ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სკოლებში მანდატურის უფლებამოსილების გაზრდას კრიტიკულად აფასებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა საჯარო განხილვისათვის წარადგინეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანია საჯარო სკოლებში უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესება მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებებისა და ფუნქციების გაზრდის გზით.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კანონპროექტი მანდატურს ანიჭებს საპოლიციო კონტროლისათვის დამახასიათებელ უფლებამოსილებებს. საია მიიჩნევს, რომ პრევენციულმა ღონისძიებებმა უნდა დაიცვას გონივრული ბალანსი და არ გამოიწვიოს ბავშვის უფლებების არასათანადო და დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვიდეოთვალთვალის საჭიროების მქონე კატეგორიის სკოლებს. ასევე, კანონპროექტში არ არის მითითებული, თუ რა ტიპის ინფორმაცია შევა ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში, იქნება ეს მხოლოდ სამართალდარღვევის შესახებ , თუ, ასევე, მოიცავს არასრულწლოვნის პირად მონაცემებს.
მანდატურის ახალი ფუნქციები - რას ითვალისწინებს ცვლილებები
გარდა ამისა, განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ცვლილებების პროექტში წარმოდგენილ რამდენიმე საკითხზე:
ა) მანდატურის მიერ არასრულწლოვანის ზედაპირული დათვალიერება - კანონპროექტის თანახმად, „ზედაპირულმა დათვალიერებამ“ ჩაანაცვლა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული „პირადი გასინჯვა.“ იმის მიუხედავად, რომ მათი მიზანი იგივე დარჩა, ზედაპირული დათვალიერებისას გაიზარდა მანდატურის მოქმედების სფერო და უფლებამოსილებები და შემცირდა მტკიცების სტანდარტი.
პირველ რიგში, კანონპროექტით გაფართოვდა ზედაპირული დათვალიერების გამოყენების არეალი და გავრცელდა არა მხოლოდ მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის დარღვევაზე, არამედ დაემატა „შესაძლო სამართალდარღვევა,“ რომლის განმარტება კანონის პროექტში არ არის წარმოდგენილი და ბუნდოვანია. გარდა ამისა, ზედაპირული დათვალიერების საფუძვლად განისაზღვრა „საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის“ და შემცირდა პირადი გასინჯვისას არსებული „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტი. ასევე, ზედაპირულ დათვალიერებას ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე სკოლის ადმინისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მაშინ როდესაც, პირადი გასინჯვა შეიძლება ჩატარებულიყო მხოლოდ დირექტორის ან დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.
ბ) მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება
კანონპროექტი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც მანდატურის მიერ ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორისაა: ა) სამართალდარღვევის აღკვეთა; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირის თავდასხმის მოგერიება; გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს მისთვის წინააღმდეგობის გაწევა; დ) სამართალდამცავი ორგანოსათვის წარსადგენად დამნაშავის შეპყრობისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირი მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფებს.
საია მიიჩნევს, რომ მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება სამსახურებრივი უფლებამოსილებისას მისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო უპირობოდ არ უნდა იყოს შესაძლებელი და მანდატურს არ უნდა ჰქონდეს ფართო უფლებამოსილება შეაფასოს ესე თუ ის ქმედება გამოიწვევს თუ არა მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლას.
გ) მანდატურის მიერ მოსწავლის შეყოვნების მექანიზმის გამოყენება - კანონპროექტი ითვალისწინებს მანდატურის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩამდენი მოსწავლის მიმართ შეყოვნების მექანიზმის გამოყენებას, რაც გულისხმობს მოსწავლის განცალკევებას სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანდასწრებით.
საია მიიჩნევს, რომ შეყოვნების მექანიზმი მანდატურს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს და არსებობს რისკი, რომ მისი პრაქტიკაში გამოყენება ბავშვის უფლებების არაგონივრული შეზღუდვის ხარჯზე მოხდეს.
გ) არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების დაცვა
კანონპროექტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობებით გათვალისწინებული კატეგორიის სკოლაში უნდა განხორციელდეს სკოლის გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეოთვალთვალი პირის უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით. ვიდეოთვალთვალის სისტემის ადმინისტრირებას ახორციელებს მანდატური. გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას სკოლაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზა, რომელზეც დაშვება აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
განცხადების სრული ვერსია იხილეთ აქ.