Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ათი კარგი ამბავი 2017 წლიდან

30 დეკემბერი, 2017 23:47

ამოქმედდა ვიზალიბერალიზაცია

2017 წლის 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრ 22, არაწევრ 4 და შენგენის წევრობის კანდიდატ 4 ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებს სამოგზაუროდ ვიზა აღარ დასჭირდებათ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი ხმათა უმრავლესობით - 553 მომხრე, 66 წინააღმდეგი - დაუჭირა. 

ბრიუსელში ოფიციალური ხელმოწერის შემდეგ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდა.

დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა 

დეკემბერში ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პორტი დიდი გემების მიღებას შეძლებს, რამაც საკონტეინერო და სხვა გადაზიდვების დინამიკა უნდა გაზარდოს. ნავსადგური, სავარაუდოდ, 2020 წელს გაიხსნება. პორტის საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება.

იგი ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შენდება. მისი მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ. დოლარს შეადგენს.

პორტმა ადგილობრივი ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობები უნდა გააჩინოს.

„ამ პორტის გარშემო რამდენიმე ათასი ჰექტარი განვითარდება, როგორც საწარმოო, სასაწყობე, ლოგისტიკური და, რა თქმა უნდა, საცხოვრებელი ახალი ზონა. ეს იქნება უდიდესი დინამიკა, რომელიც გაჩნდება ჩვენს ქვეყანაში და ეს იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობები ინოვაციური, ლოგისტიკური, ინდუსტრიული ახალი საქართველოსთვის", - თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მოხდა მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია

საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია. სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის გამოყენება არაკონსტიტუციურად ცნო.

საკონსტიტუციო სარჩელის ავტორი ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ იყო. გადაწყვეტილებით, ორგანიზმში მარიხუანის კვალის აღმოჩენის გამო, რამდენჯერაც არ უნდა მოხდეს ეს, ადამიანი სისხლის სამართლის წესით ვეღარ დაისჯება, მაგრამ შეიძლება დაისაჯოს ადმინისტრაციული ჯარიმით.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ მომხდარა მარიხუანის ფლობის (თუნდაც მცირე ოდენობით) დეკრიმინალიზება, სისხლის სამართლის წესით ისჯება მისი მოყვანა-დათესვაც.

გურამ კაშიამ ლგბტ თემს სოლიდარობა გამოუცხადა

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და კლუბ ვიტესის კაპიტანმა, გურამ კაშიამ თამაშზე ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაური გაიკეთა. კაშიას ამ ჟესტს, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული, საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. „ქართულმა მარშმა“ ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია მოაწყო და ლგბტ დროშა საჯაროდ დაწვა, თუმცა კაშიამ ფეხბურთის ფედერაციისა და სხვადასხვა სპორტსმენების მხარდაჭერა მიიღო.

„მე ყველანაირი აგრესიის წინააღმდეგი ვარ და ყოველთვის ვიქნები“, - თქვა გურამ კაშიამ.  

გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი

30 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი. მაგისტრალის ამუშავების შემდეგ ელიან, რომ ხაზის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 6,5 მილიონი ტონა იქნება. გრძელვადიან გათვლაში კი ეს მაჩვენებელი 17 მილიონ ტონამდეც შეიძლება გაიზარდოს. მაგისტრალზე სატვირთო მატარებლებთან ერთად სამგზავრო შემადგენლობაც ივლის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მაგისტრალი ევრაზიული ხიდის საფუძველი გახდება და ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, რეგიონის მოსახლეობასაც მჭიდროდ შეაკავშირებს.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით კი, პროექტმა სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით რეგიონი სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად უნდა აქციოს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი აბრეშუმის გზის პროექტში.

საქართველოში მსოფლიოში ყველაზე ძველი ქვევრი აღმოაჩინეს

არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოში აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ მეღვინეობაში თიხის ჭურჭელს ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით 6 000 წელს იყენებდნენ.

აქამდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ჭურჭელი, რომელიც ღვინისთვის გამოიყენებოდა, 7000 წლის იყო. იგი 1968 წელს ირანში აღმოაჩინეს.

არქეოლოგიური ნიმუშები საქართველოში შულავერისა და გადაჭრილი გორის კვლევისას აღმოაჩინეს. კვლევის შედეგები PNAS-მა გამოაქვეყნა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

13 მაისს პეკინში საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. იგი ძალაში 2018 წლის 1 იანვარს შედის.

ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის, დაახლოებით, 94 პროცენტი საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურებისთვის მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი გაიხსნება, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს გააერთიანებს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.

სტაბოლის კონვენციის რატიფიცირება მოხდა

სტამბოლის კონვენციას ქვეყანამ ხელი 2014 წელს მოაწერა. თუმცა, რატიფიცირება სამი წლის შემდეგ, 2017 წელს გახდა შესაძლებელი. სტმაბოლის კონვენციის რატიფიცირებისთვის 24 -ზე მეტ კანონში ცვლილება შევიდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას მოჰყვა, არის ის, რომ კანონის დაცვის ქვეშ მოექცა ყველა ქალი, განურჩევლად იმისა ოჯახშია ძალადობა ჩადენილი თუ მის გარეთ. აქამდე დაცვის მექანიზმები მხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებობდა. 2017 წლიდან შესაძლებელი გახდა დამცავი და შემაკავებელი ორდერის გამოყენება ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობის ყველა შემთხვევაში. ევროსაბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბოლის კონვენცია) 2011 წლის 7 მაისს სტამბოლში მიიღეს. კონვენცია ევროპის ქვეყნებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმებისა და იურიდიული ნორმების შემუშავებას ავალდებულებს.

დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალთა დაცულობა ოჯახში დანაშაულისგან; აწარმოონ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სტატისტიკა; იზრუნონ ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დაცვაზე. დღეისათვის კონვენცია ევროპის საბჭოს 13 ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული.

საქართველოს დევიდ ლინჩი ეწვია

18 ნოემბერს საქართველოს ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი ეწვია. მისი სახელობის ფონდის ფარგლებში, რომლის ფილიალიც თბილისში 2017 წლის 25 ივლისს გაიხსნა, იგეგმება ფესტივალის დაარსება და სპეციალური სკოლის გახსნა, სადაც კინოთი დაინტერესებული ახალგაზრდები ფილმების გადაღებისთვის საჭირო პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ.

ლინჩმა აღნიშნა, რომ აქაური ადგილების სურათებს დაათვალიერებს და მომავალში შესაძლოა საქართველო გადასაღებ ლოკაციებად გამოიყენოს.

გერმანული voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა გახდა

ქართველი მომღერალი ნათია თოდუა გერმანული Voice-ის გამარჯვებული გახდა. კონკურსანტმა მეშვიდე სეზონის ფინალურ კონცერტზე ხმების 50,1% მიიღო. ნათია თოდუა გერმანიაში ცხოვრობს. ის ორი წლის წინ, ე.წ. „ოპერის“ პროგრამით ჩავიდა გერმანიაში და ერთ-ერთ ოჯახს ბავშვების მოვლაში ეხმარება.

ათი ცუდი მოვლენა 2017 წლიდან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^