თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების დახმარებაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
„სასამართლომ, დახურულ სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას მიიჩნია, რომ სახეზე იყო ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ასევე ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძვლები. სასამართლომ დანაშაულის ხასიათის, საშიშროებისა და სხვა გარემოებების გთვალისწინებით, მიიჩნია, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლისა და მიმალვის საფრთხეები, ამდენად ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გამოიყენა“,- აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
იდოიძეს ბრალად წინასწარი შეცნობით, ტერორისტებისათვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევა და რესურსებით უზრუნველყოფა ედება. ის სუს-მა 9 იანვარს სოფელ ომალოში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავა.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ზურაბ იდოიძე ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში, რათა ახმედ ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარებოდა. მან ისინი ხოფადან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული მუხლი სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუსი: დაკავებულია პირი, რომელიც ახმედ ჩატაევს საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმარა