აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი დიანა ჯანაშია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს ღია წერილით მიმართავს. რომელსაც „ლიბერალი“ უცვლელად გთავაზობთ.
მშობელი: ვინ აგებს პასუხს გაბის მდგომარეობაზე, რომლისთვისაც ბაღის შეცვლა სტრესი იქნება
„მოგახსენებთ, რომ 2018 წლის 25 იანვარს, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე დაიკეტა მე-19 საბავშვო ბაგა-ბაღი. აღნიშნულ ბაღში დადის ჩემი 5 წლის აუტიზმის მქონე შვილი - გაბრიელ ცინცაძე.
მე-19 ბაღში გაბისთვის იყო შექმნილი შესაბამისი გარემო და მობილიზებული იყო ადამიანური რესურსი, რამაც გაგვიყვანა დიდ შედეგებზე.
დღევანდელი მდგომარეობით ბაღი გადავიდა მე-40 საჯარო ბაღის დარბაზში. დარბაზი არის მეორე სართულზე, არ აქვს გისოსები და დარბაზში შეყვანილია ორი ჯგუფი. დარბაზში არის პირობითი გამყოფი ზოლი, რომელიც შექმნილია კარადების გზით.
შექმნილ პირობებში ირღვევა ჩემი შვილის უფლება, მიიღოს ხარისხიანი სკოლამდელი განათლება და არ ხდება მისი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება.
- დარბაზში არის დიდი ხმაური, რაც განპირობებულია მასში 70-მდე ბავშვის ყოფნით. გაბრიელზე ცუდად მოქმედებს ხმაური. ის ხშირად იგზნება და შეიძლება გამოამჟღავნოს აგრესიული ქცევა.
- აღნიშნულ გარემოში გაბრიელმა დაანება თავი ჭამას, რაზეც სპეცპედაგოგი მუშაობდა თვეების მანძილზე. იმის მაგივრად, რომ მომხდარიყო ბავშვის ამ უნარების განვითარება, წავედით უკუსვლით.
- აღნიშნულ გარემოში გაბრიელს უჭირს კონცენტრაცია და ინსტრუქციების მიყოლა (არ ჯდება მაგიდასთან, მუდმივად ცდილობს გაქცევას).
- ოთახს არ აქვს გისოსები და არ ხდება შესაბამისი განიავება. ჩემ შვილს კი უყვარს ფანჯარასთან ჯდომა, რაც უკვე უსაფრთხო აღარ არის.
- აღნიშნულ დარბაზს არ აქვს საპირფარეშო. ყოველ ჯერზე დამხმარე პერსონალს უწევს ბავშვის გაყვანა ოთახიდან და პირველ სართულზე ჩაყვანა. ოთახიდან გასვლა გაბრიელისთვის მანიშნებელია იმის, რომ მიდის სახლში, უკან დაბრუნებას თან ახლავს საშინელი პროტესტი, რაც გამოხატულია ტანტრუმებით.
- ბაღის დაშლით და გადანაწილებით სხვადასხვა ბაღში მოჰყვა შემდეგი პრობლემა, რომ სპეცპედაგოგი, რომელიც აქტიურად მუშაობდა გაბრიელთან, დადის კიდევ სხვა ბაღში. გაბრიელი ვეღარ იღებს საჭირო ყურადღებას და ვერ ხერხდება მისი ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ძირეული პრინციპის - გონივრული მისადაგების უგულებელყოფა, კონვენციის მთელი რიგი მუხლების დარღვევა: მე-3, მე-7 და 24-ე მუხლები. საქართველოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის შემდგომი მუხლების დარღვევა: მე-10, მე-17 და 23-ე.
გთხოვთ, ისეთივე სწრაფ რეაგირებას, როგორიც გამოიჩინეთ ბაღის დახურვის დროს და უზრუნველყოთ გაბრიელის ჯგუფი შესაბამისი გარემოთი: დახურული ტიპის და საკმარისი კვადრატულობის ოთახის გამოყოფა, სადაც იქნება მხოლოდ აღნიშნული ჯგუფი; ოთახს შიგნით იყოს საპირფარეშო; იყოს გისოსები ფანჯარაზე, სპეც. მასწავლებელი, რომელიც მუშაობდა გაბრიელთან სრული დატვირთვით და ინდივიდუალურად იმუშაოს მასთან. გაითვალისწინეთ, ყველა შესაბამისი სტანდარტი და მოთხოვნა!"