
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავტომობილების შესაძენად ორ ძვირადღირებულ ტენდერს აცხადებს.
ერთი ტენდერის ღირებულება 530 000, ხოლო მეორის - 1 448 000 ლარია.
ტენდერების მიხედვით სამინისტროს 40 ავტომობილის, 30 - ბენზინის ძრავიანი, ხოლო 10 - ჰიბრიდის შეძენა სურს. უწყებას უნდა, რომ ეს მანქანები იყოს:
არანაკლებ 2018 წელს გამოშვებული
გარბენი: არაუმეტეს 50 კმ;
ოთხივე ელექტროშუშით:
ალუმინის დისკებით;
კონდიციონერით;
აუდიო სისტემით;
საჭის გამაძლიერებელით;
ABS - ით (მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა);
ავტომობილის სტაბილურობის კონტროლით (ASR, VSR ან ESP/ESC);
საჭის სიმაღლის მარეგულირებელით;
საჭე მარცხნივ უნდა ჰქონდეს;
ძარის ფერი - ლურჯი;
ნაჭრის სალონი (მუქი ფერის);
უკანა საქარე მინის ელ.გათბობით;
პრემიერი: დროა, შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი უნდა ვთქვათ
ლურჯი ავტომობილების შესაძენად გამოცხადებული ტენდერის საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში „ლიბერალს" განუმარტეს, რომ მათ ბალანსზე რიცხულ ოპერატიული საქმიანობისთვის განკუთვნილ 40 ერთეულ მსუბუქ ავტომობილს საგარანტიო და საექსპლუატაციო ვადა ფაქტობრივად უკვე ამოეწურა. ამასთან, 2018 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულო ხდება.
„უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო სამსახურის ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი, ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული შემოწმებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს. შესაბამისად, საჭირო გახდა საგამოძიებო სამსახურის ავტოპარკის განახლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადდა ტენდერი საგამოძიებო სამსახურისთვის მსუბუქი (სედანის ტიპი), მათ შორის ჰიბრიდული, ავტომობილების შესყიდვის თაობაზე.
ძველი, მწყობრიდან გამოსული ავტომობილები, შემდგომი რეალიზების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცემა", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
ამასთან, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებენ, ლურჯი მათი კორპორაციული ფერია.