შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის საქმეზე დაწყებული გამოძიების მუხლი გადაკვალიფიცირდა. თავდაპირველად გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. მოგვიანებით კი 243-ე მუხლის მესამე ნაწილით შეიცვალა.
აღნიშნული მუხლი სახანძრო უსაფრთხოები წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. ეს ნორმა სასჯელის ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც „რუსთავი 2-ის“ ეთერში შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, მუხლის გადაკვალიფიცირების მიზეზი ხანძრის ქრობისას გამოკვეთილი დარღვევები იყო. კერძოდ, არსებობს ეჭვი, რომ სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ ყოფილა.
„გადაკვალიფიცირების აუცილებლობა დადგა მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა, რომ სასტუმროში არ იყო დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. ყველაფერს გამოძიება დაადგენს და თუ დადასტურდება სახანძრო ნორმების დარღვევა, ძალზედ მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს საგამოძიებო პროცესის დასრულება,“- განაცხადა მინისტრმა. ის როგორც მფლობელების, ასევე, იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს, ვინც ამ შენობის ექსპლუატაციის ნებართვა გასცა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სასტუმროში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივლენ.
მისი ინფორმაციით, სასტუმროს 180 ნომრიდან 70%-ია შემოწმებული. ამიტომ მინისტრს მსხვერპლის ზუსტ ოდენობაზე საუბარი უჭირს.
"ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით,11 ადამიანი გარდაიცვალა, 15 კი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გარდაცვლილების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები.
სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.