აქვთ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში და რა ხარვეზების წინაშე დგას ამ მხრივ სამედიცინო სფერო - ამის შესახებ მოძრაობამ - “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” ახალი კვლევა გამოქვეყნა.
ჯანდაცვის ობიექტებში ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობა; საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის მხრივ არსებული პრობლემები; სტატისტიკა; გენდერული ფაქტორით გამოწვეული დამატებითი წინაღობები - ამ საკითხებზე დღეს, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა ისაუბრეს.
საყოველთაო დაზღვევის პროგრამა შშმ პირებისთვის ციფრებში
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსით 125 000 ადამიანი სარგებლობს. მოსახლეობის დაახლოებით 4%. მათგან საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი 2016 წელს მხოლოდ 26%-მა გამოიყენა. ამ წელსვე იმავე პროგრამისთვის 45 მლნ ლარია დახარჯული.
2017 წლის ხუთი თვის განმავლობაში კი შშმ პირების მხოლოდ 11%-მა ისარგებლა ამ მომსახურებით.
კვლევის ავტორის, გია კაკაჩიას ინფორმაციით, (“პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის”) პროგრამით მოსარგებლეები, ძირითადად, მამაკაცები არიან. მაგალითად, 2015 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე შშმ პირთა მხოლოდ 38% იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, 2016 წელს - 37%, 2017 წელს კი - 36%. აქვე, ამ წლების განმავლობაში აღნიშნული მომსახურებით მოსარგებლეთა შემთხვევების 95% მოდის გადაუდებელ ამბულატორიულ ან სტაციონარულ კომპონენტებზე.
შშმ ბავშვების შემთხვევაში, 2016 წელს, მათმა მხოლოდ 26%-მა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვით. 2017 წლის 5 თვეში კი 12%-მა.
რატომ ვერ სარგებლობენ შშმ პირები სამედიცინო მომსახურებით, განსაკუთრებით კი საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტით? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” კვლევის ავტორებმა სხვადასხვა გარემოებები შეისწავლეს.
ერთ-ერთი მიზეზი ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემაა. კვლევაში წერია, რომ საყოველთაო ჯანდაცვა სრულად არ ფარავს საჭირო კვლევების საფასურს. მათ შორის, თირკმლის გამოკვლევებსა და უროლოგიური პრობლემების კვლევას, რომელიც ყველაზე ხშირად, ეტლით მოსარგებლე ადამიანებს სჭირდებათ.
ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემაა ზრდასრული შშმ პირებისთვის რეაბილიტაციის არარსებობა. კვლევაში წერია, რომ განსაკუთრებით ცერებრალური დამბლის მქონენი ამბობენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა წელიწადში მინიმუმ 1 სარეაბილიტაციო კურსის გავლას საჭიროებს:”თუმცა, იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არსებობს ზრდასრულთათვის მსგავსი მომსახურება, შშმ პირებს საზღვარგარეთ უწევთ გასვლა. ეს კი, ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული”, - წერია კვლევაში.
სამედიცინო დაწესებულებების პერსონალი - კვლევის ყველა მონაწილე საუბრობს პერსონალის კვალიფიკაციის დაბალ დონეზე. ხშირად, კლინიკის თანამშრომლები შშმ პირებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან, რადგან მათ არ აქვთ არც ცოდნა და არც ინფორმაცია ამ საკითხებზე. ასევე, კვლევის ავტორების ინფორმაციით, შშმ ბენეფიციარები მედპერსონალის მხრიდან შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასაც აწყდებიან.
მისაწვდომობის და ინფრასტუქტურის პრობლემა - ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რის გამოც, ხშირად შშმ პირები სამედიცინო მომსახურების მიღებას ვერ ახერხებენ.
“ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” კვლევის ფარგლებში, ამ საკითხზე მომუშავე ადამიანებმა თბილისის 15 სამედიცინო დაწესებულება შეამოწმეს, მათ შორისაა ღუდუშაურის, ავერსის, ტატიშვილისა და იაშვილის სახელობის კლინიკები;
მათგან მხოლოდ ორ სამედიცინო დაწესებულებას აქვს მისაწვდომი სანიტარული კვანძები(15%). 85%-ს - არ აქვს.
ასეთივე პრობლემატური საკითხია არაადაპტირებული გარემო მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის. 15 დაწესებულებიდან მხოლოდ ერთში იყო ნაწილობრივ გათვალისწინებული მხედველობის პრობლემის მქონეების მისაწვდომობის ნორმები. დანარჩენში - არა.
კვლევით ირკვევა, რომ აღნიშნული დაწესებულებიდან 75%-ს არ აქვს სათანადო პირობები, რომ ეტლით მოსარგებლეებმა და მცირე მობილობის მქონე შშმ პირებმა შეძლონ ავტომანქანის პარკირება და შენობამდე დამოუკიდებლად გადაადგილება.
ასეთივე ხარვეზები აქვს კლინიკებს შენობის შიგნითაც. მართალია ლიფტის, ფოიეს ან დერეფნების უდიდესი ნაწილი მისაწვდომობის დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება, მაგრამ უსინათლო და მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის ეს სივრცეები სრულიად მიუწვდომელია.
“უკლებლივ ყველა ობიექტზე საგანგაშო ვითარებაა ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული რისკებისგან შშმ პირების დაცვის მხრივ. პერსონალმა არ იცის, როგორ უნდა მიაწოდონ ამ დროს შშმ პირებს ინფორმაცია და როგორ უზრუნველყონ მათი ევაკუაცია შენობიდან”, - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, კობა ნადირაძემ.
კვლევის ავტორების რეკომენდაციაა, პარლამენტმა გააძლიეროს ზედამხედველობა მთავრობის მიერ შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციით(გაეროს შშმ პირთა უფლებების) ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებაზე. ასევე, მოხდეს, ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება(რომელიც შშმ პირებს საშუალებას გაუჩენს, უფლებების დარღვევის შემთხვევაში, სასამართლოს მიმართონ).
ასევე ჯანდაცვის სამინიტროსთვის გაცემული რეკომენდაციაა, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა შშმ პირების ინდივიდუალურ საჭიროებებს დაეფუძნოს; სამინისტრომ მოიძიოს ინფორმაცია, იმ სახელმწიფო პროგრამების მისაწვდომობის შეფასებისთვის, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შშმ პირთა ჯანმრთელობის დაცვის და რეაბილიტაციის მომსახურება და ა.შ.
კიდევ უფრო რთულდება სამედიცინო მომსახურების მიღება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის - ამის შესახებ, “პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის” წარმომადგენლებმა, ესმა გუმბერიძემ და ოლგა კალინამ ისაუბრეს.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვიანობის მხრივ ქალებსა და კაცებს შორის პროცენტული განსხვავებაა და ეს ციფრები ქალების შემთხვევაში 40%-ია, დანარჩენი კი კაცები არიან.
ოლგა კალინას განმარტებით, ამას შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. ერთ-ერთი კონფიდენციალობის საკითხია. კვლევით გამოვლინდა, რომ მედპერსონალის ნაწილი ფიქრობს, რომ შშმ ქალი აუცილებლად თანმხლებ პირთან ერთად უნდა იღებდეს სამედიცინო მომსახურებას: ”როდესაც ქალი კლინიკაში თანმხლებ პირთან ერთად მიდის, იგულისმება, რომ ის ავტომატურად ენდობა მას. კლინიკას უნდა ჰქონდეს გაწერილი სტანდარტი, რომ ბენეფიციარისთვის საკუთარ ჯანმრთელობაზე ინფორმაციის მიწოდებისას, მას პერსონალურად ესაუბროს. ეს პრობლემა როგორც მობილობის, ასევე ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალების შემთხვევაში აქტუალურია”.
ასევე, არსებობს პრობლემები შშმ ქალთა მშობიარობის კუთხით. ოლგა კალინას თქმით, მათ 99%-ს ავტომატურად საკეისრო ოპერაცია უკეთდება, რადგან მედპერსონალი საფუძვლიანად არ იკვლევს, შესაძლებელია, თუ არა ბუნებრივი მშობიარობა: ”იმის გამო, რომ მედპერსონალს არ აქვს შესაბამისი ცოდნა და ინფორმაცია, შშმ ქალებს ავტომატურად საკეისროს უკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ საკეისროს შემთხვევაში, გართულებების რისკი 21%-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ბუნებრივი მშობიარობის დროს”, - ოლგა კალინას თქმით, კლინიკებს უნდა ჰქონდეთ გაწერილი რეგულაციები, როგორ მოემსახურონ შშმ ქალებს, რათა მათი ღირსება არ შეილახოს და უფლება არ დაირღვეს.
ამავე თემაზე: ცრუ რწმენები ქალებზე - როცა საკუთარ ჯანმრთელობას ვერ იცავ
კვლევის პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდა “ჯო ენის” სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მიხეილ ჩხაიძე. მან ისაუბრა “ჯო ენის” პრიორიტეტებზე და მზაობა გამოთქვა შშმ პირთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში შეიძინეს უახლესი ტექნოლოგიის გინეკოლოგიური სამედიცინო სავარძელი, რომელიც შშმ ქალებს აღნიშნული მომსახურების მიღებაში დაეხმარება.
აღნიშნული კვლევა მომზადებულია პროექტის: "ადვოკატირება საკანონმდებლო და სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ინკლუზიური ჯანდაცვის და აბილიტაცია-რეაბილიტაციის სერვისების ხელმისაწვდომობის" ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით.