თბილისის საქალაქო სასამართლო ინდმეწარმე ანი გაჩეჩილაძის მიმართ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა, რომლითაც მერია მიიჩნევს, რომ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვა და მისი რეკლამა არაეთიკურია.
სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა 4 მაისამდე გადადო.
თბილისის მერიამ „ქართული იდეის“ განცხადების პასუხად, ინდმეწარმე ანი გაჩეჩილაძის მიმართ (კომპანია „აიისას“ დამფუძნებლის“) რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების შესაძლო დარღვევისათვის შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ოქმი განსასჯელად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნება.
გიორგი მშვენიერაძე, რომელიც სასამართლოში „აიისას" ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ პროცესზე თბილისის მერიისგან „გამაოგნებელი არგუმენტები" მოისმინა, რომ „კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვები უნდა იყოს".
„ოპონენტის მხრიდან მოყვანილი იყო სრულიად უსუსური განცხადებები, მათი პოზიციონირება ხდებოდა მორალის და სუბიექტური ხედვების ხარჯზე, რაც, დამეთანხმება საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომ არის არარელევენტური“,- განაცხადა ინდმეწარმე ანი გაჩეჩილაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მერიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე შეადგინა.
მუხლი რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის, აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევას ითვალისწინებს. წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.