კულტურის სამინისტროში ფრანკფურტის ფესტივალთან დაკავშირებული შეხვედრის დასრულების შემდეგ წიგნის ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ცენტრის გუნდის სახელით მადლობას ვუხდით გულშემატკივრებს, გამომცემლებს და მწერლებს. ჩვენი მთავარი მიზანია პროექტის წარმატებულად განხორციელება. შესაბამისად ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას რომ გამოიძებნოს ამ ჩიხური სიტუაციაში კომპრომისული გზა. ორშაბათს როგორც მინისტრმა ბრძანა დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან ცენტრის წარმომადგენლები, გამომცემლები და მწერლები. მე დარწმუნებული ვარ რომ ამ კონსტრუქციულ შეხვედრაზე დაისახება კონკრეტული სტრატეგია და აქტიურ სამუშაო ფაზაში გადავალთ ყველა. ჩვენ შევეცადეთ ჩვენი მოსაზრებები და საფრთხეები დაგვენახვებინა სამინისტროსთვის და ჩემი შთაბეჭდილებით სამინსიტრომ ეს რისკები გაიზიარა.„ - განაცხადა დეა მეტრეველმა.
ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯმენტში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავდა. ამ გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა წიგნის ეროვნული ცენტრის მენეჯმენტი. წიგნის ეროვნული ცენტრის მენეჯმენტის პოზიციების დასაცავად არაერთი ღია წერილი გავრცელდა. მათ შორის მინისტრს წერილით მიმართა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭომ, გამომცემლებმა და მწერლებმა. ისინი მინისტრისგან წიგნის ეროვნული ცენტრის მენეჯმენტის პოზიციების გათვალისწინებას ითხოვდნენ.