არასრულწლოვნების მკვლელობა ხორავას ქუჩაზე
1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ჩხუბის ნიადაგზე ორი არასრულწოვანი გარდაიცვალა.
ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დავით სარალიძე, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა და 2001 წელს დაბადებული ლევან დათუნაშვილი, რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო და ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ასევე თბილისის პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის ხუთი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
ანტიტერორისტული სპეცოპერაცია და ჩატაევის სიკვდილი
21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელიც 20 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
გამოძიების ინფორმაციით, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი მოკლეს, ხოლო ბინაში მყოფმა ერთმა პირმა - ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. სპეცოპერაციისას გარდაიცვალა სუს-ის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.
აჰმედ ჩატაევი 2012 წელს ქართული სპეცსამსახურების მიერ ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციაში ფიგურირებდა, რა დროსაც ის დააკავეს. ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ჩატაევმა ფეხი დაკარგა. 2012 წლის 7 დეკემბერს სასამართლომ აჰმედ ჩატაევი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წლის თებერვალში აჰმედ ჩატაევი სირიაში გადავიდა, სადაც ტერორისტულ ორგანიზაციას შეუერთდა და ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების რაზმს მეთაურობდა. 2015 წლის ოქტომბერში გაერო-მ აჰმედ ჩატაევი ტერორისტთა სიაში შეიყვანა.
„ლეოგრანდის“ ტრაგედია
2017 წლის ერთ-ერთი ტრაგიკული შემთხვევა ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძარი იყო, რის შედეგადაც დაიღუპა 11, ხოლო დაშავდა 21 ადამიანი. ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს 20:00 საათზე გაჩნდა. დაღუპულთაგან 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე იყო.
ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
თუმცა სასტუმროს მფლობელმა, ეროლ ავგორენმა განაცხადა, რომ სასტუმროში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. სასტუმროს მეპატრონის გადაწყვეტილებით, „ლეოგრანდმა“ არსებული სახელწოდებით ფუნქციონირებას შეწყვიტა.
ტყის ხანძრები
2017 წელს ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან ამბებს შორის მოხვდა ტყის ხანძრები. 2017 წლის აგვისტოს თვეში ტყეში ხანძრის გაჩენის 81, ხოლო 2016 წლის ამავე პერიოდში 26 შემთხვევა დაფიქსირდა.
სატყეო ხანძრებს შორის ყველაზე მასშტაბური იყო ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი. 20 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში ხანძარი დაბა წაღვერთან დაიწყო. ძლიერი ქარის გამო ის გაძლიერდა და 21 აგვისტოს სოფელ დაბამდე მიაღწია.
ხანძრის გავრცელების მთლიანი პერიმეტრი 943 ჰა-ს შეადგენდა, რომლის 706 ჰა 2008 წლის ნახანძრალი ტერიტორიაა, სადაც ტყის მასივი 2008 წლის ხანძრის შედეგად განადგურდა.
მუშების სიკვდილი
2017 წლის 9 მაისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 350 მეტრი სიმაღლზე სარემონტო სამუშაოების შესრულებისას 4 მეშახტე შახტში ჩავარდა და დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით კომპანიამ განაცხადა, რომ ეს უბედური შემთხვევა მეშახტეების დაუდევრობის გამო მოხდა. თუმცა ადგილობრივები კომპანიას უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში ადანაშაულებდნენ.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა კონსტიტუციაში
26 სექტემბერს დამტკიცდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რაც წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. კონსტიტუციის მიღებას წინ უძღოდა განხილვები.
კამათის საგნად იქცა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა.
კონსტიტუციის საბოლოო ვერსიაში ქორწინება განმარტებულია, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას (მუხლი 30).
არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრებას უარყოფითად აფასებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ შემოთავაზებული ფორმულირებით საკონსტიტუციო ჩანაწერი ჰომოფობიურ კონოტაციას ატარებს და ხელს შეუწყობს ლგბტ პირების მიმართ უარყოფითი განწყობების გაძლიერებას.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავება
თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2007 წლის 24 მაისს თბილისში დააკავეს. სასამართლომ ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაკავებიდან რამდენიმე კვირაში დაკავებულის ადვოკატებმა ლტოლვილთა სამინისტროს ემრე ჩაბუქისთვისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს. სამინისტრომ ჩაბუქს უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსზე, სასამართლომ კი სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ჩაბუქის დაკავებისა და შესაძლო ექსტრადირების საქმეზე არაერთი განცხადება გავრცელდა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ისინი საქართველოს მოუწოდებენ, არ დაუშვას მისი გადაცემა თურქეთის მთავრობისთვის, სადაც ის შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების/არაადამიანური მოპყრობისა ან/და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა: 2002-2007 წლებში ჩაბუქი ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო; 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.
აფგან მუხთარლის საქმე
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩნარდა. მოგვიანებით ის აზერბაიჯანულ ციხეში აღმოჩნდა. მუხტარლის თქმით, ის საქართველოდან ადგილობრივი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა გაიტაცეს, ტომარა ჩამოაცვეს და აზერბაიჯანელ სამართალდამცველებს გადასცეს. ამჟამად მას აზერბაიჯანული სასამართლო ქვეყნის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, არალეგალურად 10,000 ევროს გადატანასა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
მუხთარლის შესაძლო გატაცების საქმეს დიდი რეზონანსი მოჰყვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. საქმის ობიექტური და გამჭირვალე გამოძიების თაობაზე საქართველოს ხელისუფლებას არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ მიმართა.
„ბირჟა მაფიის“ საქმე
ჰიპ-ჰოპ ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ წევრები - გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი - 7 ივნისს, კლიპ „თესლი შავი ზედის“ გამოქვეყნების შემდეგ დააკავეს.
ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკები ჩაუდო. ისინი დაკავებას მათ მიერ გადაღებულ კლიპს უკავშირებდნენ, სადაც პოლიციელი იყო გაშარჟებული.
ქებურიასა და მგალობლიშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაში ედებოდათ ბრალი, რაც 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდა.
„ბირჟა მაფიის“ მხარდასაჭერად 10 ივნისს თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტეს.
გამოძიების დაწყებიდან 7 თვის თავზე პროკურატურამ მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. უწყების განცხადებით, გამოძიების შედეგად ვერ იქნა მოპოვებული ბრალდების დამადასტურებელი ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პარალელურად პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება მათ მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტებზე.
აზიური ფაროსანას შემოსევა დასავლეთ საქართველოში
წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო დასავლეთ საქართველოში გავრცელებული აზიური ფაროსანა, იგივე აზიური ბაღლინჯო, რომელმაც მოსავლის ნაწილი გაანადგურა. მავნებელი საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში, აჭარაში, გურიასა და იმერეთში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ხოლო 2017 წელს მან უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა. რა ზარალი მიაყენა აზიურმა ფაროსანამ მოსახლეობას საქართველოში, უცნობია.