დღეს მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სკოლიდან იმ სამი მოსწავლის გაშვებას მოითხოვენ, რომლებმაც, სავარაუდოდ, ამავე სკოლის მოსწავლეზე იძალადეს, ძალადობის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში ატვირთეს.
შემთხვევა შარშან, სექტემბერში მოხდა, თუმცა ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. მშობლები აცხადებენ, მომხდარს სკოლის მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ უწყება შსს-ს გამოძიების დასრულებას ელოდება. მათივე განმარტებით, სამინისტროს შემდგომი ქმედებები და საქმიანობა სკოლაში იმის მიხედვით დაიგეგმება, თუ რა გამოიკვეთება შსს-ს გამოძიების შედეგად.
სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მშობელმა, „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ პოლიცია მას უკვე დაუკავშირდა და გამოკითხვისთვის თბილისშიც იყო ჩამოსული.
„პოლიციამ თვითონ მომმართა. თბილისშიც ჩამოვედით. მპირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ერთი კვირაა უკვე და ჯერ ვერაფერს ვერ ვხედავ. უნდათ, რომ სახელი გაუტეხონ და უკეთებენ ასეთ რაღაცას. ნაცემია ბავშვი, დაძალებული აქვთ ასეთი სიტყვები, რომ ელაპარაკა და მერე ისევ უგრძელებენ ცემას და დარტყმას,“ - აცხადებს მშობელი.
20 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
157-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან/და გავრცელებას ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით.
მუხლი 140-ე კი სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, ისჯება 8-დან 10 წლამდე.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბერში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა.
შსს ბავშვზე ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელებაზე: დადგენილია ის პირი, ვინც ვიდეო ატვირთა
საქმის შესწავლა 20 აპრილს დაიწყო სახალხო დამცველმაც და მზადყოფნა გამოთქვა ითანამშრომლოს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან. სახალხო დამცველმა საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ ვიდეოს გავრცელებისგან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.