Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მილოშ ფორმანის „გადაფრენა“

18 აპრილი, 2018 19:29

მითი, რომ მილოშ ფორმანზე კინომანებს პირველ რიგში, „გუგულის ბუდე...“ და „ამადეუსი“ ახსენდებათ, არასწორია. შეიძლება გავიხსენოთ, ასე ვთქვათ, მისი პირველი და „ნაღდი კინო“ – ჩეხური პერიოდი, როცა 60-იანი წლების დასაწყისში გადაღებული ტრაგი-კომედიით „შავი პეტერე“ მან პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ასევე, „ქერა ქალის სიყვარული“ და „მეხანძრეები“. ლოკარნოს კინოფესტივალზე გამარჯვებამ ფორმანს ფაქტობრივად გზა გაუხსნა საერთაშორისო კინემატოგრაფში, თუმცა ბევრისთვის მისი სახელი მაინც ამერიკულ პერიოდის კინემატოგრაფს უკავშირდება, სადაც მან 1968 წლის პრაღის დრამატული პოლიტიკური მოვლენების შემდეგ ჩააღწია. მანამდე  ცოტა ხნით საფრანგეთში იმყოფებოდა და მოლაპარაკებას აწარმოებდა ჰოლივუდთან ახალი ფილმის გადაღების თაობაზე.   

1971 წელს გამოვიდა ფორმანის პირველი ამერიკული ფილმი „გაფრენა“ (taking off), რომლის უჩვეულო მონტაჟმა, მკვეთრმა სოციალურმა კონტექსტმა და სატირულმა კინოენამ მეტწილად განსაზღვრა კიდეც ფილმის საერთაშორისო წარმატება (მთავარი პრიზი - „ოქროს პალმის რტო“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე), თუმცა კრიტიკოსთა აღფრთოვანებამ კინოგაქირავებაზე დიდი გავლენა მაინც ვერ მოახდინა და ფილმი შედარებით ცოტა მაყურებელმა ნახა.

არანაკლებ დამაინტრიგებელი აღმოჩნდა ფორმანის თეატრალური დებიუტი ბროდვეიზე, სადაც 1972 წელს, დახლოებით ორი კვირის განმავლობაში იდგმებოდა ცნობილი სცენარისტისა და დრამატურგის,  ჟან-კლოდ კარიერის პიესა „პატარა შავი წიგნი“. თუმცა სპექტაკლი მალევე მოიხსნა, ხოლო საემიგრაციო სამსახურმა რეჟისორს ბროდვეიზე შემდგომი მუშაობა აუკრძალა. მხოლოდ ცნობილი რეჟისორებისა და პროდიუსერების (სიდნი ლუმეტი, მაიკ ნიკოლსი, ბაკ ჰენრი) უშუალო ჩარევის შემდეგ მოახერხა მან ახალი ფილმის დაწყება.

1975 წელს  გამოდის ფორმანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, რომელსაც საფუძვლად დაედო კენ კიზის უკვე გახმაურებული რომანი. „საოსკარე“ ტრიუმფმა (საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ფილმი, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი, საუკეთესო მსახიობი კაცი, საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი) მაინც დაამსახვრია მითი მილოშ ფორმანის ფილმების მოუხელთებელ სირთულეებსა და მენტალურ ევროპელობაზე.

ფსიქიატრიული კლინიკა, სადაც ფილმის მოქმედება ხდება, ფაქტობრივად იმ სისტემისა და სახელმწიფოს მეტაფორაა, რომელსაც თავად რეჟისორი გამოექცა. ამიტომ კრიტიკოსები მთავარ გმირს, მაკმერფის (ჯეკ ნიკოლსონი) ხშირად აიგივებენ თავად რეჟისორთან, რომელიც ასევე ცდილობდა ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც თავისუფლება ადამიანის უმთავრეს ღირებულებად ექცია. ფინალურ სცენაში, როდესაც მედდის (ლუიზა ფლეტჩერი) წინააღმდეგ ამბოხებულ მაკმერფის კლინიკის ექიმები ლობოტომიით, სწორედ ურჩობისათვის სჯიან, კარგად იკითხებოდა რეჟისორის პირადი ტრავმებიც (მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ) და ზოგადად, ტოტალიტარული სისტემის - სტალინიზმისა თუ ნაციზმის საბედისწერო ფსიქოლოგიური დამღაც.

შემდგომი ფილმები - სოციალური და პოლიტიკური მიუზიკლი „თმები“ (ვიეტნამის ომის სინდრომის ხელახალი გააზრება) და ელეგანტური რეტრო „რეგთაიმი“ (ედგარ ლორენს დოქტოროუს რომანის ეკრანიზაცია) მხოლოდ ამყარებს წარმოდგენას მილოშ ფორმანის მოქალაქეობრივი და სოციალური კინემატოგრაფის შესახებ, სადაც არც მთავარი სათქმელია დავიწყებული, არც მსახიობი და არც თხრობის ფორმა. ჰოლივუდის მკაცრი კონკურენციის პირობებში, მაინც მოახერხა შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა და რაც მთავარია, არ დაკარგა კავშირი რეალობასთან, რომელიც დროსთან ერთად, სულ უფრო რთული გასაგები და მოსახელთებელი გახდა.

კრიტიკა იმასაც აღნიშნავდა, რომ 80-იანი წლებიდან, უფრო ზუსტად, „ამადეუსიდან“ მოყოლებული, მეინსტრიმისა და არტ-ჰაუზის ბალანსის დაცვა სულ უფრო რთული ხდებოდა. პიტერ შეფერის პოპულარული პიესის - „ამადეუსის“ ეკრანიზაციამ რეჟისორს „ოსკარის“ 11 ნომინაცია მოუტანა! საიდანაც რვა ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო ფილმის კატეგორფიაში. თუმცა საუცხოო ოპერატორული ნამუშევარი (მიროსლავ ონდრიჩეკი) მხატვრობა და კოსტიუმები (პატრიცია ფონ ბრანდენსტაინი) პლუს მოცარტის ოპერების ეფექტური თეატრალური „ნაკერები“ მაინც ჰოლივუდის მასშტაბითა და სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი. მოცარტის როლი რეჟისორმა უცნობ ტომ ჰალსს ანდო, ხოლო სალიერის როლისათვის ფ.მიურეი აბრაჰამმა „ოსკარი“ დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ გადაღებები პრაღაში მიმდინარეობდა, სადაც მილოშ ფორმანი ემიგრაციაში წასვლის შემდეგ პირველად ჩავიდა. ამან დადებითი ემოციური და ფსიქოლოგიური ფონი შექმნა ფილმის გადაღებისას, რასაც რეჟისორი მუდმივად გრძნობდა. კრიტიკოსთა ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების მიუხედავად, „ამადეუსი“ რეჟისორის მეორე და მნიშვნელოვან ტრიუმფად იქცა.

ფორმანის მომდევნო ფილმი „ვალმონი“ (შოდერლო დე ლაკლოს „სახიფათო კავშირების“ მიხედვით) სტივენ ფრირზის ამავე თემაზე შექმნილი ბრწყინვალე ფილმის ფონზე მოსაწყენი და უფერული გამოვიდა. ვერც მთავარი როლის შემსრულებლები - ანეტ ბენინგი და კოლინ ფერტი გამოიყურებიან დამაჯერებლად გლენ ქლოუზისა და ჯონ მალკოვიჩის ბრწყინვალე დუეტის ფონზე, თუმცა ფილმი უდავოდ საინტერესო დეტალებითა და სატირულობით გამოირჩეოდა. უბრალოდ, ის ცუდ დროს გამოვიდა და ამ რომანის უკეთესმა ეკრანიზაციამ „ჩაყლაპა“.

სამაგიეროდ, აშკარად კარგად და დროულად „გაისროლა“ 90-იან წლებში გადაღებულმა სოციალურ-ბიოგრაფიულმა დრამამ „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“, რომელიც „ჰალსტერის“ სკანდალური გამომცემლისა და ბიზნესმენის, ლარი ფლინტის ცხოვრებაზე მოგვითხრობს (მთავარ როლში ვუდი ჰარელსონი). 1997 წლის ბერლინის კინოფესტივალზე ფილმს მთავარი პრიზი - „ოქროს დათვი“ გადაეცა და სხვათა შორის, ამერიკულ ეკრანებზეც წარმატებით გადიოდა. ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თავისუფალი სიტყვისა და საზოგადოებრივი მორალის დაპირისპირება, სადაც ამერიკული საზოგადოების ბევრი პრობლემაა წარმოჩენილი.

მთლიანად ბიოგრაფიული „ანარკლებითაა“ აგებული მომდვნო ფილმიც „ადამიანი მთვარეზე“, რომელიც კომიკოს ენდი კაუფმანის უჩვეულო თავგადასავალზე მოგვითხრობს (მთავარ როლში ჯიმ კერი). ამ შემთხვევაში, რეჟისორისათვის მთავარი აღმოჩნდა სიკვდილის თამაშად, შოუდ გადაქცევის თემა, რომელიც თავის დროზე ბრწყინვალედ აქვს გააზრებული ბობ ფოსს მიუზიკლში „მთელი ეს აურ-ზაური“. მილოშ ფორმანის ბოლო ფილმი „გოიას აჩრდილი“ (2006, მთავარ როლებში - ხავიერ ბარდემი და ნატალი პორტმანი) უფრო თავად ფორმანის აჩრდილს წააგავს, თუმცა თეატრალურობისა და სიმძიმის მიუხედავად, ფილმში მაინც იგრძნობა ოსტატის ხელი და მასშტაბი.

ბოლო პროექტი - მიუზიკლი სახელწოდებით „გასეირნება, რომელშიც კარგად გიხდიან“ , მხოლოდ სცენაზე დაიდგა და რეჟისორმა  მისი ეკრანზე გადატანა ვერ მოასწრო. მილოშ ფორმანი 87 წლის ასაკში კონეკტიკუტის შტატში, ქალაქ დენბერიში გარდაიცვალა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^