საქართველოს მთავრობის ინიცირებით პარლამენტში 8 ნარკოტიკულ ნივთიერების ოდენობასთან დაკავშირებით ალტერნატიული კანონპროექტი დარეგისტრირდება, - როგორც უწყებათაშორისი კომისიის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, კომისიამ ამ საკითხს დღეს მხარი დაუჭირა.
ზოიძის თქმით, ესაა ის ნივთიერებები, რომლებზეც დღევანდელ კანონმდებლობაში არაა განსაზღვრული მცირე ოდენობა და ავტომატურად, ნებისმიერი ნაწილაკის აღმოჩენა დიდ ოდენობად ითვლება.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ოდენობებს თავად და ნარკოპოლიტიკის პლატფორმის წევრები არ ეთანხმებიან, თუმცა უწყებათაშორისო კომისია დაეთანხმა და პროექტი ამ ვარიანტით იქნება ინიცირებული პარლამენტში.
მისი თქმით, ცვლილების მიზანია, რომ შპრიცში ჩარჩენილი ნარკოტიკის ნაწილაკების გამო, ადამიანები ციხეში არ წავიდნენ. დანარჩენ საკითხებზე კი მსჯელობა გაგრძელდება.
„ეს არის პოზიცია მათი მხრიდან, რომ დრო მოვიგოთ, რომ როცა დღეს ადამიანებს იჭერენ შპრიცში ჩარჩენილი ნივთიერების გამო, ასეთი რამ აღარ მოხდეს. ამაზეა საუბარი. ამაზე შეთანხმდნენ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ იმისგან დამოუკიდებლად, დანარჩენი მიმართულებით რას გავაკეთებთ“, - განაცხადა ზოიძემ.
ზოიძემ ასევე აღნიშნა, ეს არის ცვლილებებისკენ გადადგმული ერთი მცირე ნაბიჯი, რაც საკმარისი არაა და საჭიროა ძირეული ცვლილებები.
„მე უფრო მივესალმებოდი ამ ცვლილებას, რომ ყოფილიყო ერთიანი... ზოგადად მივესალმები ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც აუმჯობესებს იმას, რომ თუნდაც ერთ ადამიანსაც თუ არ დავიჭერთ შპრიცში ნარჩენი ოდენობის გამო. ეს უკვე პროგრესია, უკვე კარგია და მივესალმები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ რასაც ვითხოვთ - ძირეულ რეფორმას, ეს, რა თქმა უნდა, იმასთან შედარებით ერთი მცირე ნაბიჯია, ჩვენ გვინდა უფრო დიდი ნაბიჯის წინ გადადგმა, ვიდრე რაც დღეს იყო შემოთავაზებული“, - განაცხადა ზოიძემ.
კანონპროექტი შეეხება შემდეგი ნივთიერებების ოდენობებს: ამფეტამინი, დეზომორფინი, მდმა, LSD, მეთადონი, ეფედრონი, მეტამფეტამინი, ჰეროინი;
ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრის, EMC-ის იურისტის გურო იმნაძის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებით ხდება რეფორმის გახლეჩა და დანაწევრება. მისი თქმით, პლატფორმა ამ ვერსიას პრინციპულად არ ეთანხმება. მისი განმარტებით, წარმოდგენილი დოზები არ ემსახურება ნარკოტიკების მომხმარებლების ინტერესებს.