„უფრო მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ვფიქრობ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზეც, თუმცა ეს მომავლის ამბავია", - განაცხადა „ტფილისის ჰამქრის" დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ელისაშვილის აზრით, დაჭაობებულ ქვეყანას სჭირდება ჭაობიდან ამოყვანა. „ასე ცხოვრება არ შეიძლება, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რაღაც ძვირდება. როდესაც საკრებულოს საქმიანობაში ვიყავი აქტიურად ჩართული, საყოფაცხოვრებო ვითარებას ვერ ვადევნებდი თვალს, მაგრამ ეს ქვითრები იმდენი მოდის თვიდან თვემდე, რომ აშკარაა ცუდად მიდის საქმე. არ ვაპირებ ელისაშვილის ან ელისაშვილების პარტიის შექმნას, პირიქით, რაც არ მომწონს, არის ბელადების პარტიები, რამაც გამოალპო ჩვენი პოლიტიკური სისტემა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საკრებულოს ყოფილი დეპუტატი უახლოესი პოლიტიკური გეგმების შესახებაც საუბრობს: „დაგეგმილია უცხოეთში რამდენიმე ვიზიტი, რადგან არჩევნების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოთქვეს ჩემი გაცნობის სურვილი. ამის შემდეგ ვაპირებ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის დაარსებას. ამ ქვენის ბედი მთლად კარგად ვერ არის და ის პოლიტიკური სისტემა, რომელიც არის, საჭიროებს ცვლილებას, რადგან რეალურად დაჭაობებული პოლიტიკური სისტემაა. გვყავს ბელადების პარტია. ნებისმიერი პატარა დისკუსიაც კი იწვევს პარტიების დახლეჩას. ამდენად, მსურს აბსოლუტურად ახალი შინაარსის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნას“.