იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე, რომელთა შესახებაც სასამართლომ სამინისტროს თანამდებობებეზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა, ამ გადწყვეტილების არაღსრულების გამო ცენტრს პროკურატურაში უჩივიან.
ამის შესახებ ინფორმაციას თამაზ ახობაძე Facebook-ში ავრცელებს.
„სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მე და ანა სუბელიანი უნდა აღგვადგინოს თანამდებობებზე და ჩაგვირიცხოს განაცდური და ეს უნდა მოახდინოს დაუყონებლივ.
ჩვენ მოლაპარაკების შედეგად, რადგან აღდგენა რთულია [რაც ჩვენი პრობლემა ნამდვილად არაა] ცენტრს შევთავაზეთ შემდეგი პირობა:
განაცდური + მორალური ზიანისთვის ვერ აღდგენის კომპენსაცია;
ან
განაცდური + მორალური ზიანისთვის ოფიციალური ბოდიშის წერილი სამინისტროსგან;
დანაშაულის პრევენციის ცენტრი გვთავაზობს ყველაზე ცუდ პირობას: უარი ვთქვათ აღდგენაზე და ჩაგვირიცხავენ განაცდურს, ოღონდ ეტაპობრივად. ბოდიშის მოხდაც კი არ უნდათ.
ბუნებრივია, ეს პირობა, მაშინ როცა ოთხი წელი ვიბრძოლეთ სასამართლოებში და დავამტკიცეთ ჩვენი უკანონოდ გათავისუფლება, ჩვენთვის მიუღებელია.
ამიტომ მე და ანა ვაგრძელებთ ბრძოლას, როგორც სამართლებრივ [ვუჩივით დანაშაულის პრევენციის ცეტნრის ხელმძღვანელს სასამართლო გადაწყვეტილების არაღსრულების გამო პროკურატურაში], ასევე სხვა მეთოდებით [მათ შორის დანაშაულის პრევენციის ცენტრის დანაშაულებრივი ქმედების მაქსიმალურად გაშუქება: მედია, საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები... დონორები - იცოდნენ ვის აფინანსებენ] და სხვა პარტიზანული გზებით, -„ ამბობს თამაზ ახობაძე.
2017 წლის 9 მარტს სააპელაციო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროდან ანი სუბელიანისა და თამაზ ახობაძის გათავისუფლების საქმის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ მათი მოთხოვნა თითქმის სრულად დააკმაყოფილა და სამინისტროს ორივეს ტოლფას თანამდებობებზე აღდგენა დაევალა.
ანი სუბელიანი და თამაზ ახობაძე სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ პროექტების მენეჯერებად მუშაობდნენ. 2014 წლის 10 იანვარს ცენტრის დირექტორის ბრძანებით, რეორგანიზაციის მოტივით, გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან.