
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილე ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გამოვიდნენ და მათ არანაირი კავშირი აქვთ ნარკოტიკებთან.
„ ეს ახალგაზრდები არიან ამ ქვეყნის მომავალი. ერთ რამეს გეტყვით ძალიან მარტივად: როდესაც მე მომიწია მათთან საუბრის შემდეგ პარლამენტის შენობაში ყოფნა, იქ იმდენი ნაცნობი სახე და ნაცნობი ახალგაზრდა ვნახე, რომ ჩვემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო.
ისინი არიან ძალზედ წარმატებული და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი კავშირი აქვთ ნარკოტიკებთან. მათ მართლა გამოხატვის თავისუფლება აღელვებდათ ყველაზე უფრო. ეს იყო აქტიური ნაბიჯი გადადგუმული თავისუფლების, როგორც უნივერსალური ფასეულობის დასაცავად,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ ღამის კლუბებში პოლიციის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ლეგიტიმური იყო, ხოლო ბოდიში იმ ადამიანებს მოუხდა, ვისაც იმ საღამოს გატარება კლუბში ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ეს ვერ შეძლო.