
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ დაბა ხარაგაულში ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის საქმეს ეხმაურება და შსს-ს მოუწოდებს, უფლებამოსილება შეუჩერდეთ ან სხვა ტერიტორიულ ერთეულში გადაიყვანონ პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც 2017 წლის 28 ოქტომბერს ამირან კვირიკაშვილის „გამოკითხვაში” მონაწილეობდნენ.
ორგანიზაციის ცნობით, ამის აუცილებლობა ოჯახის წევრების უსაფრთხოებისა და გამოძიების პროცესის ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით არის განპირობებული.
მათი თქმით, მნიშვნელოვანია ხარაგაულის პოლიციის სამმართველოდან დროულად ამოიღონ შენობასთან და შენობაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები.
„ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის შემთხვევა თავისი კონტექსტით ძალიან ჰგავს დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეს. ორივე შემთხვევა ნათლად აჩვენებს საპოლიციო რეპრესიის სისტემის მუშაობას პერიფერიებში ყველაზე დაუცველი ადამიანების მიმართ, რომელთა მინიმალური საარსებო პირობების უქონლობას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, განათლების უფლებაზე ხელმიუწვდომლობას სამართალდამცავი სისტემა ბოროტად იყენებს. ამ პირობებში პოლიციის რეპრესიული პოლიტიკა, თანამშრომლობის იძულება, მუქარა და დაშინება განსაკუთრებით მძიმე ტვირთად ყველაზე მოწყვლად ოჯახებს აწვება.
სტურუასა და კვირიკაშვილის საქმეებში პოლიციის მუშაობის ერთგვაროვანი ხელწერა, ასევე პოლიციის მხრიდან ძალადობის სხვა ფაქტების ანალიზი, ცხადად მიანიშნებს პოლიციაში არსებულ სისტემურ პრობლემაზე – საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებზე (მათ შორის, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები) საპოლიციო კონტროლის გაძლიერების, გამოძიების პროცესში მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნის, აღიარებითი ჩვნებების მოპოვებისა და პოლიციის მუშაობაში პოზიტიური სტატისტიკური მაჩვენებლების შექმნის მიზნით დაშვებულ პრაქტიკას წარმოადგენს ზეწოლის, დაშინების, იძულებითი თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენება. არაეფექტიანი პასუხისმგებლობის სისტემა კი აძლიერებს დაუსჯელობის განცდას და თვითნებობის კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობას აძლევს პოლიციას” - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.
განცხადებად სრულად შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.
ხარაგაულში 4 ნოემბერს ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს.
გარდაცვლილი ამირან კვვირიკაშვილის და ნატო კვირიკაშვილი ამბობს, რომ მისი ძმის თვითმკვლელობამდე მიყვანა პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ განაპირობა.
„იყო ჩვეულებრივად გაწონასწორებული, მშვიდი. როცა დაკითხვაზე დაიბარეს პოლიციაში, იქედან მოსულმა დაიწყო მაგაზე (თვითმკვლელობა) ფიქრი, ამოიღო ტელეფონი და მე მაჩუქა აწი მე აღარ დამჭირდებაო, ასეთი ლაპარაკი მას შემდეგ დაიწყო. მანამდე არ ქონია ასეთი საუბარი. ზეწოლა იყო თუ არა პოლიციაში, თვითონ არ უთქვამს, ამიტომ მე ვინმეს ხელს ვერ დავადებ. ფიზიკური შეურაცხყოფაც არ ეტყობოდა, მაგრამ ფსიქოლოგიური ზეწოლა რომ იყო თავისთავად ცხადია და ჩანს“,- ამბობს ნატო კვირიკაშვილი.