"ზვიად რატიანის ვიდეოს გავრცელებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ის და მისი ოჯახი საჯიჯგნად პირდაპირ მგლების ხახაში ჩააგდო", - განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სხდომაზე ნინო ბექიშვილმა, რომელიც სხდომაზე მომჩივანი მწერლებისა და საზოგადოების სხვა წევრების წარმომადგენელი იყო.
მათ ეთიკის ქარტიას დღეს მიმართეს და ზვიად რატიანის დაკავების შემდეგ, მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე განცხადებაში აღნიშნეს, რომ საზმაუმ, კერძოდ გადაცემა მოამბის სარედაქციო ჯგუფმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორი - პირველი და მეათე პრინციპები.
"ამ ვიდეოს გავრცელებით, სადაც ჩანს, რომ ზვიად რატიანი პატრიარქს აგინებს, ის და მისი ოჯახი უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. პატრიარქის კრიტიკა გაგვიგია, მაგრამ საჯაროდ გინება - არა. ამიტომ, ჩვენ ბევრჯერ გვინახავს, მათ შორის 2013 წლის 17 მაისს, ადამიანები, დავარქვათ მათ ზონდერები, რომლებიც ყველაზე ძალადობენ, ვინც ეკლესიას ან პატრიარქს აკრიტიკებს. ამის მაგალითი კარგად გვახსოვს, როცა ზაზა ბურჭულაძეს იმავე მიზეზით, თავი გაუტეხეს. ამიტომ, ჟურნალისტი, რომელიც ამ ვიდეოს ავრცელებდა, თუ ის მარსზე არ ცხოვრობს, კარგად უნდა იცნობდეს ამ რეალობას, მას უნდა ეფიქრა, რა საფრთხის წინაშე აყენებდა ერთ ადამიანს. ზვიადი პარალელურად კავშირგამბმელია, მთელი ცხოვრება ანძებზე მუშაობს და უშიშარი ადამიანია, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ საფრთხეს გრძნობს - დღეს ჩემს შვილს დაურეკა და ქუჩაში მასთან ერთად გავიდა.
მეორე მხრივ, უნდა ვისაუბროთ მის 14 და 19 წლის შვილებზე. რომლებისთვისაც რთული ამ ყველაფრის ყურება.
ამიტომ, გაუგებარია, რა სიკეთეები მიიღო საზოგადოებამ ამ ვიდეოს გავრცელებით, როცა ზვიადსა და მის ოჯახს მსგავსი საფრთხე შეუქმნა?", - აღნიშნა ნინო ბექიშვილმა.
ჟურნალისტური ეთიკის სხდომა დახურულ რეჟიმში გრძელდება. გადაწყვეტილებას საბჭოს წევრები მოგვიანებით მიიღებენ.
27 დეკემბერს, პირველ არხზე, მოამბის საღამოს გამოშვებაში (18:18 საათზე) გავიდა სიუჟეტი ზვიად რატიანის საქმეზე, რომელსაც თან ერთვოდა შსს-ს მიერ მომზადებული ზვიად რატიანის დაკავების ვიდეომასალა, ვიდეომასალა ასევე დევს არხის საიტზე სათაურით, "შსს-ს ვიდეომასალა, ზვიად რატიანის საქმეზე, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო".