რას აკეთებს ქალი, როცა ის ეტლით მოსარგებლე, უსინათლო ან ნებისმიერი სხვა შეზღუდვის მქონეა და ექიმის დახმარება სჭირდება? პირველ რიგში, ფიქრობს, ვინ გაიყოლოს საავადმყოფოში - ვინ დაეხმარება ჯერ იქამდე მისვლაში, შემდეგ კი შენობის შიგნით გადაადგილებაში. როგორი ექიმი შეხვდება - ეცოდინება თუ არა, რომ მას შედარებით განსხვავებული საჭიროებები აქვს?
სიტუაცია რთულდება, თუ ქალს გინეკოლოგის კონსულტაცია სჭირდება - როგორ გამსინჯავს? აქვს თუ არა სპეციალური სავარძელი? - ეკითხება საკუთარ თავს. ფიქრობს იმაზეც, რომ შესაძლოა, არ უნდოდეს მისი ჯანმრთელობის შესახებ მისმა გამყოლმა, თუნდაც ოჯახის წევრმა, ყველაფერი იცოდეს.
შეკითხვების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება, თუ ქალს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ცხოვრობს ინსტიტუციაში და საქმე მის სომატურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხება.
კვლევები ცხადყოფს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უდიდეს დაბრკოლებებს უკავშირდება. მათ შორისაა, სამედიცინო დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობის არქონა, მედპერსონალის არაპროფესიონალიზმი, სტერეოტიპებით გაჯერებული დამოკიდებულებები, ექიმების არაკორექტური შეკითხვები. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალებისთვის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის შეზღუდვაა.
...
„მოდი, დღეს ტაქსის გარეშე ვცადოთ საავადმყოფომდე მისვლა, ვნახოთ, რა გამოვა", - ვუთანხმდებით თამუნას და ოზურგეთის ცენტრიდან კლინიკამდე ეტლით მივდივართ. იქამდე დაახლოებით ათი წუთის სავალია, მაგრამ აღმართის შუაში თამუნა იღლება და დახმარებას გვთხოვს. კლინიკის პანდუსის დასაწყისში ძალას ბოლოჯერ იკრებს და დიდი ძალისხმევით ამოსვლას ახერხებს: „ლამის ამოვტრიალდი", - გვეუბნება შიგნით შესვლამდე.
ოფთალმოლოგი კლინიკის ნულოვან სართულზეა. ექიმის კაბინეტამდე ლიფტი ჩადის. შუახანს გადაცილებული კაცი ასისტენტთან ერთად თამუნას თვალის გასინჯვის პროცედურებს იწყებს: „აბა ამ ციფრს ხედავ? ვერა? მაშინ სხვა შუშა გვჭირდება". პროცედურის დასრულების შემდეგ ჩვენკენ ტრიალდება და გვეუბნება, რომ სჯობს თამუნა თბილისში, თვალის სპეციალურ კლინიკაში მივიყვანოთ. ფურცელზე ექიმის ნომერს და მისამართს წერს და გვაწვდის. თამუნას აღარ ეკონტაქტება. გამოსვლისას ვინტერესდებით, სად გადავიხადოთ კონსულტაციის ფული - „ამ შემთხვევაში, საჭირო არაა ",- გვპასუხობს ექიმი.
ნულოვან სართულზე ლიფტი აღარ ჩამოდის. დაცვის თანამშრომელი გვიხსნის, რომ ტექნიკური პრობლემა აქვს და საჭიროა, ზემოდან ვინმემ ნულოვანზე გამოიძახოს და თამუნა ისე აიყვანოს. სხვანაირად კლინიკიდან ეტლით მოსარგებლისთვის გაღწევა შეუძლებელია.
თამუნა ლურსმანაშვილი 35 წლისაა. ოზურგეთში მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მუშაობს „საქველმოქმედო ასოციაცია - გურიაში". კლინიკაში სიარული ხშირად უწევს. ერთადერთი შემთხვევა ახსენდება, როცა მარტო იყო: „მხოლოდ მისაღებში მქონდა საქმე, ამიტომ გავრისკე, მაგრამ ექიმები გაოცებული მიყურებდნენ, მეკითხებოდნენ - თან არავინ გახლავსო?".
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, როგორც წესი, კლინიკაში გამყოლთან (რომელიც ხშირად ოჯახის წევრია) ერთად დადიან. კლინიკამდე მისასვლელად მათ ჯერ იმ ბარიერების გადალახვა უწევთ, რომელსაც გარემო სთავაზობს: არაადაპტირებული ქუჩები, ტრანსპორტი; შემდეგ კი - სამედიცინო დაწესებულების მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა.
თამუნა ლურსმანაშვილი გინეკოლოგთან კონსულტაციაზე არასდროს ყოფილა. ამბობს, რომ შესაძლოა, პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ საქართველოში არსად სპეციალური სავარძელი არ არსებობს, სადაც შშმ ქალებს მომსახურებას გაუწევენ. თან, კლინიკაში ყოველთვის დედასთან ერთად დადის და არ უნდა, მისი პრობლემების შესახებ სხვამ გაიგოს: „პირველ რიგში იმიტომ, რომ თუ რამე მჭირს, დედა ორმაგად ინერვიულებს, მეორე მხრივ, ექიმსა და პაციენტს შორის პირდაპირი კომუნიკაცია სჯობს. პირდაპირ მითხრას, რა მჭირს ან რა მჭირდება".
ოლგა კალინა ორგანიზაცია „თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელი და მოძრაობის წევრია. ამბობს, რომ ქალებს აქვთ უფლება, იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე ისე, რომ თუ ეს მათი სურვილია, ამის შესახებ მხოლოდ თვითონ იცოდნენ: „თუ საქმე ეხება, მაგალითად, რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, ნათესავთან ერთად იქ მისვლა შშმ ქალის ჯანმრთელობის შესახებ კონფიდენციალურობის დარღვევას ნიშნავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სამედიცინო დაწესებულებები მზად იყვნენ მისთვის, რომ ქალმა იქ მომსახურება დამოუკიდებლად მიიღოს".
ამ რეალობის წინაშე მხოლოდ ეტლით მოსარგებლე ადამიანები არ არიან. სამედიცინო დაწესებულებებში გამყოლის გარეშე გადაადგილება სხვა შეზღუდვის მქონე პირებსაც არ შეუძლიათ. მათ შორისაა უსინათლოები. თბილისში მერია მეოთხე წელია „უსინათლოთა კავშირის" ერთ-ერთ პროექტს აფინანსებს, რომელიც უსინათლო ადამიანებს გამყოლის მომსახურებას სთავაზობს. რეგიონებისთვის პროგრამა ხელმისაწვდომი არაა, თუმცა, პროგრამით თბილისში მცხოვრებ უსინათლო პირთა უმრავლესობაც ვერ სარგებლობს.
დედაქალაქის მასშტაბით მხოლოდ სამი გამცილებელი არსებობს. უსინათლო ადამიანი წინასწარ, რამდენიმე კვირით ადრე რიგში ეწერება, ერთ ადამიანს გამცილებლის მომსახურების მიღება მაქსიმუმ ორ კვირაში ერთხელ შეუძლია.
ესმა გუმბერიძე „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ წევრია. გამცილებლის მომსახურებით უსარგებლია, მაგრამ კლინიკაში, ძირითადად, დედასთან ერთად დადის. ამბობს, რომ მისთვის დედის თანამონაწილეობა პრობლემა არაა: „მაგრამ ვაკვირდები, რომ ექიმებს უპირობო განწყობა აქვთ, რომ ვიღაც უნდა შემომყვეს, ვიღაც უნდა იყოს ჩვენი შეხვედრის მოწმე".
ექიმების არაკვალიფიციურობა და მათი არსებული არასწორი წარმოდგენები ჯანდაცვის კუთხით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.
„როცა ბავშვი პედიატრთან მიმყავს, მისი მოვლის შესახებ რჩევებს ყოველთვის ჩემს თანმხლებ პირს აძლევენ. თითქოს მე იქ არ ვიყო. თითქოს შვილზე თავად არ ვზრუნავდე", - მეუბნება მარიამ მიქიაშვილი, რომელიც უსინათლოა და იხსენებს, რომ ექიმების კვალიფიკაციის არქონა ხშირად შშმ პირების მიმართ მსგავსი არაკორექტული დამოკიდებულების გამოხატვაშიც ვლინდება.
თუმცა, 2015-2016 წელს, როცა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" შშმ ქალები გამოკითხა, კვლევაში გაცილებით სერიოზული პრობლემები გამოიკვეთა. ეს ეხება როგორც ფიზიკური გადაადგილების ან შეზღუდვის, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალებს. კვლევის მონაწილეები ჰყვებიან, რომ ექიმები მათ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ძირითადად სკეპტიკურად უყურებენ:
,,ზოგადად, გინეკოლოგთან ბევრი არ დადის, თუ განსაკუთრებული საჭიროება არ დაუდგა. ამ საკითხთან დაკავშირებითაც სტერეოტიპული დამოკიდებულებაა - გინეკოლოგი რად უნდა, ეტლში ზის. თუ გათხოვილი არ ხარ, იმაზეც არ ფიქრობენ, რომ სექსი შეიძლება გქონდეს. როცა ეხოზე ვიყავი, მითხრეს - ეს შენ არ გინდა, გათხოვილი ქალებისთვისააო. ერთმანეთში გადაიქირქილეს, როცა გაიგეს, რომ გათხოვილი არ ვიყავი. „აი, ამან ვინ უნდა იპოვოს" დამოკიდებულებით აპრიორი თვლიან, რომ პირადი ცხოვრება არ გაქვს“, - კვლევის მონაწილეები საკუთარი გამოცდილებიდან კონკრეტულ მაგალითებს გვიყვებიან, როდესაც პერსონალის არაკვალიფიციურობის გამო, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა სამედიცინო მომსახურების მიღება.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, განსაკუთრებით კი რეპროდუქციული კუთხით არსებული პრობლემები კიდევ უფრო მძაფრად ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალების წინაშე დგას; იმ ქალების, რომლებიც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არიან და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) კვლევაში („ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში", 2015 წ.) წერია, რომ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალების ჯანმრთელობის უფლების დაცვის კუთხით კვლევის დროს სამი ძირითადი პრობლემა იკვეთება: ექიმების არაინფორმირებულობა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს შესახებ, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და სომატური დაავადებების მკურნალობის სირთულეები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. კვლევაში წერია, რომ ექიმები პაციენტებს ინფორმაციას არ აწვდიან იმ შესაძლო გართულებების შესახებ, რომელიც მედიკამენტების მიღებას შეიძლება მოჰყვეს.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტი, ოლგა კალინა ამბობს, რომ ფსიქოტროპული წამლები ქალების ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. ამ დროს საერთოდ ქრება მენსტრუალური ციკლი, მცირდება ბავშვის ყოლის შანსები.
„ქალების ყველაზე დიდი პრობლემა ინფორმაციის დეფიციტია. ექიმებმა მშვენივრად იციან, რომ წამლებს ასეთი გვერდითი ეფექტი აქვს, მაგრამ ამის შესახებ არც პაციენტებს ეუბნებიან და არც მათ ახლობლებს. ამას ხშირად იმიტომ მალავენ, რომ პაციენტებს ისედაც არ უნდათ წამლის მიღება და არასასურველი ეფექტების გამჟღავნების შემდეგ ამის მიმართ კიდევ უფრო უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდებათ. ამიტომ, ირჩევენ მარტივ გამოსავალს, მსხვერპლი კი - ქალია", - აღნიშნავს კალინა.
PHR-ის კვლევაში „ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალების ზეპირი ისტორიები" 29 წლის გვანცა ჰყვება, რა პრობლემები გამოიწვია მის ორგანიზმში წამლების მიღებამ, როცა ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმყოფებოდა. გვანცა 21 წლის იყო, როცა ინსტიტუციაში პირველად მოხვდა. იხსენებს, რომ წამლების მიღების ფონზე ექვსი თვით შეუწყდა მენსტრუაციული ციკლი: „ისიც კი ვიფიქრე, რომ ორსულად ვიყავი. დედას ვუთხარი ამის შესახებ და მან ექიმთან წამიყვანა". ჩაუტარდა ჰორმონალური გამოკვლევები, ყველაფერი წესრიგში აღმოაჩნდა, მიზეზი ვერ დაადგინეს. შემდეგ დისპანსერში ფსიქიატრს ესაუბრა და მხოლოდ მაშინ გაიგო, რომ ამის მიზეზი ის წამლები იყო, რომლებსაც იღებდა: „იქამდეც ხომ შეიძლებოდა ამის თქმა, გვერდითი მოვლენების ახსნა. მაშინ ვიფიქრე პირველად, რომ ჩვენი, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხი ფსიქიატრების ყურადღებისა და ინტერესის საგანი არ იყო. ისინი ფიქრობენ, რომ, თუ ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს, მას არა აქვს უფლება, იფიქროს შვილის ყოლაზე, სქესობრივ ცხოვრებაზე; თითქოს შენ ადამიანი აღარ იყო და ამის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებაც არ გქონდეს".
PHR-ის ექსპერტების მიერ გამოიყო კიდევ ერთი პრობლემა - ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი ქალების სომატური ჯანმრთელობის უგულებელყოფა. კვლევაში წერია, რომ თუ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმყოფები, თვლიან, რომ სომატური გამოკვლევები მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი და საჭიროა: „ამიტომ არის აუცილებელი მულტიპროფილური ჯგუფის შექმნა, რომელშიც გაერთიანდებიან სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი. ისინი შეაფასებენ საერთო მდგომარეობას, დაადგენენ, რა არის საჭირო ზოგადად, და არა მხოლოდ ფსიქოზის დროს“, - აღნიშნავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტი, ოლგა კალინა.
ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირების კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობაზე სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშშიცაა საუბარი („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობა საქართველოში"). ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ამბულატორიულ დონეზე ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტების მართვის საკითხებში 2016 წელს პირველადი ჯანდაცვის 120 ექიმი გადამზადდა. სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს შორისაა, ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების 6 ციკლის ჩატარება ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებების ექიმების, ექთნების და სოციალური მუშაკებისათვის, ადამიანის უფლებების, ეთიკისა და პაციენტის მოვლის საკითხებში, რომელსაც ევროსაბჭო დააფინანსებს. თუმცა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიმართულებით 2016 წელს შესრულებული და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ვერ ჩაითვლება ეფექტურად ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
...
„ლიბერალმა" ჯანდაცვის სამინისტროს შეკითხვებით მიმართა. გვაინტერესებდა, სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების ადაპტირებისა და ხელმისაწვდომობის საკითხებს არეგულირებს; ასევე, რა ღონისძიებებს მიმართავენ სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების დროს. არსებობს თუ არა საქართველოში გინეკოლოგიური სავარძელი. ასევე დავუსვით შეკითხვები ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალების პრობლემების შესახებ - რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და მედიკამენტების საკითხზე.
სამინისტრომ მიგვითითა იმ ნორმატიული აქტების შესახებ, რომელიც სამედიცინო და სარეაბილიტაციო დაწესებულებების ადაპტირების საკითხს არეგულირებს: „ქვეყნის მასშტაბით, ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიას ან სტაციონარული დაწესებულების ნებართვას ფლობს, გაკეთებული აქვს შეტყობინება მაღალი რისკის საქმიანობაზე ან წარმოადგენს პირველადი ჯანმრთელობის დაწესებულებას, უნდა აკმაყოფილებდეს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს“.
მედპერსონალის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შშმ პირებისთვის პროფესიონალური და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების მიზნით მედპერსონალის პროფესიული გადამზადება მუდმივად ხდება. ამასთან, ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა British Medical Journal-ის ონლაინ პლატფორმის დასანერგად, რომლის ფარგლებშიც პირველ ეტაპზე პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლები, მაგალითად, ოჯახის ექიმები გადამზადდებიან და ეს უზრუნველყოფს ამ სფეროში ცოდნის გაღრმავებას.
რაც შეეხება ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალების რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ქალების სომატური ჩივილების მკურნალობას, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, არსებობს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ამ ადამიანების ფსიქიატრიულ ამბულატორიულ მომსახურებას, რეაბილიტაციას, კრიზისულ ხანმოკლე ინტერვენციას და ა.შ.
„ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" 2015-2016 წლების კვლევაში ის სამოქმედო გეგმა და სხვა ნორმატიული აქტებია მიმოხილული, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანდაცვის საკითხებს არეგულირებს. თუმცა კვლევაში წერია, რომ სამოქმედო გეგმების დამუშავებულმა ანალიზმა და საერთაშორისო რეკომენდაციებთან და პრაქტიკასთან მათმა შედარებამ აჩვენა, რომ არცერთი მათგანი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც გენდერულად მგრძნობიარე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ჯანმრთელობის უფლების დაცვის ეფექტური მექანიზმი.