19 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის პროექტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას პროფესიული თემისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონპროექტი - პროფესიული თემის შენიშვნები
კანონპროექტის სამუშაო ვერსია პროფესიული თემის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. მათი თქმით, სოციალური მუშაკები ჩართულნი არ იყვნენ სამუშაო პროცესში, რაც დოკუმენტზეც აისახე. „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო შატბერაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მონაწილეობითი პროცესი არ არის ერთხელ ვინმესთან გასაუბრება ან ერთ ადამიანთან შეხვედრა მთელი სფეროს შესახებ კანონშემოქმედებითი პროცესის წარმართვისას. პროცესში ჩვენი თავიდანვე ჩართულობა დაზოგავდა უამრავ რესურს, უფრო მცირე დროში უფრო ფასეულ პირველად პროექტს მივიღებდით და არც მის დახვეწას დასჭირდებოდა ამდენი ძალისხმევა, რამდენიც აწი მოგვიწევს. დაიზოგებოდა თქვენი, თქვენი კოლეგების, ჩვენი დროც. ამაში კი სწორედ იმ ხალხის მატერიალური რესურსი იხარჯება, ვისი მხარდაჭერითაც მოგეცათ ლეგიტიმაცია რომ იყოთ იქ, სადაც ხართ“, - აცხადებს შატბერაშვილი
იხილეთ განცხადება სრულად:
„ ქალბატონო სოფო (კილაძე), რადგან არ მომეცით საშუალება აზრი დამესრულებინა, საჯაროდ გიპასუხებთ:
1. როდესაც სოციალური მუშაობის პროფესიის შესახებ კანონის მომზადებას გეგმავთ, მნიშვნელოვანია პროცესში თავიდანვე ჩართულები იყვნენ სფეროს ექსპერტები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, აკადემიის წარმომადგენლები. პროფესიაზე კანონი არ შეიძლება მხოლოდ იურისტებმა მოამზადონ, იურისტებმა სამართლებრივი მექანიზმი უნდა გაწერონ სფეროს ექსპერტების მიერ მომზადებული კონცეფციის საფუძველზე. საწყენია, ჯანსაღ კანონშემოქმედებით პროცესზე განსხვავებული შეხედულებები რომ გვაქვს!
2. მონაწილეობითი პროცესი გულისხმობს, პარიტეტულ დონეზე თანამშრომლობით ფორმატში მუშაობას. ეს პროცესი იწყება სამუშაო ჯგუფის ფორმირებით, სადაც მონაწილეები ყველა სექტორიდან და შესაბამისი სფეროდან არიან წარმოდგენილები, რომ მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს პროცესიც და საბოლოო პროდუქტიც. ასეთ შემთხვევაში, ისეთი ელემენტარული საკითხები არ რჩება ყურადღების მიღმა, ან ისეთ დაუხვეწავ პირველად პროდუქტს არ ვიღებთ, როგორც ამჟამად მოხდა. მონაწილეობითი პროცესი არ არის ერთხელ ვინმესთან გასაუბრება ან ერთ ადამიანთან შეხვედრა მთელი სფეროს შესახებ კანონშემოქმედებითი პროცესის წარმართვისას. პროცესში ჩვენი თავიდანვე ჩართულობა დაზოგავდა უამრავ რესურს, უფრო მცირე დროში უფრო ფასეულ პირველად პროექტს მივიღებდით და არც მის დახვეწას დასჭირდებოდა ამდენი ძალისხმევა, რამდენიც აწი მოგვიწევს. დაიზოგებოდა თქვენი, თქვენი კოლეგების, ჩვენი დროც. ამაში კი სწორედ იმ ხალხის მატერიალური რესურსი იხარჯება, ვისი მხარდაჭერითაც მოგეცათ ლეგიტიმაცია რომ იყოთ იქ, სადაც ხართ. ასე რომ სწორედ თქვენი ამომრჩევლის წინაშე გაქვთ ვალდებულება პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად წარმართოთ და რესურსებიც გონივრულად გამოიყენოთ. თქვენ ამისათვის ხართ პარლამენტში და თან ადამიანის უფლებების კომიტეტის თავჯდომარედ!
3. ხალხისა და პროფესიული თემის აზრი რამდენად გაინტერესებთ, გამოიხატა თქვენს საპასუხო რეაქციაში სოციალურ მუშაკთა პეტიციაზე. მათი აზრი რომ გაინტერესებდეთ, აუცილებლად მოიწვევდით ერთ შეხვედრას, ისეთ ფორმატში, როგორიც პეტიციის ხელმომწერებმა გთხოვეს. თქვენ კი პროფესიული თემის და პროფესიის გულმხურვალე მხარდამჭერთა აზრი საერთოდ უგულებელყავით,
4. ხალხმა ლეგიტიმაცია დისკრიმინაციული მიდგომის დემონსტრირებისათვის არ მოგცათ, არც იმისათვის, რომ კრიტიკული მოსაზრებები ასეთი ფორმებით ჩაახშოთ, არამედ იმისთვის, რომ თქვენი კომპეტენცია გამოიყენოთ, თქვენი ცოდნის ზღვარი მართებულად განსაზღვროთ, მცოდნე ადამიანებს მოუსმინოთ საერთო სახალხო კეთილდღეობისათვის.
სრულიად მიუღებელია, როდესაც ასეთი დისკრიმინაციული ხართ ჩვენთან ყოველ საჯარო შეხვედრაზე! პარლამენტარობა და კომიტეტის თავჯდომარეობა არ ნიშნავს არც დიქტატორობას სხდომებზე, არც დისკრიმინაციული გამონათქვამებით მიმართვას სხდომის წევრებისადმი, არც მუდმივად რეგლამენტის დაცვისაკენ მოწოდებას ამ ტონში და ამ ფორმით (მით უფრო, როდესაც შეხვედრის დასაწყისში რეგლამენტი არ არის მითითებული)! ამასთან, წესით, კონსტრუქციული, თუნდაც მტკივნეული კრტიკული მოსაზრებების მოსმენისა და მათზე პასუხისათვის მზად უნდა იყოთ! ჩვენ ოფიციალურ შეხვედრაზე იმიტომ არ მოვდივართ, რომ თქვენ მორალი გვიკითხოთ ან ტონალობა გვიკონტროლოთ, არამედ რომ ვისაუბროთ საქმეზე!
5. კანონი ჩვენზე ვერ იქნება ჩვენს გარეშე და რასაკვირველია, აქტიურად ვიქნებით ჩართულები პროცესში. მაგრამ, მნიშვნელოვანია, თანამშრომლობითი პროცესზე იდენტური წარმოდგენა გვქონდეს! მოგიწოდებთ, მოემზადეთ სამუშაო პროცესისათვის! ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში ფორმირდება სამუშაო ჯგუფი და აქტიური სამუშაო პროცესი დაიწყება!