობას ხვალიდან შეუდგება.
„მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც დიდი ნდობა გამომიცხადა. ჩემს ცოდნას, გამოცდილებას, ენერგიას მოვახმარ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რაც არის განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარება საქართველოში. ახლახანს ჩვენ გვქონდა საინტერესო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო თემებზე, კონკრეტულად კი იმაზე, რომ მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლება და განათლებაზე ზრუნვა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი პოზიცია და ჩვენი სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი სწორედ განათლებაზე და მეცნიერებაზე ზრუნვა იქნება. თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, ნიჭიერი თაობა მოდის და მათ სჭირდებათ ხელშეწყობა და იმ პირობის შექმნა, რომ მოხდეს ამ პოტენციალის რეალიზება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდგომ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი დაინიშნება