88 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო.
კანონი ვრცელდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე და არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან.
კანონის მიხედვით, შრომის უსაფრთხოება გულისხმობს სამუშაოს ნეგატიური ასპექტებისგან დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ფუნქციონალური შესაძლებლობების დაცვის სისტემას, რომელიც ქმნის პირობებს ჯანსაღი და უსაფრთხო საქმიანობისათვის და რომელიც მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, სანიტარულ-ჰიგიენურ, სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სხვა ღონისძიებებს; გათვალისწინებულია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების საქმიანობის სავალდებულო რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
კანონპროექტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა, დასაქმების სფეროებია, რომლის შემოწმების უფლებაც შრომის ინსპექციას ექნება. კანონი მხოლოდ მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოებს მოიცავს და მძიმე მავნე და საშიშპირობებიანი 11 სფერო განისაზღვრა: 1. მშენებლობა და სამშენებლო მასალების წარმოება; 2. სამთო-გეოლოგიური სამუშაოები; 3. მეტალურგიული წარმოება; 4. ელექტროენერგეტიკა ; 5. ნავთობისა და გაზის მრეწველობა; 6. ქიმიური წარმოება; 7. ლითონდამუშავება; 8. მინის წარმოება; 9. მერქნის დამამუშავებელი წარმოება; 10. საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობა; 11. ტრანსპორტი (რკინიგზა, მეტროპოლიტენი, საზღვაო ნავსადგურები, საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტი).
ამ კომპანიების/საწარმოების სიას მთავრობა დაადგენს.
რა ვერსიით გავა „შრომის უსაფრთხოების" კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე