გუშინ „ლიბერალმა" გამოაქვეყნა ტრანსგენდერი აქტივისტის ღია წერილი, სადაც მარია კასენკო ოპერის მომღერლის, თამარ ივერის ჰომოფობიურ განცხადებებს ეხმაურება. აქტივისტის ღია წერილი თამარ ივერის ინტერვიუს პასუხია, რომელიც 14 დეკემბერს „საქართველოს რესპუბლიკაში" დაიბეჭდა.
გაზეთის მე-6 გვერდზე რუბრიკაში „გვიყურეთ, მამაკაცებო" თამარ ივერის ბლიცინტერვიუა გამოქვეყნებული სათაურით „აბანოდან ამაივლის თვალჭუჭუნა ბიჭი". ინტერვიუს ავტორი ჟურნალისტი გიზო ზარნაძეა.
ტრანსგენდერი ატივისტის ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ თამარ ივერი „ლიბერალს“ დაუკავშირდა და თქვა, რომ მას „საქართველოს რესპუბლიკისთვის" ინტერვიუ არ მიუცია. მოგვიანებით ამის შესახებ Facebook-სტატუსიც დაწერა. ოპერის მომღერლის პოსტში ეიჯიზმის შემცველი გამონათქვამები გვხვდება.
„ლიბერალი" გამოცემის დირექტორს და რედაქტორს ესაუბრა. „საქართველოს რესპუბლიკის" დირექტორმა, მარინა კანდელაკმა განაცხადა, რომ მას Facebook არ აქვს და არ უნახავს პოსტი. მასალების მეილზე გადაგზავნა გვთხოვა საკითხში გასარკვევად.
„საქართველოს რესპუბლიკის" რედაქტორი სპარტაკ ქობულია ამბობს, რომ პრობლემას ვერ ხედავს, თუ ჟურნალისტმა განავრცო თამარ ივერის პოსტი და ინტერვიუ შექმნა.
„გიზო ზარნაძე ცნობილი ჟურნალისტი, პოეტი და მწერალია, ნახა პოსტი Facebook-გვერდზე, ძალიან მოეწონა. მერე ტელეფონით ესაუბრა ორჯერ და თამარ ივერმა ნება დართო, რომ დაეწერა.
ჩვენ გვინდოდა თამარ ივერის მოწვევა რედაქციაში, მაგრამ, რატომღაც, სამჯერ ვურეკავდით და არ იღებდა ტელეფონს. მაგრამ აწი დავურეკავ და თამარ ივერს, როგორც შესანიშნავ ქალბატონს, ბრწყინვალე მომღერალს და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს ყოველთვის წარმოვაჩენთ, როცა ასეთ რამეს დადებს. თუნდაც ერთ წინადადებას.
მერე რა მოხდა კაცო, თუ განავრცო, ეს ჟურნალისტის საქმეა. შეიძლება ზოგიერთი რამ არ ემთხვეოდეს მის [თამარ ივერის] აზრებს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. იქ შეიძლება, რა თქმა უნდა, იყოს ჟურნალისტის მოსაზრებები, მით უმეტეს ისეთ გამოცდილი და კარგი ჟურნალისტისა და მწერლის, როგორიც გიზო ზარნაძეა.
ზოგიერთი რაღაც არაა გამორიცხული, რომ გადაამლაშა და ისეთი ჩაწერა, რაც თამარ ივერს არ უთქვამს. მაგრამ იქ, ჩემი აზრით, მიუღებელი არაფერი არ არის", - ამბობს სპარტაკ ქობულია.
როგორც რედაქტორი აღნიშნავს, თუ ის დარწმუნდება, რომ ჟურნალისტმა ისეთი რამე ჩაწერა ინტერვიუში, რაც თამარ ივერს არ უთქვამს, ბოდიშს მოუხდის. მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ როგორც მისთვის ცნობილია, ჟურნალისტმა თამარ ივერისგან ინტერვიუ ტელეფონით ნამდვილად ჩაწერა.