თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა თავართქილაძემ „თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტ ბექა წიქარიშვილს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გუშინ გიორგი გიორგანაშვილისთვის („ბახალასთვის“) 8 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯის შემდეგ ბექა წიქარიშვილმა სასამართლოს შენობას აგური ესროლა და მინა ჩაამსხვრია.
„ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, წიქარიშვილი სასამართლომ წვრილმან ხულიგნობაში სამართალდამრღვევად ცნო.
ბექა წიქარიშვილის ადვოკატის, ანა ნასრაშვილის თქმით, „ეს გადაწყვეტილება, გუშინდელი გადაწყვეტილება „ბახალასთვის“ 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის თაობაზე, სერიოზულ კითხვებს აჩენს სასამართლოს ქმედებებზე“.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად წვრილმანი ხულიგნობა (მუხლი 166) ითვალისწინებს: საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
აღნიშნული ქმედება შემდეგ სანქციებს მოიცავს: დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
გუშინ მანდატურის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სასამართლოში წესრიგის დარღვევისთვის რეჟისორი თორნიკე ბზიავა 500 ლარით დაჯარიმდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი („ბახალა) დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.