თბილისის მერი, კახა კალაძე დღეს თბილისის საკრებულოს სხდომას არ დაესწრო. დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი მერის მიერ წარდგენილი მოადგილეების, გამგებლობისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების განხილვისა და კენჭისყრის საკითხს ითვალისწინებს. ოპოზიციამ თბილისის ახალი მერი სხდომაზე დასწრებაზე უარის გამო გააკრიტიკა.
„ლიბერალი“ საკრებულოს ყოფილ წევრს, „რესპუბლიკელ“ დავით ზურაბიშვილს ესაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, თბილისის მერს რეგლამენტი არ ავალდებულებს აღნიშნულ სხდომაზე დასწრებას, თუმცა პოლიტიკური კულტურა ამას მოითხოვს.
ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამონათქვამების ავტორი, ნუგზარ ჭონქაძე კახა კალაძემ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად წარადგინა. დავით ზურაბიშვილის თქმით, საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური პარტიების მხრიდან მთავარი განხილვისა და უკმაყოფილების საგანი სწორედ მისი კანდიდატურა იქნებოდა.
„ზოგადად პოლიტიკური კულტურისა და „პოლიტიკური თამაშის“ წესების მიხედვით, ახალარჩეული მერი საკრებულოს პირველ სხდომაზე აუცილებლად უნდა მიდიოდეს. ჩემი აზრით, არმისვლის გადაწყვეტილება პიარის კონტექსტშია მიღებული, იმიტომ, რომ უსაფრთხოების სამსახურში ერთ-ერთი კანდიდატურის, ჭონქაძის წარდგენამ გამოიწვია სკანდალი და ოპოზიციის მხრიდან ამ დანიშვნას მწვავე რეაქცია მოჰყვა. უხეშად რომ ვთქვათ, ამის „გაპრავება“ ვერ მოხერხდება, შეუძლებელია.
შემდგომ, რაც კალაძემ თქვა, რომ ის [ნუგზარ ჭონქაძე] „ჩოხოსანი და კარგი თამადაა“ - ეს კიდევ უარესი იყო. ამ შემთხვევაში, იგი რომ სხდომაზე მისულიყო, წარმომიდგენია, მთავარი თემა ნამდვილად ეს საკითხი იქნებოდა. აუცილებლად იქნებოდა პედალირება ოპოზიციური პარტიების მხრიდან სწორედ ამ პიროვნებასა და მის გამონათქვამებზე. მეორე მხრივ, ეს მას თავისთავად საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააგდებდა. ეს კარგად ვერ გამოჩნდებოდა და არჩია, რომ არ მისულიყო“, - უთხრა „ლიბერალს“ დავით ზურაბიშვილმა
ზურაბიშვილის თქმით, საკრებულოს წევრი უმრავლესობის წარმომადგენლები დედაქალაქის მერს ხედავენ, როგორც თავიანთ ლიდერს, და არა როგორ იმ ორგანოს წარმომადგენელს, რომელიც უნდა აკონტროლონ.
„ისინი აუცილებლად თავს გამოიდებდნენ და დაიწყებოდა გინება და ბოთლების სროლა. აუცილებლად ასე მოხდებოდა. იმიტომ, რომ იქ ვიღაცები უფროსთან თავის გამოჩენას გადაწყვეტდნენ, და როგორც შეეძლებოდათ, გადაეფარებოდნენ. ამ სხდომაზე იქნებოდა აყალმაყალი, მოხვდებოდა მედიის ყურადღების ცენტრში და თვითონ მერისთვის მაინცდამაინც მომგებიანი არ იქნებოდა. პიარის კონტექსტში გასაგები გადაწყვეტილება იყო, რომ არ მივიდა. ამითაც თავიდან აირიდა სკანდალი. თუმცა, როცა გუნდს ჰკრებ და ნიშნავ, მაშინ უნდა დაფიქრდე და არა წარდგენის შემდეგ, რადგან ელემენტარული პოლიტიკური კულტურა მოითხოვს, მერს საკრებულოსთან ისეთი ურთიერთობა ჰქონდეს, რომ იქ ხშირად მიდიოდეს და ანგარიშს აბარებდეს“, - ამბობს ზურაბიშვილი
კახა კალაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დასწრებოდა დღევანდელ სხდომას.
„გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე. მე ვარ ხალხის მიერ არჩეული მერი და უფლებამოსილებას უკვე შევუდექი. რაც შეეხება ქალაქის მთავრობას, კანონის შესაბამისად ვიმოქმედე, საკრებულოს [კანდიდატების სია] გადავუგზავნე. დღეს იმსჯელებენ. ალბათ, უკვე მიღებული იქნება გადაწყვეტილება, დამტკიცდება. ორშაბათიდან ჩვენ მუშაობას შევუდგებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.