Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ გავხადოთ სკოლა უსაფრთხო

25 დეკემბერი 2017

1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე გარდაიცვალა. მიმდინარე თვის განმავლობაში საზოგადოების აქტიური მსჯელობის საგნად სკოლებში ძალადობასთან, ჩაგვრასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები იქცა.  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა და ძალადობის წინააღმდეგ დარგის სპეციალისტების, ფსიქოლოგებისა და მშობლების ჩართულობით ფართომასშტაბიანი კამპანიაც დააანონსა.

დარგის სპეციალისტების შეფასებით, სკოლების უსაფრთხოების დღევანდელი სისტემა მეტწილად ორიენტირებულია კონტროლზე და ნაკლებად - მოსწავლეებში ღირებულებებისა და ურთიერთობების განვითარებაზე. უფრო მეტიც, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არ არის დანერგილი სკოლების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამები. პრაქტიკა აჩვენებს იმასაც, რომ უსაფრთხო სასკოლო გარემოს შესაქმნელად საკმარისად არ ხდება სკოლასა და საზოგადოებაში არსებული რესურსების გამოყენება. იშვიათად ვხვდებით განსხვავებულ პრაქტიკასაც:

თბილისის 136-ე საჯარო სკოლა

თბილისის 136-ე საჯარო სკოლაში თითქმის ათასი მოსწავლე სწავლობს. სკოლის დირექტორის, ელზა ბადაშვილის თქმით, სკოლაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება კარნახობს მას, რომ არ არსებობს ყველა სკოლისთვის უნივერსალური ფორმულა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვანია სკოლის ინდივიდუალური საჭიროებების გააზრება, როგორც თავად სასკოლო საზოგადოების წევრების  პრობლემების გაცნობა, ასევე გარე ფაქტორების - დასახლებაში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების - გათვალისწინება.  

უსაფრთხო სკოლასთან მიმართებით, სკოლის გამოცდილებაზე საუბრისას ელზა ბადაშვილი ორ ძირითად ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას: მისი თქმით, მნიშვნელოვანია სკოლაში არსებობდეს გარკვეული კონტროლის მექანიზმი, ამის მაგალითად კი მოაქვს ვიდეოკამერები, რომელიც სკოლაშია დამონტაჟებული, ასევე მოსწავლეთა დაგვიანებებისა და გაცდენების მკაცრი აღრიცხვა და ამის შესახებ მშობლების დროულად საქმის კურსში ჩაყენება. მეორე მხრივ კი, ის ყურადღებას ამახვილებს მოსწავლეებში თვითდისციპლინის მნიშვნელობაზე და იმგვარი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე, რაც მათ კარგ მოქალაქეებად აღზრდას უზრუნველყოფს.

 „პრაქტიკა აჩვენებს, რომ მხოლოდ კონტროლის გაძლიერებას ხშირად შედეგი ვერ მოაქვს. მაგალითისთვის, ჩვენი სკოლა აღჭურვილია ვიდეო-კამერებით, ეს  გარკვეულწილად ეფექტურია, მაგრამ გამოსავალი არ არის.  ბავშვებმა კარგად იციან ის ადგილები, სად არის ან არ არის დამონტაჟებული კამერები. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი ხომ მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე ბავშვების უსაფრთხოება არ არის. გრძელვადიანი და შედეგის მომტანია ბავშვებში ღირებულებების ჩამოყალიბება, თვითდისციპლინის გაჩენა და გზების სწავლება, როგორ დაიცვან თავიანთი თავიც და სხვებიც ძალადობისგან, ჩაგვრისგან, შეურაცხყოფისგან. ამ მიზნის მიღწევაში გადამწყვეტი როლი მასწავლებლებს ენიჭებათ“, - ამბობს ელზა ბადაშვილი.

ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მაია გურასიშვილი ამბობს, რომ მასწავლებელი უსაფრთხო სკოლის ჩამოყალიბების პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. ის დიდ დროს ატარებს მოსწავლეებთან, რაც შესაძლებლობას აძლევს მას, მეტი იცოდეს მათი პრობლემების შესახებ და ამ პრობლემების გადაჭრის გზების პოვნაშიც მათი ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე დაეხმაროს.

მაია გურასიშვილი ჰყვება, რომ განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი გაკვეთილები, სადაც საუბრის თემას მოსწავლეები საკუთარი პრობლემებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე არჩევენ, რაც მასწავლებელს საშუალებას აძლევს კლასში არსებული სიტუაცია შეაფასოს; მეორე მხრივ, რამდენიმე მოსწავლის აქტიურობაც კი ახალისებს იმ კატეგორიის მოსწავლეებს, რომლებსაც ხმამაღლა საკუთარ პრობლემებზე საუბრის რცხვენიათ.

 „საინტერესო პრაქტიკა არის სამოქალაქო განათლების დოკუმენტური ფილმებით სწავლების პროგრამა.  გაკვეთილებზე ხშირად ვაჩვენებ მოსწავლეებს ფილმებს ძალადობასთან, ჩაგვრასთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებზე. ამ ფილმებში მოცემულია დილემა, რომელიც მოსწავლეებმა უნდა გადაჭრან. ფილმების შემდეგ გვაქვს დისკუსია, ბავშვები მსჯელობენ, ფილმში ნაჩვენები პრობლემის გადაწყვეტის გზებს სახავენ, საკუთარ თავს ფილმის გმირების როლში წარმოიდგენენ, რაც ხელს უწყობს მათში ემპათიის უნარის განვითარებას“.

მისი მოსწავლე, მე-10 კლასელი ნინი მუშკუდიანი ამბობს, რომ გასულ გაკვეთილზე კიბერბულინგის თემაზე იმსჯელეს. ფილმი კი, რომელიც გაკვეთილზე ნახეს, ერთი გოგონას ისტორიას ეხებოდა, რომელსაც ინტერნეტში თანაკლასელებმა ფოტოები გაუვრცელეს, თანატოლების დაცინვამ კი ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა. 

„ძირითადი დასკვნა, სადამდეც ამგვარი ფილმების ნახვისა და განხილვის შემდეგომ მივდივართ, არის ის, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ამ გამოსავლის პოვნის გზა კი სხვადასხვაა. შესაძლოა შენი თანატოლი, შენივე კლასელი დაგეხმაროს, ან შენ აღმოჩნდე მისთვის დამხმარე, რომ თავი გაართვას სირთულეებს. პრობლემის მოგვარების გზა შესაძლოა მასწავლებლისთვის ან მშობლისთვის გაზიარებაც გახდეს. გააჩნია სიტუაციას, მთავარია, რომ პრობლემის მოგვარების გზები ეძებო და არ შეშინდე“,- ამბობს ნინი.

თბილისის 98-ე საჯარო სკოლა

თბილისის 98-ე საჯარო სკოლაში 1300-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. სკოლა ორენოვანია და 24 სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეს აერთიანებს. სკოლის დირექტორი გიორგი მომცელიძე უსაფრთხო სასკოლო გარემოზე საუბრისას, სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ უსაფრთხო სკოლას მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციის ძალისხმევა ვერ უზრუნველყოფს, მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში მშობლების აქტიური ჩართულობა. სკოლაში არსებობს მშობელთა კომიტეტი, რომელიც აქტიურადაა ჩართული გადაწყვეტილებების მიღებაში. გიორგი მომცელიძე მიიჩნევს, რომ სკოლის შინაგანაწესი, მშობლებისა და მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით უნდა ჩამოყალიბდეს, თანამონაწილეობის განცდა კი ამ წესების მორჩილებისა და პატივისცემის სურვილს აჩენს. მისი თქმით, ამ მიზნით, ყოველწლიურად სკოლაში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების გამოსავლენად ტარდება კვლევა, რომელშიც ანონიმურად მონაწილეობენ მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. მიღებული მონაცემების დამუშავებაში სკოლას პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები ეხმარებიან.

„მოსწავლეები ანონიმური გამოკითხვისას უფრო გულახდილნი არიან. ეს გვეხმარება, რომ დავინახოთ პრობლემები, შევაფასოთ რისკები და მივიღოთ პრევენციული გადაწყვეტილებები. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო საზოგადოების ყველა წევრში არსებობდეს სკოლასთან იდენტიფიცირების განცდა; ყველა გრძნობდეს, რომ ეს ერთი ოჯახია. 2-3-წევრიან ოჯახებშიც კი არსებობს გარკვეული პრობლემები. იმ ოჯახში სადაც 1500 ადამიანი მოძრაობს, არ გვაქვს ილუზია, რომ პრობლემები არ იქნება. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს მცირე კონფლიქტების რისკები. მშობლებთან აქტიური კომუნიკაცია, რომელიც ამ რისკების შემცირებისკენაა მიმართული, ვფიქრობ, რომ ჩვენი ძლიერი მხარეა“.  

ლალი ალელიშვილი ამავე სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ის ჩართულია სამართლებრივი კულტურის სწავლების პროგრამაში. პროგრამა ორიენტირებულია მოსწავლეებში იმ ღირებულებების დამკვიდრებაზე, რომლებიც მათ ტოლერანტობისკენ, ერთმანეთის პატივისცემისკენ, სასკოლო გარემოს დაცვისკენ უბიძგებს. პროგრამის ფარგლებში კვირაში ერთხელ მასთან ერთად გაკვეთილებს პოლიციელიც ატარებს, რომელიც მოსწვალეებს ასწავლის, როგორ უნდა მოიქცნენ კონფლიქტურ სიტუაციაში, ვის მიმართონ,- „მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი ბავშვების აღზრდას სისტემურად მიუდგეს. თუკი მე, როგორც სამოქალქო განათლების მასწავლებელი ბავშვებს გაკვეთილზე ვესაუბრები მავნე ჩვევებზე, ბიოლოგიის მასწავლებელს შეუძლია გაკვეთილზე ყურადღება გაამახვილოს ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე. ჩვენთან მოსწავლეების დავალება ხშირად მშობელთა ჩართულობასაც მოიცავს. ამგვარად სკოლა ჯაჭვურად დაკავშირებული ერთი ორგანიზმი ხდება. რაც მეტად იცნობს ამ პროცესში ჩართული ყველა მონაწილე ერთმანეთს, მით უფრო იკლებს კონფლიქტის, ძალადობის, ჩაგვრის რისკებიც“.

მისივე თქმით, პრაქტიკა აჩვენებს იმასაც, რომ ძალიან ეფექტურია, როცა უფროსკლასელები დაწყებითი კლასების მოსწავლეებს გამოცდილებასა თუ ინფორმაციას უზიარებენ. ამის მაგალითად ისეთი გაკვეთილები მოაქვს, სადაც დაბალკლასელებს უფროსკლასელ მოსწავლესთან ერთად უტარებს გაკვეთილს,- „მასწავლებელს მედიატორის როლი აკისრია, ხანდახან მოსწავლეები მოგვმართავენ, რომ რაღაც აწუხებთ. ხანდახან ჩვენ თვითონ ვამჩნევთ, რომ რაღაც რიგზე არ არის, ან კონფლიქტი აქვთ ერთმანეთში. გაკვეთილებზე ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ პრობლემები არ უნდა დამალონ. ხშირად მოსწავლეებს რცხვენიათ ამაზე საუბრის. მშობელთან კომუნიკაცია ყველაზე მეტად გვეხმარება მასწავლებლებს ამ პრობლემების მოგვარებაში. ამ დროს ბავშვს არ აქვს განცდა, რომ თუკი თავისი პრობლემის შესახებ იტყვის, მას ვერ გაუგებენ“.

როგორც ამავე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სერგო შაგანოვი ამბობს, სკოლაში მოსწავლეები პატარა კონფლიქტებს, ძირითადად, თავადვე აგვარებენ.

„ძირითადად ერთმანეთთან პატარა უთანხმოებები მოგვდის ხოლმე, შელაპარაკება, ხანდახან შეყვარებულის გამოც, რასაც, ძირითადად, ჩვენ თვითონ ვუმკლავდებით. თუ ვიგრძნობთ, რომ ვერ ვუმკლავდებით, დამრიგებელს ვეუბნებით, მანდატურსაც. ასეთი უთანხმოებები დაბალ კლასებში უფრო ხშირია, ვიდრე მაღალ კლასებში. ამგვარ თემებზე, ძირითადად, კლასის დამრიგებლის საათზე და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ვსაუბრობთ-ხოლმე, თუ როგორ ვიზრუნოთ ერთმანეთზე, სკოლაზე. ან როგორ ავირიდოთ თავიდან კონფლიქტი, როგორ მოვიქცეთ, როცა, ჩვენზე ძალადობენ ან გვჩაგრავენ“.

*******

დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ სასკოლო საზოგადოება არ არის ჩართული სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების  მიღების, აღსრულებისა თუ მსჯელობის  პროცესში, ამბობს განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია. მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ მოსწავლეები ერთგვარად გარიყული არიან ამ პროცესისგან და მონაწილეობას არ იღებენ სასკოლო დონეზე წესების შემუშავებაში.

„არის დამოკიდებულება, რომ ბავშვები უნდა მოიქცნენ იმ წესების მიხედვით, რომლებიც მათ სკოლაშია,  რომელიც დადგენილია სკოლის გარედან, სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან. ბავშვები ამბობენ, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის, ამ საქმეს ადმინისტრაციამ უნდა მიხედოს, ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ ადმინისტრაციასთან, რადგან ეს შეიძლება ნიშნავდეს ჩაშვებას, დასმენას და ა.შ. ასეთი პრაქტიკის პირობებში რთულია, ბავშვმა ისწავლოს პასუხისმგებლობის აღება იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ის ცხოვრობს. ასეთ საზოგადოებაში შეუძლებელია იმ ღირებულებების განვითარება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბავშვებისთვის, რომლის საფუძველზე, მაგალითად, არ დააზიანებდნენ სკოლის ქონებას, არ იძალადებდნენ სხვაზე და ა.შ.“.

მეორე მხრივ, სიმონ ჯანაშია ყურადღებას ამახვილებს ცოდნის დეფიციტზე, როგორც მასწავლებლებში, ასევე მოსწავლეებში. მისივე განმარტებით, პრობლემურია ისიც, რომ სკოლაში მოსწავლეებს ნაკლებად ასწავლიან, როგორ განმუხტონ კონფლიქტები, კომუნიკაციის რა ფორმებს უნდა აარიდონ თავი იმისათვის, რომ კონფლიქტი არ გაღრმავდეს; როგორ დაეხმარონ დაჩაგრულს ან ვის სთხოვონ დახმარება კონფლიქტის განსამუხტავად, არამხოლოდ სკოლის შიგნით, არამედ სკოლის გარეთ, ვინაიდან მოსწავლეს კონფლიქტი შეიძლება მოუვიდეს ისეთ ადამიანთან, რომელიც საერთოდ არ იყოს დაკავშირებული სკოლასთან.

არსებულ პირობებში რა შესაძლებლობები აქვთ სკოლებს, რომ უსაფრთხო, ძალადობისგან, ჩაგვრისგან თავისუფალი სასკოლო გარემო უზრუნველყონ? სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ სკოლამ რესურსი არამხოლოდ სკოლის შიგნით ადმინისტრაციასა და მასწავლებლებში უნდა ეძებოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოს მშობლების რესურსი. მშობლების გარდა, სკოლას შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ცოდნა და გამოცდილება, მაგალითად, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, განათლების სპეციალისტების, რომლებიც შესაძლოა მიიწვიოს სკოლამ და დაგეგმოს აღმზრდელობითი შეხვედრები, რაც მოსწავლეებში ღირებულებების განვითარებას შეუწყობს ხელს. 

ძალადობა, კერძოდ ჩაგვრა, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, საქართველოს სკოლებშიც გავრცელებულია. ამას ადასტურებს გაერო-ის ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის (2008) შედეგები. ამავეს ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ გასული სასწავლო წლის განმავლობაში სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით ჩატარებული მონიტორინგი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები როგორც უფროსების, ისე თანატოლების მხრიდან; ჩაგვრა არასრულწლოვანთა შორის ფართო მასშტაბით გავრცელებული პრობლემაა; მწირია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებების შესახებ; ამასთან, დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით; არასაკმარისია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისებიც.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა სკოლებში რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ფორმალური განათლების ფარგლებში ის საზოგადოებრივი მეცნიერების სწავლებით გამოიხატება. არაფორმალური განათლების ფარგლებში კი - ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ისეთი პროექტებით, როგორიცაა: „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ (შსს), „არა ძალადობას!“ (შსს) „იმიტირებული გამოძიება (საქართველოს მთავარი პროკურატურა), „სამოქალაქო განათლებისა“ და „სამართლებრივი განათლების პროგრამა საქართველოში“ (PH International) და სხვა. რაც შეეხება პედაგოგებს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის სახლი რეგულარულად ატარებს ტრენინგებს მასწავლებლებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით. უფრო კონკრეტულად კი, ტრენინგის მოდულში გათვალისწინებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა, ბავშვთა შორის ძალადობის, კონფლიქტების მართვის, სწორი კომუნიკაციის საკითხები.

როგორ გავხადოთ სკოლა უსაფრთხო? რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოსწავლეებმა სკოლაში თავი, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად უსაფრთხოდ იგრძნონ? 2012 წელს უსაფრთხო სკოლის პროგრამის მონიტორინგის ფარგლებში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავა. როგორც დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება დაეთმოს სასკოლო პერსონალისთვის მოსწავლეთა ქცევების მართვის სტარეტეგიების შესწავლას; სკოლის ან უფრო ფართო დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს სერვისები, რომელიც ძალადობის პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან მუშაობს, ეს იქნება მსხვერპლი, მოძალადე თუ ის პირები, რომლებიც ძალადობას შეესწრო. გარდა ამისა, დოკუმენტის ავტორთა აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდეს მკაფიო სისტემა, რომლითაც მკაფიოდ გადანაწილდება პასუხისმგებლობები სახელმწიფოს, სკოლასა და საზოგადოებას შორის.

51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების დაღუპვამ საზოგადოების ნაწილში კვლავ სკოლებზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნა გააჩინა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მიერ გაჟღერდა ინიციატივა, რომ სკოლებში უნდა გაძლიერდეს კონტროლზე ორიენტირებული უსაფრთხოება და მანდატურის როლი. თუმცა დარგის სპეციალისტების შეფასებით, კვლავ ყურადღების მიღმაა დარჩენილი მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო უსაფრთხოების საკითხები,- სასკოლო პოლიტიკა, რომელიც სკოლასა და თემს საშუალებას მისცემს ერთობლივად იზრუნონ მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. 

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^