ოპერის მომღერალი თამარ ივერი აცხადებს, რომ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკისთვის" მას ინტერვიუ არ მიუცია.
ივერი წერს, რომ ინტერვიუ, რომელიც ჰომოფობიურ განცხადებებს შეიცავს, მისგან არ აუღიათ და არც „იქ გაჟღერებულ თემებს ეთანხმება".
თამარ ივერმა ამ საკითხზე განმარტება სოციალურ ქსელში გააკეთა. მის Facebook-სტატუსში კი ეიჯიზმის შემცველი გამონათქვამები გვხვდება.
„მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში" დაწერილა ინტერვიუ ჩემი სახელით, სადაც მოხუცი ჟურნალისტი საკუთარ აზრებს ჩემს ნალაპარაკებად ასაღებს.
საჯაროდ ვაცხადებ, რომ ამ ინტერვიუსთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს. ის მე არ მიმიცია და არც იქ ჩამატებულ გაჟღერებულ თემებს ვეთანხმები, რადგან ელემენტარულად, ჩემთვის ინტერვიუ არავის აუღია.
ვიტყვი მხოლოდ, რომ დამირეკა 85 წლის მხცოვანმა ჟურნალისტმა გიზო ზარნაძემ, მან მითხრა, რომ აღფრთოვანებულია ჩემი სტატუსით ქალისადმი მიშტერების თემაზე და მთხოვა, „შეიძლება, არ შეგაწუხებთ ინტერვიუზე, თქვენს იმ სტატუსს გავშლი და ვითომ ინტერვიუ მომეცით ისე განვავრცობო". მე რა თქმა უნდა ვენდე მის ასაკს და ალბათ გამოცდილებას და ზეპირად ვუთხარი ყურმილში...კარგით ბატონო გიზო, გააკეთეთ, გენდობით, ოღონდაც ჩემს მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს არ გადაუხვიოთ მეთქი. რას ბრძანებთო. ეს იყო და ეს. ის თუ მან რა დაამატა, რა სათაური დაურთო, რა ტექსტები მოიგონა....ეს უკვე მე არანაირად არ მეკუთვნის და პასუხი ამ ადამიანს მოეთხოვება. ძალიან მეუხერხულება, მაგრამ....მხცოვან ადამიანს, რომელიც მეთაყვანება.....როგორ ვუჩივლო? თუმცა, საჯაროდ ვაცხადებ, რომ ინტერვიუსთან შეხება არ მაქვს. მან უბრალოდ, აიღო ჩემი ერთ ერთი სახალისო სტატუსი და მას დაამატა რაღაც საკუთარი იდეები და აზრები და ჩემად გაასაღა.....ასეთ ფაქტზე, ამერიკაში 5 მილიონს მოსთხოვდი უფლების შელახვისთვის და მორალური კომპენსაციისათვის გაზეთის რედაქციას და აქ, იმედია, ბოდიშს მაინც მოიხდიან!!! თუ არადა, ბოლომდე მივყვები ამ საქმეს, რომ ბოდიში მოიხადონ !!!",, - წერს თამარ ივერი.