„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხორციელება, რომელიც მანდატრის სამსახურის რეფორმას ითვალისწინებს, გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტზეც. უფრო კონკრეტულად კი, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებების განხორციელებას 2018-2019 წლებში 10.6 მილიონი ლარი დასჭირდება.
ვიდეოსათვალთვალო კამერები
კანონპროექტი ითვალისწინებს სკოლებში ვიდეოსათვალთვალო კამერების ეტაპობრივად, 2019 წლის ბოლომდე განთავსებას. დღეის მდგომარეობით 2082 საჯარო სკოლიდან ვიდეოსათვალთვალო კამერები განთავსებულია 429 საჯარო სკოლაში.
მანდატურის მოსამზადებელი კურსები
კანონპროექტის შესაბამისად, მანდატურის მოსამზადებელ კურსთან მიმართებით დგინდება საკანონმდებლო მოთხოვნა. იგი უნდა მოიცავდეს ფიზიკური მომზადებისა და პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც თავის მხრივ გაზრდის მანდატურის მოსამზადებელი კურსის ღირებულებას. იქიდან გამომდინარე, რომ იცვლება მანდატურის მოსამზადებელი კურსის შინაარსი, აუცილებელია, როგორც უკვე დასაქმებული მანდატურების გადამზადება, ასევე ახალი მანდატურების მომზადება განახლებული კურსით.
458 საჯარო სკოლაში დასაქმებულია 1300 მანდატური, ამასთან 2018 წლის სექტემბრიდან 30 საჯარო სკოლაში დაგეგმილია 70 მანდატურის დამატება, ხოლო 2019 წლის იანვრიდან იგეგმება 200 მანდატურის დამატება 100 საჯარო სკოლაში.
რესურსცენტრებში ფსიქოლოგების შტატის დამატება
გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებულია საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ფსიქოლოგების შტატის დამატება, რისთვისაც საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით - პროგრამის „განათლების სფეროში სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა“ - გათვალისწინებულია 446.4 ათასი ლარი. სწორედ ზემოაღნიშნული ფსიქოლოგების კოორდინაციას განახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური. რაც განხორციელდება „უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დაფინანსებით.
ამავე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხმებით დაფინანსდება მანდატურის სამსახურის კიდევ ერთი ახალი ფუნქცია - საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე დაწესებულებებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა.
მთავრობამ ცვლილებების კანონპროექტი მიმდინარე წლის 4 აპრილს დაამტკიცა, მეორე დღესვე კი პარლამენტში დარეგისტრირდა.