„რეალურად უკვე ხდება რეფორმის გახლეჩა და დანაწევრება", - ასე შეაფასა ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრმა, EMC-ის იურისტმა გურო იმნაძემ უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც 8 ნარკოტიკულ ნივთიერების ოდენობასთან დაკავშირებით პარლამენტში ალტერნატიული კანონპროექტი უნდა დარეგისტრირდეს.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, საუბარი შეეხებოდა ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ალტერნატიულ ვერსიებს, რასაც „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა“ პრინციპულად არ ეთანხმება. გურო იმნაძის განმარტებით, წარმოდგენილი დოზები არ ემსახურება ნარკოტიკების მომხმარებლების ინტერესებს.
„ერთადერთი მიზანი, რაც ამ ოდენობების მიღებას შეიძლება ჰქონდეს არის ის, რომ მაგალითად, ადამიანები უკვე მოხმარებული შპრიცის გამო არ წავიდნენ ციხეში, რაც რეალურ პრობლემას არ ეხმიანება. დღეს ბევრად მძიმე პრობლემაა საქართველოში, როცა პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ადამიანებს წლები უწევთ სასაჯელაღსრულებელის დაწესებულებებში გატარება. დოზები ამ პრობლემას ვერ აგვარებს. სერიოზული პრობლემა რაც დღევანდელ საბჭოს შეხვედრას ახლდა არის ის, რომ რეალურად უკვე ხდება რეფორმის გახლეჩვა და დანაწევრება“,- ამბობს გურო იმნაძე.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება არის პრობლემის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი. იმნაძე განმარტავს, რომ როდესაც საუბარია კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების ოდენობაზე, აუცილებელია მოხდეს გათვალისწინება მისი შეძენა-შენახვისთვის არსებული სასჯელებისაც.
„სასჯელებზე დისკუსიის გარეშე აზრსაც კი კარგავს, ოდენობების განსაზღვრა, ამიტომ სამწუხაროა, რომ რეფორმა დავიწროვდა ოდენობებზე, ფაქტობრივად ხდება გახლეჩვა და ჩვენ უკვე შემდგომი პროცესების მიმართაც არ გვაქვს დიდი იმედი. ვვარაუდობთ, რომ სხვა პრობლემურ საკითხებზეც ვიხილავთ ალტერნატიულ ვერსიებს", - განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, დეკრიმინალიზაციის მიმართულებით დღეს საერთოდ არავითარი პოზიცია არ გაჟღერებულა, რაც საგანგაშოა.