რას საქმიანობენ მეცნიერებათა აკადემიაში? რამდენია მისი ბიუჯეტი? ვინ არიან წევრები და როგორ იმართება ის? – „ლიბერალმა“ შესაბამისი ინფორმაცია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიდან გამოითხოვა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა.
აკადემიკოსები; წევრ-კორესპონდენტები; საპატიო აკადემიკოსები და აკადემიის უცხოელი წევრები - ასე გამოიყურება აკადემიის წევრთა სტატუსები.
აკადემია საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველია და ეს კანონითაა გათვალისწინებული.
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფინანსება
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფინანსების ძირითადი წყარო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტია. დამატებითი წყარო კი სამეცნიერო კვლევების მხარდამჭერი ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდები.
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიუჯეტი 2017 წელს 4 მლნ. ლარზე მეტი იყო. აქედან, ყველაზე მეტი შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა (2,215,246 ლარი).
2012 წელს მეცნიერებათა აკადემიის ბიუჯეტი (ფონდების გარეშე) 3 მლნ.100 ათასი ლარი იყო.
აკადემიის თანამშრომლები და მათი ანაზღაურება
მეცნიერებათა აკადემიის შესახებ კანონის მიხედვით, აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1600 ლარის ოდენობით ენიშნება.
დღეს მეცნიერებათა აკადემიაში 59 აკადემიკოსი და 31 წევრ-კორესპონდენტია.
აკადემიკოსის სტატუსის მიღება არჩევით ხდება. აკადემიკოსის თანამდებობაზე ნომინირებულ პირს აკადემიის საერთო კრება ხმათა უმრავლესობით ირჩევს.
აკადემიკოსად ირჩევა პირი, რომელმაც საერთაშორისოდ აღიარებული წვლილი შეიტანა მეცნიერების განვითარებაში.
აკადემიკოსობის წევრობის კანდიდატებს ასახლებენ ეროვნული აკადემიის წევრები სამეცნიერო საზოგადოებები და ა.შ.
აკადემიკოსის სტატუსი სამუდამოა და ისინი ამ სტატუსის გამო ცხოვრების ბოლომდე იღებენ ხელფასს.
(აკადემიკოსების სია იხილეთ ქვემოთ)
წესდების მიხედვით, აკადემიის აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები აკადემიის განყოფილებების წევრები უნდა იყვნენ.
აკადემიაში სულ 9 სამეცნიერო განყოფილებაა შექმნილი.
მაგალითად, ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების წევრია მოქანდაკე ზურაბ წერეთელი. აკადემიაში ამბობენ, რომ ის ამისთვის კანონის შესაბამის ანაზღაურებას იღებს (არანაკლებ 1600 ლარისა).
შენიშვნა: მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ „ლიბერალს„ მეცნიერებათა აკადემიის ფინანსური სამსახურიდან დაუკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ზურაბ წერეთელი ანაზღაურებას არ იღებს აკადემიიდან, მან ამის შესახებ ჯერ კიდევ 2008 წელს წერილობით განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აღნიშნული ინფორმაცია მეცნიერებათა აკადემიისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დავწერეთ (აკადემიამ მაშინ დაგვიდასტურა, რომ ზურაბ წერეთელი იღებს ხელფასს) აკადემიის მიერ გამოგზავნილ წერილს ვურთავთ მასალას.
აკადემიის სივრცეში აკადემიკოსი ყველაზე მაღალი სტატუსია. ასევე არსებობს წევრ-კორესპონდენტისა და აკადემიის სტიპენდიატის სტატუსები.
აკადემიის წევრ-კორესპონდენტსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ენიშნება ანაზღაურება - თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით. ამდენივე ენიშნება აკადემიის სტიპენდიატსაც.
„ლიბერალისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გარდა აკადემიკოსისა და წევრ-კორესპონდენტისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2017 წელს დასაქმებული იყო 165 შტატიანი, ხოლო 18 შტატგარეშე თანამშრომელი.
მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობა ოთხი ადამიანისგან შედგება. აკადემიის პრეზიდენტია გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტები - როინ მეტრეველი და თემურ ნანეიშვილი, აკადემიკოს-მდივანი - ირაკლი ჟორდანიაა.
2017 წელს აკადემიის პრეზიდენტის ანაზღაურება 2500 ლარი იყო, პრემიის სახით კი დამატებით 2 750 ლარი მიიღო.
ვიცე-პრეზიდენტების და აკადემიკოს მდივნის ანაზღაურება თვეში 2000 ლარია. 2017 წელს დამატებით პრემიის სახით თითოეულმა 2250 ლარი მიიღო.
გასული წლის მონაცემებით, მე-2 და მე-4 კვარტალში პრემია აიღო აკადემიის ყველა თანამშრომელმა. მაგალითად, წამყვანი სამეცნიერო რედაქტორის ანაზღაურება თვეში 600 ლარია, მან პრემიის სახით ერთ წელში 850 ლარი მიიღო.
რა აკეთებს მეცნიერებათა აკადემია?
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის ანგარიშები აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზეა მოცემული.
როგორც „ლიბერალს“ აკადემიაში უთხრეს, ანგარიში იმის შესახებ, თუ რას საქმიანობდნენ აკადემიაში 2017 წლის განმავლობაში, მზადების პროცესშია, თუმცა მოკლე ჩამონათვალი მაინც გამოგვიგზავნეს.
როგორც აკადემიაში ამბობენ, გასულ წელს დაიწყო მუშაობა ქართული ენის თესაურუსის შექმნაზე, რომელიც პირველი დოკუმენტირებული ისტორიული ლექსიკონი იქნება ქართული ენისათვის. ასევე, მუშაობდნენ ქართული წერილობითი წყაროების სანდო ლექსიკური ბაზების შექმნაზე.
2017 წელს შეიქმნა და გამოიცა ენციკლოპედიები „საქართველო“ და „ქართული კულტურის ძეგლთა აღწერილობა“ (მრავალტომეულები).
„მთლიანობაში ეს გამოცემა მიზნად ისახავს, გააცნოს მკითხველს საქართველოსთან და ქართველებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, ფაქტი თუ პიროვნება, დეტალურად აღწეროს ქართული ისტორიულ-კულტურული ძეგლები“, - ამბობენ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.
2017 წელს გამოიცა აკადემიის „მოამბის“ ოთხი ტომი. ასევე, გამოქვეყნდა მაცნეს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის სერიის და მაცნეს ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების სერიის პირველი და მეორე ნომრები.
აკადემიამ 2017 წელს გამოსცა ჟურნალი „ბიომედიცინა“, „საქართველოს მათემატიკური ჟურნალი“ და „მემუარები დიფერენციალურ განტოლებებსა და მათემატიკურ ფიზიკაში“.