გუდაურში საბაგიროების მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით მთის კურორტების განვითარების კომპანია განცხადებას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, რეაგირებისთვის და შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად უკვე დაუკავშირდნენ საბაგიროს მწარმოებელ კომპანიას.
„ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს“, რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე და გამომწვევი მიზეზების დასადგენად მათ გამოაგზავნონ ექსპერტები.
სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია სრულად უზრუნველყოფს დაშავებულთა მკურნალობის ყველა ხარჯის ანაზღაურებას“,- აღნიშნულია მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ გუდაურში მწყობრიდან გამოვიდა საბაგირო. ის ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.