გუდაურში საბაგიროებისთვის განკუთვნილ ელექტროსისტემას პრობლემა 5 დღის წინაც ჰქონდა, - აღნიშნული ინფორმაცია 11 მარტს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ გაავრცელა. როგორც 11 მარტს კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, დილის 9 საათზე კურორტ გუდაურში მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტრო სისტემა.
„აღნიშნული ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა. ამ ეტაპისთვის ჩართულია ,,სოლიკო’’, ,,ზუმა’’ და ,,პირველი" საბაგიროები. აღნიშნული საბაგიროებით მგზავრობა უფასოა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად ხვალისთვის საბაგიროების მუშაობა სრულად აღდგება“,- აღნიშნულია კომპანიის 11 მარტის განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა. არსებული ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა და შემდეგ საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. როგორც „ლიბერალს“ რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 10-მდე ადამიანს გაეწია პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება, დაშავებულები გადაყვანილი არიან გუდაურის ამბულატორიაში. თბილისიდან გაიგზავნა რეანომობილი, იმ შემთხვევისთვის, თუ დაშავებულებს დამატებითი დახმარება დასჭირდებათ.