ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მთავარი მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული 80-მდე მუშა მესამე დღეა, გაფიცულია. გაფიცვის მიზეზი დაბალი ანაზღაურება და არასათანადო შრომითი პირობებია.
„ლიბერალი“ დაუკავშირდა შპს კორპორაცია „სინოჰიდროს“ ფილიალის იურისტს, ბადრი ღაღაიშვილს. მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ მუშებს, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„მე პირადად არ ვყოფილვარ, ვიქნები დღეს საღამოს, ან ხვალ, შევხვდები. მიდის ამ საკითხზე მსჯელობა, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის“,- განაცხადა ბადრი ღაღაიშვილმა.
„ლიბერალი“ დაუკავშირდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს. როგორც დეპარტამენტში განაცხადეს, მოიკითხავენ არსებულ პრობლემას, შეისწავლიან და გააკეთებენ შესაბამის განცხადებას. მათი თქმით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის პირდაპირ ვერ ჩაერევიან.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მთავარი მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული გოჩა კორკოტაძე ამბობს, რომ მძღოლებისთვის ანაზღაურება დღეში 18-20 ლარია, მუშებისთვის კი - 16-18 ლარი. გარდა ამისა, მისი თქმით, მუშებს არ აქვთ დასვენების დღე. იმ შემთხვევაში, თუკი დაისვენებენ, მათ ხელფასიდან აკლდებათ თანხა; მუშაობენ დღეში 10 საათის განმავლობაში და არ აქვთ სამედიცინო დაზღვევა.
გოჩა კორკოტაძის თქმით, გაფიცული მუშები მოითხოვენ ანაზღაურების მომატებას და თვეში 4 დღე დასვენებას.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მთავარ მაგისტრალს ჩინური კომპანია შპს კორპორაცია „სინოჰიდროს“ ფილიალი საქართველოში აშენებს. სამშენებლო სამუშაოები შარშან, დეკემბერში დაიწყო.