რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქციის მხარდასაჭერად პეტიცია მომზადდა.
„ჩვენ, რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მადლიერი აუდიტორია, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ ქართულ რედაქციასთან დაკავშირებით გაჟონილ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოგმართავთ, რომ დაუყოვნებლივ გატარდეს საქართველოშჲ არსებული გამოწვევების ადეკვატური პოლიტიკა, რაც უნდა გამორიცხავდეს რედაქციის დასუსტებას და დესტაბილიზებას, -„ ნათქვამია პეტიციის ტექსტში.
პეტიციის სრული ტექსტის გაცნობა და ხელმოწერა შეგიძლიათ აქ.
რამდენიმე დღის წინ გამოცემა BBG Watch წერდა, რომ „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისი ქართულ ბიუროზე ზეწოლას ცდილობს. ამერიკული მედიასაშუალების მიხედვით, „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისის მენეჯმენტი ქართულ სამსახურს „რუსთავის 2-თან“ თანამშრომლობას აძალებს და ბიუროს დირექტორის დავით კაკაბაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ცდილობს. როგორც BBG Watch იუწყება მათ ზეწოლის შესახებ არაერთი წყაროსგან გაიგეს.
BBG Watch-ის ცნობით, რადიოს ქართული სამსახური სათავო ოფისის მოთხოვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მიიჩნევდა, რომ მართალია „რუსთავი 2-თან“ თანამშრომლობა მას უფრო დიდ აუდიტორიაზე გაიყვანდა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ ტელევიზიასთან კავშირი რადიოს ობიექტურობის იმიჯს, რეპუტაციას საფრთხეს შეუქმნიდა. სათავო ოფისის თანამშრომლები, მათ შორის, რადიოს ვიცე-პრეზიდენტი ნენად პეჟიკი კი ქართულ ბიუროზე ზეწოლას ცდილობდნენ, რათა „რადიო თავისუფლებას“ ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ეთანამშრომლა.