უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კიევში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებს სისხლი სწყუროდათ და ძალოვნების პროვოცირებას ახდენდნენ, თუმცა ხელისუფლება ასეთ მცდელობებს პასუხს გასცემს.
პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ისინი პატივს სცემენ ხალხის უფლებას, გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი.
„ჩვენ ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაჩვენეთ. თუმცა აქციის ორგანიზატორებს სისხლი სწყუროდათ და ძალოვნების პროვოცირებას ახდენდნენ. მეგობრებო, არმია იმისათვის არ დგას ფრონტზე, რომ მტერი ზურგს უკან მოქმედებდეს. ჩვენ ასეთ მცდელობებს პასუხს გავცემთ და მე ვგრძნობ საზოგადოების მხარდაჭერას“,- აცხადებს პოროშენკო.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი გაოცება რთულია, მაგრამ რაც გუშინ მოხდა, ეს ყველასათვის შოკისმომგვრელი იყო.
„ვფიქრობდი, რომ ჩემი გაოცება რთული იყო, მაგრამ რაც გუშინ ქვეყანამ გაიგო, ყველასათვის შოკისმომგვრელი იყო. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას ეროვნული ინტერესებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის დაკავება პირველად 5 დეკემბერს სცადეს, მას უკრაინის პოლიცია ბრალად უყენებს იანუკოვიჩთან დაახლოებული და ძებნილი ოლიგარქის სერგეი კურჩენკოსგან დანაშაულებრივი ჯგუფის ინტერესების დაცვის სანაცვლოდ ნახევარ მილიონ დოლარამდე თანხის აღებას. ეს ფული კი, უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს თქმით, ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების დამხობისთვის უნდა დახარჯულიყო.
სააკაშვილი საკუთარ სახლში 5 დეკემბერს დააკავეს, თუმცა სანამ მას ტერიტორიიდან გაიყვანდნენ ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სამართალდამცველებისგან გამოიხსნეს. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებთან ერთად რადის წინ გადაინაცვლა და საპროტესტო აქცია დაიწყო. მათ წუხანდელი ღამე კარვებში გაატარეს.
რას ედავება უკრაინა მიხეილ სააკაშვილს?
ვიდეო ► როგორ გაათავისუფლეს მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილი