საერთშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშიდან იკითხება, რომ მისი ავტორები ეყრდნობიან იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპეტენციის ნაკლებობით და ტენდენციური დამოკიდებულებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ე.წ. ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს.
„ამის საუკეთესო ილუსტრაციაა NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელობა, რომლისთვისაც საქართველოში საკუთარი ხელისუფლების შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ამ ბრძოლას არავითარი საერთო არა აქვს ლიბერალიზმსა და ლიბერალურ ღირებულებებთან, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით.
„ჩვენი ხელისუფლება არის სწორედ რომ ლიბერალური ხელისუფლება, უფრო მეტიც, ყველაზე ლიბერალური ხელისუფლება საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ჩვენ ვეყრდნობით ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, ზოგადად სამართლიანობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა. ამავდროულად, ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი და ის ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს და ქართულ ეკლესიას და ასევე უპირისპირდებიან შესაბამის ღირებულებებს აშშ-ში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.