ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე ომბუდსმენის თანამდებობაზე მხარს „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს, გიორგი ფოფხაძე უჭერს. ამის შესახებ მან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფოფხაძეს უსმენენ.
„ორივე კანდიდატი კვალიფიკაციით, ჩემი აზრით, კითხვის ნიშნებს არ ბადებს. ქალბატონ ლომჯარიასაც ვუსმენდი გუშინ და საკმაოდ კვალიფიციური კანდიდატია, რომელსაც კარგი ხედვა აქვს ომბუდსმენის პოზიციაზე თავის რეალიზაციის, თუმცა გულწრფელად მინდა, საჯაროდ განვაცხადო, რომ ბატონი გიორგის ბიოგრაფია ჩემთვის უფრო ღირებულია“ - თქვა გედევან ფოფხაძემ.
გედევან ფოფხაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გიორგი ფოფხაძის ღირებულებითი ხედვა და ფასეულობები მისთვის უფრო ახლოა.
ფოფხაძე დაინტერესდა, თუ როგორ აპირებს კანდიდატი პარლამენტთან ურთიერთობას სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში.
„მაინტერესებს, მისი ზეპარტიული ხედვა როგორი იქნება. თუ რაიმეს ვსაყვედურობდი ბატონ ნანუაშვილს, ეს არის მისი გარკვეული სახალხო დამცველის ინსტიტუტის პოლიტიზაცია და ცალკეულ საკითხებში პოლიტიკურ მხარედ გამოსვლა.
გიფიქსირებთ, რომ მე თქვენ მხარს გაძლევთ როგორც კომიტეტზე, ისე სესიაზე. გისურვებთ წარმატებებს“ - თქვა ფოფხაძემ.
ფოფხაძე სახალხო დამცველის კანდიდატმა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსმა" დაასახელა. მისი კონკურენტი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მიერ დასახელებული ნინო ლომჯარიაა. მას პარლამენტმა გუშინ მოუსმინა.
ომბუდსმენს პარლამენტი დღეს აირჩევს.
გიორგი ფოფხაძე: ვაპირებ, ომბუდსმენის აპარატი ევროპულ რელსებზე გადავიყვანო
ფოფხაძის პრიორიტეტები ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში - მძიმე სოციალური ფონის გამოსწორება
საპარლამენტო უმრავლესობამ ნინო ლომჯარიას კანდიდატურა ოფიციალურად 27 ნოემბერს წარადგინა. უმრავლესობას არასამთავრობო სექტორმა თავდაპირველად ოთხი კანდიდატი შესთავაზა: ანა ნაცვლიშვილი, ზვიად ქორიძე, ვახუშტი მენაბდე და ნინო ლომჯარია.
ნინო ლომჯარია 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის სექტემბრამდე იყო საქართველოს გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე. მანამდე, 2011-2015 წლებში ის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.